*** (თმაგიშერ-თვალგიშერ-ალვისტანიანო)


* * *
თმაგიშერ-თვალგიშერ-ალვისტანიანო, 
ვლაღობდი, ვხარობდი ბარში.
მთიდან სითამამე უნდა წამოგეღო,
ფიქრები გაგენდო მაშინ...
იქნებ მოვდიოდი, მთები დამელაშქრა,
მწვერვალის მეძებნა კვალი,
სოფლის განაპირას ოდაში მეცხოვრა, 
ღამის ბნელს შევბმოდი კვარით...
მაგრამ არც შენ იყავ ზღაპრის უფლისწული,
ვერც მე ვიდედოფლე მარტომ
და დღეს შენს გიშრის თმას ვერცხლი შეერია,
წლები არ გვინდობს და გვათოვს.
შენ მთის სიდიადე დაგაკლდა უცილოდ
და დავრჩი ოცნების გოგოდ...
შენ მწვანე თვალები გიყვარდა ამ ქალის,
რითმები გხიბლავდა როგორ...
ახლაც ვწერ, ახლაც გწერ, მაგრამ გვიანია, 
მეშემოდგომები უკვე.
ჩემთან გაზაფხული ახლაც დანავარდობს, 
მაგრამ ვერ გპატიობ უთქმელს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი