ქუჯი


მოასხმარტალებს კალმახს ტეხურა,
ფსკერზე ლაყუჩებს ბერავს ქაშაპი;
შენს ციხეს მშვიდი ცა რომ ეხურა,
დღეს აღარ შერჩა აღარც ფასადი.

ეჰეი, ქუჯი, მღელვარე სისხლი
წამოაჩქროლე ძარღვში ერთგულად
და სიყვარული აწონე მისხლით,
რათა მოყვასი არ დაგეთრგუნა.

ქართლოსის მოდგმის გენი და ჯიში
დააახლოვე მეფის გვირგვინთან,
წარბშეუხრელად, ჭირსა და ლხინში,
ფხიზლობდი, მტერი გარს რომ გვივლიდა...

ასე ზვიადი ეგრისის ქედი,
მუხლებზე ფურცლავს გრძელ მატიანეს,
როგორც გრიგალში გაშლილი თმები...
დრო წლებს იოლად გაატიალებს.

წამოქაფდება ერთხანს ენგური,
გაღმა ცხენისწყალს გასძახებს, ცბიერს;
ქაჯთა ქალაქთან, მეფის ერთგული,
შენ სატევარსაც ვერ გააციებ!

ეჰეი, ქუჯი, ეიმედები!
სამარას ძმისწულს ელის არტანი,
შენ ერთობისთვის კლდის ქიმზე დგები,
ქართლიც არ არის აზოს ამტანი...

და ფარნავაზის დიდება ითქმის,
ანი და ჰოე სხივცისკრობს ტალღად,
,,არ იზრახვისო მას შემდეგ" თითქმის,
სხვა ენა ქართლში ქართულის გარდა.

მოასხმარტალებს კალმახს ტეხურა,
საუკუნეებს მხრებით ამზევებს;
მინდა სამშობლოს ზეცა მეხუროს
და ვლოცულობდე, როგორც მეზვერე.

ეჰეი, ქუჯი, გვჭირდები დღესაც,
რომ ორგულობის არ გაჩნდეს ხინჯი;
ვნატრობ, რომ მივწვდე კოლხეთის ზეცას,
დაბლა დავკოცნო ეგ ჯიხაქვინჯი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი