*** (მინდა მივწვდე)
მინდა მივწვდე ღრუბლის ფთილას, დაბლა წამოვიღო საბნად; დაგაფარო მერე ფრთხილად და მოგიყვე ლამაზ ზღაპარს; ჩაგეძინოს ისე ტკბილად, ხშირად გისინჯავდე მაჯას. მინდა ფაფუკ ღრუბლის ფთილას, შემოვეკრა ავგაროზად; ტუჩზე ღიმი გედოს დილას, ლექსს გიწერდე გასაოცარს; კითხულობდე რიხით, მშვიდად ჯერ ლექსსა და მერე პროზას... შენ არ გედედოფლო განა?! ფთილა მოვრთოთ მაქმანებით. დაგებედოს გულთა თანა უხვი გრძნობა სატარები. მე ჩავიცვა თეთრი კაბა, მკერდს მეფინოს ნაწნავები. მინდა გული ჩოხის კალთას მიგიბნიო ყაწიმივით, ხანჯალს ვერ იჭერდეს თასმა, დაფრინავდე არწივივით. სიხარულის იყოს განცდა, ივსებოდეს ყანწი ღვინით. გვყავდეს ხელის მომკიდედაც შენ მთვარე და მე თბილი მზე, სიყვარულის მომკის დღესაც ვარსკვლავებთან ჩავივლიდეთ, ლაღი ცეკვით, ყველა ერთად ტკბილ სუფრასაც გაგვიშლიდეს. --- თუმცა ქარი ჰყვება ვნებას, ღრუბლებს ფანტავს ავი სული, ეს ზღაპარიც გაილევა ფაფუკ გულში გახვეული. ჩემი განცდაც ლექსში ჩნდება რითმის თვლებად ჩაბნეული. მზეს სხივი ჰყავს თავის შვილად, ქარა-ფშუტას ავი ზრახვა... მაინც მოვწყვეტ ღრუბლის ფთილას, დაბლა წამოვიღებ საბნად, დავიფარებ ისე ფრთხილად, არსად მოგინდება წასვლა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი