მონატრება (ეძღვნება მამას)
მონატრება (ეძღვნება მამას) ვაბიჯებ ზღურბლზე, უშენობა მეფობს ჩვენს სახლში, მოხუცი დედა მეგებება: -მოხვედი, შვილო? მერე დამივლის მონატრება ჟრიალით ტანში და მაუძლურებს, ამ ცივ სევდას როგორ ვუშველო?!. ...დეკემბრის ღამე იდგა ცივი, ნერვდაწყვეტილი, როცა ჰაერი შეგუბდა და შთანთქა უკუნმა... და მოცელილი იმედების წელგაწყვეტილი ბედი წავიდა გულის გავლით, ხოხვით, უკუღმა... უწინ რომ ელვა მაშინებდა და ზეცის ჭექა, დეკემბრის ერთ დღეს ყველაფერი სულ ჩემი გახდა, ძაძით მოსილი ცა მიწაზე დავარდა ერთხანს და გულის შიგნით აწრიალდა ტკივილის მახრა. ახლა თუ უნდა, ცა შეიძრას, არ მეშინია, ააფრთხიალოს მერე გრგვინვით ფრთხილი გულები; ჩემი ფიქრები ზეციური მხოლოდ შენია, არ მეშინია, რადგან ცაში შენ მეგულები. ჩემში ჩასახლდა შენი ზრუნვის კეთილი კვალი, ფრთებს მაფარებდი, ფრთამოტეხილს ვემსგავსე მერე. ვერ დაგიბრუნე მე იმ ზრუნვის სულ მცირე ვალიც, სულშიც მტკიოდი, მაგრამ მაინც გამაძლიერე. ვაბიჯებ ზღურბლზე, უშენობა მეფობს ჩვენს სახლში. მოხუცი დედა სიყვარულით გვითბობს დღეს კერას. ადამიანებს არ გვცოდნია სიცოცხლის არსი, მოვდივართ, ვშობთ და უკვდავებას ამაში ვხედავთ... მოხუცი დედა მეგებება: - მოხვედი, ჩემო?.. მე კი თავს ვუქნევ, რადგან ჩემს ხმას მლაშე აქვს გემო და მერე ცრემლი თვალებს ისევ თავისად ჩემობს, ჩემო ტკივილო, გნატრობ სიზმრად, რომ მოგეფერო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი