შენ (შვილს)
შენით მიხარია გაღვიძება, შენით მიხარია სიცოცხლე, შენით სიყვარული შემიძლია, ფიქრშიც გეფერები იცოდე. გულში გაიშალე ყვავილივით, გოჯიც არ დაუთმე არავის, ისე ამოავსე სიმარტოვე, მინდა, ასე მყავდე მარადის... იმედის მარცვალი გამიღვივდი, მუდამ იყვავილე, ჩემო, მე კი წყალს დაგისხავ პეშვებით, მყარი რომ გაგიხდეს ღერო. უფალთან სათხოვარი შენით მაქვს, სხვისით ვერ შევაწუხებ, გესმის? სხვის თვალში პატარა არსება ხარ, ყველა და ყველაფერი ჩემთვის! შენით ძლიერი ვარ უსაშველოდ, შენით მზესაც ვწვდები ცამდე, იცი, ვერაფერი შემაჩერებს, შენ რომ ბედნიერი მყავდე! ვერც შევძლებ ამ გრძნობის გადმოცემას, იმდენად იდუმალი ფერები აქვს; სუნთქვა ხარ, ცხოვრების ბედისწერა, მე შენთვის ლოდინიც შემძლებია... შენამდე რა იყო? არაფერი! დღეს ჩემს ღიმილში ხარ ჩაქარგული, მებედნიერები ცის იქითაც, ცამდე ფერებაში ჩაკარგული... გულს მატკენს შენ თუ რამე გეტკინება, სულში ყინულივით ავცრემლდები, წვიმად გადამაქცევ, შენ თუ მატკენ და მხოლოდ მაშინ დავბერდები!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი