ჩემი მთაწმინდა


ვინ მოიგონა
ევერესტის დიდი სიმაღლე,
ვინ გააოცა
ჯომოლუნგმის კალთის ციცაბომ?!
ქართველი ვარ და
გამაჩნია სულ სხვა სიმართლე,
არ შემიძლია,
ეს სიდიდე როგორ ვიწამო.

რა ევერესტი,
რა ჩოგორი, რა კაჩეჯანგა,
როცა სამშობლოს 
ეხიდები როგორც ტარიგი.
არ შეუქმნია
ქვეყანაზე ჯერ გამჩენს სხვა მთა,
ჩემს მთაწმინდაზე
მაღალი და უფრო ნატიფი.

აქ მეგებება
ჭავჭავაძის ნაზი ასული,
დიდი ილიას
მირონცხებულ სიტყვის გენია,
ვაჟა-ფშაველა,
ყველა მთაზე მაღალი სულის,
ბარათაშვილიც,
ყიფიანიც აქ ასვენია.

აქ ქაქუცაა,
იაკობი, დიდი აკაკი,
,,მთაწმინდის მთვარეს" 
თითქოს გალობს გალა სტიქარში,
შემოქმედების 
გენია დუღს, თანაც რაკრაკით
მიედინება
ცისკენ, მაღლა, გალაქტიკაში.

მთის მწვერვალზე დგას 
მადლიანი მამა დავითი,
ტაძრის გუმბათი
გვირგვინად აქვს მგოსანთ სავანეს,
ფართოდ გაშლია 
ზეციური მხარი, ლავიწი,
სულით ცის ახლოს, 
მაგრამ შორი როგორც სამარე...

რა ჯომოლუნგმა, 
მე სიმაღლეს ვზომავ სხვაგვარად;
უფალმა ჩემი
საქართველო ნიჭით დაწინდა.
ბუმბერაზები
დაიტია, ნეტავ, რაგვარად?!
უკიდეგანოდ
მაღალია ჩემი მთაწმინდა!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი