დარდის ფერები
შავ მიწაზე მობარბაცებს შავი ღამე, მთვარის შუქზე ვერ ასწორებს ნაბიჯს. ქარს თუ უთხრა სასწაული ალბათ რამე, როგორც გიჟი ბოლო ხმაზე ბღავის. ახლა კაცი, უსახლკარო ეძებს ფარდულს, ბიჭუნას კი ჩაეძინა მშიერს; ხვალ ის ბიჭი კვლავ ჩამოჰკრავს ისევ ფანდურს ქუჩის ბოლოს, ხელს გაიწვდის ძლიერს. იმ ქუჩაზე გამოსული რესტორნიდან კაცი ტოვებს სიგარის კვამლს შუქზე. მიბარბაცებს შავი ღამის ესკორტით და მოღიღინეს ღიმი ადგას ტუჩზე. მითავაზა ქარმა მწარე ალიყური... არც მშია და თბილად უნდა დავწვე. მაინც სევდით უსაშველოდ გარიყული, საბნის კუთხით ცრემლებს ვიწმენდ ღაწვზე. ...... წუთებს, წამებს ერეკება ცივი ქარი, ციფერბლატზე ისრებს უცემთ გული. ყველას დარდით აბორგებულ ერთი ქალის ცრემლებს იშრობს ბალიში ბუმბულის... იქ ვიღაცა უსახლკარო თუ მშიერი, აქეთ ქალი ფიქრში ახრჩობს წამებს... ნაირფერად ღებავს დარდებს დრო ცბიერი, შავ მიწაზე მობარბაცე ღამეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი