ბოროტს სიყვარულით ვედავოთ (დედებს)


იყავი ფხიზელი,დედაო,
შენ შვილი გაჩუქა განგებამ. 
არასდროს არავის ედავო
თუ იმის არ უნდა გაგება,

რომ გულით ატარებ იმ ნდობას,
დედობა რომ ჰქვია სახელად.
(არასდროს ითხოვო შენდობა,
შვილს თუ გადააქცევ სასჯელად)...

არც ნანა დააკლო, იცოდე,
უმღერე იოგის წყვეტამდე,
იფხიზლე, იზრუნე, იბრძოლე
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,

რომ ვაჟს კარგ კაცობით ეხაროს,
ქალს არ შეერცხვინოს მანდილი
და მერე შვილები ეზარდოს
მამულიშვილები ნამდვილი.

ნუ დაგავიწყდება, უამბო
ჯავახეთს შემოსულ ნინოზე,
პეტრემ თუ იესო უარყო,
შენ შვილი ნათელჰყვე მირონზე.

უამბე დავითის გმირობა, 
ასტუმრე დიდგორს და ბასიანს,
თამარის დიდ გვარიშვილობას,
პორფირი ტყუილად არ სცმია,-

დემეტრეს განწირულ სიცოცხლეს,
გიორგის ბრწყინვალე გონებას,
თვითონ რომ დაშვრნენ და რომ ცხონდნენ
და ჩვენ არ გაგვყიდეს მონებად...

უთხარი, თევდორე რატომ სდუმს,
თაფლადაც დაუტკბი დადიანს.
იცოდნენ, რომ მათი სისხლი დუღს
ჩვენთან და სულით აქ დადიან.

და რომ ერთგულება ძალაა,
მოძმის სიყვარული ღმერთია,
ლამაზად მორთული სხვაცაა,
სამშობლო კი ერთადერთია.

შვილები ერისთვის განძია, 
დედისთვის სიცოცხლის სათავე;
ცხოვრება ძალიან მკაცრია,
ვის ალხენს, ვის კიდევ აწამებს.

ფრთები რომ გაშალო დედობით
და შეკრა ზეცაში კამარა,
,,ანის" და ,,ბანის" ნუ ენდობი,
ცარიელ ფურცლების ამარა.

უკითხე ილია და ვაჟა, 
მარტო ეს ეყოფა სულს საზრდოდ;
ვინც დედამ მათ ჰანგზე გაზარდა,
მოძმეს არ დაარტყამს არასდროს.

თანაც ეყვარება ფაქიზად
ერიც, ბერიცა და შვილებიც...
ამას გევედრები, ნუ იზავ,
არ ზარდო ბერბიჭაშვილები...

ბოროტს სიყვარულით ვედავოთ,
ცა რომ ჩამოგვიღვრის მზის ფერებს.
მე მკვლელს არ გამოვზრდი, დედაო, 
შენც გაუფრთხილდი ჩემს ნაფერებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი