მავთულხლართებში
ამტკივდა უკვე მერამდენედ, თანაც ძლიერად, მოგლეჯილი და აკუწული მიწის იარა; შენ რომ მიყურებ, მეზობელო, ასე ცბიერად, მე უამრავი საუკუნე ტვირთით ვიარე. ვერ დავისვენე, ვერ ჩავიმუხლე, არ მქონდა მოცლა, მტერს თუ მოყვარეს კარს ვუღებდი გულით ალალი, გესლით და შხამით არ დაინდეს ჩვილები მუცლად, ჯარით და ჯვარით რომ დავუხვდი ურიცხვს მრავალი. რჯულის სახელით ძმობის ნიღაბს აფარებული, რამდენი წელი სისხლს სრუპავდი ჩემი ვენისას, არცერთი დღითაც არ ვყოფილვარ გახარებული, რადგან გაქრობას მიპირებდი ეროვნებისას... მეხმარებოდა დედა ღვთისა როცა კემსვაში, მამთლიანებდა და ისევე ვკარგავდი მიწას. როგორ მტკიოდა, ხან მჭრიდი და ხანაც მჩეხავდი, იარაზედაც რომ მაყრიდი მარილს და ქვიშას. შენმა რამდენჯერ გამიმეტა მუხთალმა ჩვევამ - გადამიარე, გადამთელე, გამაპარტახე. ხომ წამოვდექი?! ვიღაც მაინც წამომეშველა და სამუდამოდ განვეშორე შენგან არტახებს! ვიყავ ამაყი და მართალი ვიყავ ღმერთთანაც, სხვისი არასდროს მომიმკია ზვრები და ყანა, მენელსაცხებლედ მომევლინა ბევრი ქვეყანა თუმცა სულ ყველას ჩემი მიწა შემოეყვარა. ძმას მიწოდებდი და საფლავებს მიმრავლებ გმირთა, ვაჟკაცთა მკერდზე დამილაგე დიდი ლოდები, მავთულხლართებში ჩახლართული ,,ძმობიდან" გიცან და ღვთის სამსჯავროს ძმობის განსჯით დაველოდები!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი