გაზაფხულობით
გაზაფხულობით მდინარე რომ დაიღრიალებს და მოასკდება ჯებირებზე მოდებულ ხავსებს, ჩავიმუხლები, ფრთხილად დავკრეფ ჩემს ლილიანებს, თოვლს გამოქცეულს, სიმწვანეში ამაყად ნამზევს. და როცა ხიდან ლოლოები ჩამოვა ხსენად, ძუძუს თავებზე მოჟონილი თეთრი რძის დარად გამოიხედავს კვირტი, ნაზი ქალწულის ფერად და წამოსკდება, გადიქცევა თავნება ქალად. გარეთ ტკაცუნით იდედოფლებს ტყემლის კვირტები, ბუხარში ტკაცუნს გამიმართავს შეშაზე ალი... მე ახლა გნატრობ, ისე გნატრობ, ისე მჭირდები, ვერავის ხედავს, დავსებულა ნამისგან თვალი. გაზაფხულივით წარმოგიდგენ ნიაღვრის თქეშით, შენს ხმას ვადარებ მობუბუნე ქუხილის ექოს, მთელი სიცხადით ჩაგისახლებ ფრთხიალა მკერდში, რომ სიყვარული სიცოცხლეში უთუოდ გვეყოს... გამოგიგონებ ვნებიანი ღამის მაცდურად, საგაზაფხულოს აზრი ჰქონდეს ჩემს შენთვის ლოდინს; ნუ დამპირდები თეთრ ალმასებს სულის საცდურად, თვითონვე გავშლი ტყემლის ძირში ქათქათა ლოგინს. საბნად დაგვათოვს გადაშლილი კვირტის სითეთრე, მზე ადუღდება, დაეშვება სითბოდ, გვირგვინად. არ შემიძლია, თორემ მინდა, ახლა გიწერდე, თითქოს შენიდან კი არადა სულ მთლად მივდივარ... ...ველი გაზაფხულს, ვერ მაშინებს მე პერსეფონე და ვერც ქუხილით ვერ შემაკრთობს ჰერა და ზევსი, მე გაგაღმერთებ, გაგამეფებ ჩემს გულის მფლობელს, გაზაფხულივით მინდა დუღდეს შენდამი ლექსი. გაზაფხულობით მდინარე რომ დაიღრიალებს, მოგისაკლისებ, ფრთხილად დავკრეფ ჩემს ლილიანებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი