*** (მამშვიდებს თითქოს)


მამშვიდებს თითქოს აღსარების 
ფრთხილი ჩურჩული,
ოქროს ძაფებით შემკობილი 
ოლარის სითბო,
გუმბათს აჭრილი ტკბილხმოვანი 
საგალობლების
ხოტბა-ვედრება, ეს მშიერი 
სული რომ ითხოვს.
მახარებს მწირი მოწყალების 
იდუმალებაც
და სულიწმინდა გადმოსული 
გულში იებად.
მაშინებს ბარძიმს მიახლება 
და მდუმარებით
ვერ გახსენებულ ცოდვებს ვნანობ 
მეტანიებად.
მაფიქრებს რწმენა ჩატეული 
ნაქარგ მტევნებში,
მისი მხილველი მინდა ვიქცე 
ამ ვაზის ჭიგოდ.
დედა ღვთისმშობელს დავუკოცნო 
ხელის მტევნები,
მადლიან კალთას ხვიარებად 
მივეკრო მჭიდროდ
და როცა ჩემს თავს დავინახავ
უფლის თვალებში,
გამიწვიმდება სიყვარული
შვებით მთოვარი...
აღმსარებელი ვებრძვი ეშმას,
ჩემზე დაგეშილს,
ლიტანიამდე თავზე მადევს 
რწმენით ოლარი.
არ დავიღლები მე ღვთისმშობლის
ხატის ალერსით,
დიდი მადლის და სიყვარულის
ვარ მათხოვარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი