დამიბრუნე
თუთით ფართოდ მოთხუპნული პირი და მიწაზე გათხაპნილი თუთა. ხის ტოტებზე დაწყვეტილი ღილი, კენწეროზე შიშნარევი სუნთქვა... მინდვრის ცვარი ნამავს კაბის ბოლოს და ფრიალებს საბალახე ზვრებში. თვალი ამ დროს წიგნის ფურცლებს გლოვობს და ნახირი სიმწვანეში ხვნეშის. ჭალის სურნელს მოყოლილი გრილი სიო, როგორც ამ სამყაროს სუნთქვა. ახლაც მინდა, გავიღვიძო დილით და მამიკოს საიდუმლო ვუთხრა. ფარდულში რომ მინავლდება ცეცხლი, დედა პურებს ამოაკრავს თონეს; მებრაწება ლოყაცა და ხელიც, ხაბაზივით არ ვიშურებ ღონეს. საბძელში რომ მზისფრად ღვივის თივა, იმ თივაში ვემალები ჩემს დებს... ახლა წვიმა თვალებიდან მცვივა, დაბრუნებას რომ ვერასდროს შევძლებ წლების, სადაც მიმღეროდა დედა, მზრუნველ ხელებს ვუკოცნიდი დიდხანს. მაგრამ თქმასაც ვერა და ვერ ვბედავ, რომ ის წლებიც ამ სითბოთი მიყვარს. აღარ მწიფობს იმდაგვარად თუთა, აღარც კაბა მენამება ზვრებში, ანცი გოგო კი დამყვება მუდამ, ახლა ასაკს ითვლის ოღონდ ჩემში. აღარ მხვდება მამაჩემიც, როცა ალიონზე ფხიზელი მაქვს მზერა და თონეში გადაბრაწულ ლოყას ცრემლის ბურთი ჩამოსწყდება ნელა. ახლა ვეღარ ვითხუპნები თუთით, ვშარიშურობ აბრეშუმის ჭია. ღმერთო ჩემო, რა იქნება წუთით, დამიბრუნე... ბავშვობა რომ ჰქვია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი