ჭადარი (ვუძღვნი ჩემს მშობლებს)


იქ, განაპირას, ეზოს ზღვარზე იდგა ჭადარი
და ბუმბერაზი ამაგრებდა ძველ,  ფიცრულ ღობეს;
ხვატში საჩრდილოს, აწვალებდა ზოგჯერ ავდარი,
თუმცა თქეშშიაც არ კარგავდა ძალას და ღონეს.

და შრიალებდა ჭადრის ძირში, ღობის გადმოღმა,
გადაფოთლილი ალუბალი, კეკლუცი, ნორჩი;
სხვა მსხმოიარე ხეებს ჰქონდათ შური და ბოღმა,
რომ სილამაზე დაებედა, ბუნების მორჩილს.

შემოდგომაზე, ოქროსფერი ფოთოლი ჭადრის,
ტოტს რომ სწყდებოდა  და ბარათებს აყრიდა თავზე,
ალუბლის ყვითლად მოელვარე ფოთლების ჩადრიც 
ძირს ეშვებოდა და ცივ ზამთარს იწვენდა მკლავზე.

მაგრამ სიყვარულს რას დააკლებს   სიცივე, სუსხი,
მეტადრე, თუკი აკავშირებს მათ ფესვებს წლები?!
ჩახვეულები ჩაითვლიდნენ დღეებსაც ნუსხით,
თრთვილის საბანზე ციმციმებდა მზის სხივთა თვლები.

განსაკუთრებით გაზაფხულზე, კვირტის ტკაცუნზე,
რომ ეყრებოდა ბატონები ალუბალს თეთრად,
თავნება ქარის და საფურცლო წვიმის წკაპუნზე,
ენამებოდა მთელი ტანი კაბასთან ერთად.

თითქოს მკლავს ხვევდა ჭადარი და რტოებს ფარავდა,
არ შეხებოდა თავაწყვეტილ ქარის სიავე,
რომელიც კვირტებს სანაყოფე ყუნწებს პარავდა;
ჭადრის ეს ზრუნვა წლებს უძლებდა, როგორც სიამე.

ოთხი კვირტობა და ლამაზი წლების აკიდო
შემოაცვდათ და გაილია, სიცოცხლის დარად
და როცა გინდა, წლებსაც ბევრი სითბო აჰკიდო,
სწორედაც, მაშინ გაუხუნდა ფოთლები ჭადარს.

ტოტებმა მსხვრევა და მერქანმა დაიწყო ხმობა,
დაუძლურდა და გაილია თითქოს ერთ დღეში,
თვალცრემლიანი ალუბალი ისევ უხმობდა
და მჯიღს იცემდა, როცა ქარიც მოთქვამდა ხვნეშით.
*
...ჩიტები ისევ შემოუსხდნენ ზაფხულზე, მორცხვად,
ჩამომწიფებულ ალუბლებით ჩაიტკბეს პირი
და ძველებური მასპინძლობით დაუხვდა, როცა
იდგა მწუხარე, ტოტდახრილი და მოწყენილი.

ერთგულ მცველსაც ხომ არ ჰყოლია ქვეყნად ბადალი...
მზემ გადარუჯა და ალუბლის გაჭირდა ცნობა;
იმ წელს, როდესაც აღარ იყო ხე, ნაჯაფარი,
ლოყაღაჟღაჟა ალუბალმაც დაიწყო ჭკნობა.

და მენატრება ეზოს ზღვარზე მდგარი ჭადარი!

მარი თაბაგარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი