ალიაქოთის ამტეხი
მზის სხივებმა ძალიან შეაწუხა პატარა თენგო, თითქოს თვალდახუჭულს წამწამებზე ვიღაც წაეთამაშა. ჯერ რამდენჯერმე საწოლში შეიშმუშნა, მერე რომ აღარ მოეშვნენ, ხელიც მოიქნია. ამ ზედმეტმა მოძრაობამ კი მძინარე ბიჭი შეაშფოთა და თვალები დააჭყიტა. ჯერ საბანი მხოლოდ სახეზე გადაიძრო, მერე ხელებიც ამოყო, გაიზმორა. ,,უი, გათენებულა. ნეტავ ბებო სადაა. პირველად დავრჩი მშობლების გარეშე სოფელში და როგორ მიმატოვა სახლში მარტო?!“ გაიფიქრა გულში მწყრალად და საბნიდან ამოცოცდა. სასწრაფოდ მოკლე შარვალი ამოიცვა და ეზოში გავარდა. ბებო არსად ჩანდა. სამაგიეროდ მამალი დახვდა, რომელსაც წაეგრძლებინა კისერი და ირგვლივ შემოკრებილ დედლებთან ომახიანი ხმით იწონებდა თავს: -ყიყლიყოოოოოო! თენგოს დანახვამ მამალი კი გააჩუმა, მაგრამ დედლები აკაკანდნენ. მამალიც რის მამალი იყო, თავისი მრავალრიცხოვანი ქალბატონები არ დაეცვა. ბოლოსდაბოლოს ქარამხანაში ერთადერთი მამრი ცხოვრობდა, და მთელი სადედლეთი მის იმედად იყო. მანაც არ დააყოვნა. ისევ წაიგრძელა კისერი და ჯერ ნელა და დინჯად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მოწინააღმდეგე თენგოსკენ, თითქოს ძალებს სინჯავსო, შემდეგ კი შეშინებული ბიჭი რომ დაინახა, ფრთები შეაფართხუნა და ფეხს აუჩქარა. თენგომ ,,მტერს“ ზურგი აჩვენა და ისე მოკურცხლა, იფიქრებდით ფრთები მამალს კი არა მას ჰქონდა. თან გაჰკიოდა: - ბებიააააა! თენგოს ხმაზე ქათმები კრიახებდნენ და იდგა ერთი ალიაქოთი თამარა ბებოს ეზოში. ისიყო მამალი ეწეოდა და ზურგში უნდა ჩაფრენოდა,რომ ბებიას ომახიანი ხმაც მოისმა: -აქა ვარ,ბებო გენაცვალოს,არ შეგეშინდეს! პატრონის ხმაზე მამალი დარიგებულივით შედგა. -შენ მოისპი თუ ბავშვისა და დიდის გარჩევა იცოდე,- შეუტია მამალს თამარამ და აკანკალებულ შვილიშვილს მოეხვია,- არ გრცხვენია ბებო, მამალმა როგორ შეგაშინა ამხელა კაცი. შეხედე რა ერთი ციდაა. მუხლამდეც ვერ მოგწვდება,-თან მუხლებზე ხელი მოუსვა თენგოს,- უი, მომიკვდეს თავი, სულ სველი გაქვს შარვალი, ნუთუ ასე ძალიან შეშინდი, ბიჭო?!. -რა მუხლამდე. მამალს ფრთებიც აქვს და ფეხებიც. მე კი მარტო ორი ფეხი მაქვს. ის დიდი ნისკარტით იკბინება, მე კი... -სლუკუნებდა თენგო. -კარგი, ბებო გენაცვალოს, მე თამარა არ ვიყო თუ შენც არ გაკბენინო მაგ მამლისთვის, არ იდარდო! -არ მინდა, არ დაიჭირო, მაგის ბუმბულებს არ ვუკბენ!.. -აუწია ხმას თენგომ. -არა, ბები, ახლა არა. დვკლავ, შევბრაწავ და მერე.- გაიცინა თამარამ. თენგო ოთახში შეიყვანა, აბანავა, დიდ ნაჭერ პურზე კარაქი წაუსვა , ზედ ყველის ნაჭრები დაულაგა და თეფში მაგიდაზე დაუდო. უკვე დამშვიდებული თენგო გემრიელად შეუდგა საუზმის მირთმევას. მუდამ ცნობისმოყვარე ბიჭს კითხვების საღერღელი აეშალა: -ბებო, მამასაც ეშინოდა ბავშვობაში მამლების? -არა, ბებო, საშიში არაა მამალი. არ უნდა მიხვდეს, რომ გეშინია. ჯოხი რომ მოგექნია, დაფრთხებოდა. მამაშენს არაფრის ეშინოდა. -რატომ მატყუებ ბებო?- ტუჩი ღიმილით აუთამაშდა თენგოს. -ტყუილს ვიკადრებ ამ ხნის ქალი? რატომ უნდა მოგატყუო. არ ეშინოდა! იქეთ ეშინოდა მამაშენის ყველას და ყველაფერს! -ამაყად უთხრა თამარამ და თითქოს ნდობის მოსაპოვებლად თვალებში ჩააცქერდა . -აბა,დედა რომ ეუბნება-ხოლმე, მშიშარა ხარ, ურისკო და უნიათო. ვერაფერს მიაღწევ ერთი ადგილი თუ ტკეპნეო?!. თამარას ფერი დაეკარგა, ყბა აუთამაშდა. როგორ უნდოდა ახლა, ამ წუთას ამ სიტყვების ავტორი, მისი რძალი მჯდარიყო თენგოს ადგილას. შვილიშვილთან არაფერი შეიმჩნია: -ეხუმრება ალბათ, ბებო გენაცვალოს. -არა, ბებო, ისეთი სერიოზული სახე აქვს-ხოლმე, ხმას ვერ ვიღებ შიშისგან, რამე რომ ვკითხო... -თენგო, შვილო, ხშირად ადამიანები ერთმანეთზე რომ ვბრაზდებით, ისეთი რამ წამოგვცდება, მერე ვნანობთ, ოი, ეს რამ მათქმევინა. ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ გავცხარდი, შეურაცხყოფას არც ვაპირებდი, უნებურად მომივიდა და კიდევ ბევრი რამ. გვავიწყდება, რომ უფალმა პირში ენა რომ გამოგვაბა სამეტყველოდ, თავში ტვინი ჩაგვიდო სააზროვნოდ. ენის წინ კბილები დაგვიყენა, რომ ზედმეტი არაფერი გადმოგვცდეს და ტვინის ასამუშავებლად ყოველდღიური სწავლა-განათლება დაგვიწესა. მაგრამ ხდება ისე, რომ სიბრაზე ყველაფერს გავიწყებს და ვეღარ ვმართავთ უფლისგან ნაბოძებს... ვინც ამ ყველაფერს საერთოდ ივიწყებს, უტაქტო და უზრდელი რჩება მთელი ცხოვრება... -კარგი რა ბებო, რა ჩემი მასწავლებელივით მელაპარაკები. როცა უცებ წამოცდებათ, მეორედ ხომ აღარ იმეორებენ. დედა კი ხშირად ეუბნება.- თქვა თენგომ ამაყად და ბოლო ლუკმა კარაქიანი პური ჩაიდო პირში. -მოდი, ნუ ჩავერევით მათ საქმეში. ჩვენ ახლა სადილი გავაკეთოთ.- ისე იყო თამარა მოცელილივით სკამზე მისვენებული, სადილის თავიც აღარ ჰქონდა. -ბებო, მე ველოსიპედით მინდა ვიარო და ეზოში მამლის მეშინია. ახლა მე გამომყევი და სადილი როცა მოგვშივდება, მერე გააკეთე. -რას ამბობ, შვილო, მერე უეცრად რას მოვასწრებ. ახლა სადილი გავაკეთოთ და ველოსიპედით მერე ჭიშკარს გარეთ გაგიყვან, დიდ გზაზე. მამაშენიც იქ დადიოდა-ხოლმე. -მამა როგორ დადიოდა, ველოსიპედი არ ჰქონდა. -გოგა ბიძიას ჰქონდა და ის ათხოვებდა-ხოლმე. შენ რა იცი, რომ არ ჰქონდა? -დედამ უთხრა, არაფერი სათამაშო შენ არ გქონდა და რას განვითარდებოდი, ამიტომ ხარ ტვინდახშული და ვერ იგებ რას გეუბნებიო. რას ნიშნავს ბებო დახშული? თამარას ბოლო კითხვა აღარ გაუგონია. გაცხარდა: -მამას ველოსიპედი არ ჰქონდა, მაგრამ იმდენი წიგნი ჰქონდა, ველოსიპედისთვის სად ეცალა. დედაშენი რომ კაფეებში ყავის დასალევად დარბოდა, მამაშენი მესამე დიპლომს იღებდა მაშინ...- თამარას ნერვებმა უმტყუნა. პირველად თქვა რძალზე სასაყვედურო სიტყვა. -უი, ბებო, დიპლომი რა არის? -განათლების დამადასტურებელი საბუთია, შვილო... -და ბალიშის ქვეშ ამოსადებია ხომ ეგ საბუთი?! თამარას მუხლებში ძალა გამოეცალა, სისუსტე იგრძნო. -ვაი, ჩვენი ცოდვა,-ჩაილაპარაკა და კაბის კალთით ცრემლი ჩუმად მოიწმინდა: -ესეც დედამ თქვა? არა, ბებო, დრო მოვა და სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსება... მამაშენს რომ უყურებ, მისნაირი განათლებული ცოტა თუ დადის საქართველოში. სამსახურიც კარგი უნდა ჰქონდეს და მანქანაც ემსახურებოდეს. მან კი თავისი ხელფასით საკუთარი მანქანაც ვერ იყიდა. -ჰო, დედა დასცინის ხოლმე, როდემდე უნდა იმუშაო ამ კაპიკებზე, ფეხსაცმელს ცვითავ ტყუილადო. -რა მესმის ეს! შეუჭამია ცოცხლად! ფეხსაცმელს ცვითავს თორემ მაგ ყიდულობს-ხოლმე!- განწირული ხმით იყვირა თამარამ. -აბა, ვინ ყიდულობს ბებო? მამაჩემმა გიყიდა ფეხსაცმელიც თორემ ცალ-ცალი კალოშით ჩამოხვედი სოფლიდანო... -რაო?- ნერვებს ძლივს იოკებდა თამარა,- მერედა თუ ასეთი უქნარა, ტიტველ-შიშველი და განუვითარებელი იყავი მე რაღას მოგყვებოდიო, თუ კალთები დაახიეს? -ჰოო, სულ წუწუნებს, თვალები რომ არ დამბრმავებოდა, შენ როგორ გამოგყვებოდიო. ერთხელ მამას ვკითხე, დედა რომ ცოლად მოიყვანე, ბრმა იყო და ვერ ხედავდათქო? მამამ ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე გაეღიმა და მითხრა, ბრმა იყო და მე ავუხილე თვალებიო. ვერ გავიგე, ბებო, დედა მართლა ბრმა იყო და სათვალითაც ვერ ხედავდა? თამარას უკვე აღარაფერი ესმოდა,მარტო იმაზე ფიქრობდა, ტელეფონით გაერკვია ეს ამბავი თუ პირადად დადგომოდა თავზე შვილს და რძალს. მერე ჩაილაპარაკა, ბრმა მე ვყოფილვარ ამდენი ხანიო და ფეხზე წამოდგა: -თენგო, შვილო, ჩაიცვი ჩქარა, თბილისში მივდივართ! -სად მივდივართ? -თბილისში! -ბებო, არდადეგები მაქვს და გუშინ არ ჩამომიყვანა მამამ? -ჰოდა ის მამა უნდა ვნახო, სიტყვას რომ არ დაძრავს-ხოლმე ჩემთან. ...და დედაშენიც!- დაამატა მრავალმნიშვნელოვნად. თენგომ ბევრი ვერაფერი გაიგო,მაგრამ ცოტა კი დაფიქრდა. ბებოზე ადრე ჩაიცვა და კართან დადგა. თამარაც მოემზადა, მეზობელს პირუტყვი და ფრინველი ჩააბარა, საღამოს დამიბინავეო და 12 საათიან სამარშრუტო ტაქსს გაჰყვა თბილისში. შუადღე იყო, თამარა შვილის კორპუსს რომ მიადგა დიღმის მასივში. ლიფტის ეშინოდა და მეშვიდე სართულამდე ძლივს ხვნეშით აიარა კიბეები. ზარი დარეკა. -ვინ არის?-მოესმა რძლის ხმა და კარიც გაიღო. ნანა ცოტა შეცბა: -რა მოხდა, ხომ კარგად ხართ? თენგო, დედიკო, რა დაგემართა?-დააყარა გაოცებულმა კითხვები დედამთილს და შვილს. თან ხედავდა, რომ ორივე საღსალამათი და ჯანმრთელი ჩანდნენ. ხმას კი არცერთი იღებდა. ისევ ნანა გამოცოცხლდა: -შემოდი, დედა, შემოდი. თენგომ გაგაბრაზა თუ ვერ გაჩერდა უჩვენოდ და იტირა. რატომ არ მითხარი ტელეფონზე. ასე აღარ გაგაწვალებდი. მე და გურამი ჩამოვიდოდით მანქანით. ოთახიდან გურამიც გამოვიდა: - დედა?!-გაოცებულმა ჩაილაპარაკა,- ხომ მშვიდობაა? -კი, შვილო, ჩემთან მშვიდობაა. თქვენთან, აქ რა ხდება? -ამოიღო ძლივს ხმა თამარამ და შვილს და რძალს შეხედა. -აქ რა უნდა ხდებოდეს, დედა, გუშინ არ გნახე სოფელში თენგო რომ ჩამოვიყვანე და გესაუბრე?! ცუდად ხომ არ ხარ?- გაიკვირვა გურამმა. -მე ვარ ცუდად თუ... -აღარ დაასრულა თამარამ. -დაჯექი დედა, წყალი დალიე, დაღლილი იქნები. გეშიებათ კიდეც. თენგო, ბებო არ მოაწყინო, მე სუფრას გავშლი. -მერე ქმარს მიუბრუნდა ნანა,- გურამ, საყვარელო, სამზარეულოს მაგიდაზე შენი პროექტის ნახაზებია გაშლილი. მისაღებში მაგიდა გამომაწევინე, გთხოვ. თამარა გაქვავებული და ხახაგამშრალი იჯდა და თავის გაჩენას წყევლიდა გულში, როგორ დავუჯერე და ავყევი ამ ერთი ციდა ბავშვის ენასო. ცოტა ხანში ნანა ისევ ღიმილით შემოვიდა ოთახში: - დედა, წამოდი, სუფრა გავშალე. ჩვენც არ გვისადილია. გურამი საქმიანობდა და არ შევუშალე ხელი, არ მოვაცდინე. თენგო, დედიკო, მოდი შენი საყვარელი ხორცის ღვეზელიც გამოვაცხვე! სუფრას მიუსხდნენ. ყველას რაღაც დაძაბულობა ეტყობოდა. თენგოც გრძნობდა ამას და ხვდებოდა, დამნაშავე იყო. იცოდა, რომ გრძელი ენა ჰქონდა (ესეც ბევრჯერ მოისმინა დედისგან) და მისმა ნალაპარაკებმა ააღელვა თამარა ბებოც. თუმცა ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რა თქვა ასეთი საშინელება. ყველაფერი ხომ მართლა მოისმინა... სიჩუმე ისევ გურამმა დაარღვია: -დედა, აღარ იტყვი, რას მივაწეროთ შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სტუმრობა? -რა იყო შვილო, თუ არ გესიამოვნა, ახლავე ავდგები და წავალ. -აბა, რას ამბობ დედა, ეგ რამ გაფიქრებინა!- გურამის მაგივრად შეიცხადა ნანამ და გურამს გახედა, რამე თქვიო. -გუშინ სოფლიდან წამოვედი, არაფერი გითქვამს. გვიან დავრეკე, არც მაშინ გიხსენებია აქ ჩამოსვლა, დღეს რა მოგელანდა, წუხელ სიზმარი ნახე რამე?- ირონიულად ჩაიღიმა გურამმა. თამარას პასუხი არ ჰქონდა. აქ ისეთი ურთიერთობა და სიტუაცია დახვდა, ვერ მოყვებოდა იმ ყველაფერს, რაც შვილიშვილისგან მოისმინა. დაიძაბა, ყველაფერს მოელოდა და ასეთ დახვედრას კი არა. თენგოსაც თავი ჩაეღუნა და ფიქრობდა, ახლა რომ ბებიამ მოყვეს, რაც მე დილით ვუთხარი, ალბათ დედა იყვირებს, მეც მიყვირებს, მერე მამა გაბრაზდება, ბებოც ისევ გაცხარდება, როგორც სოფელში... უეცრად ფეხზე წამოხტა: -დედა, სოფელში რომ არ ჩამოხვედი და მარტო მამამ ჩამიყვანა, ბებომ ინერვიულა ან ცუდადაა, ან ჩემზეა ნაწყენიო. მამასაც არ დაუჯერა და მგონი შენს სანახავად წამოვიდა. მეც ხომ მარტო არ დამტოვებდა... თამარამ ჯერ გაოცებისგან პირი დააღო, მერე ნელ-ნელა გაიღიმა, შენ გენაცვალოს ბებოო, ჩაილაპარაკა და რძლის მომღიმარ სახეს და ცრემლმომდგარ თვალებს რომ წააწყდა, მაშინ ღიმილისგან თვითონაც მთლად ყურებამდე მოხსნა პირი... ნანა ფეხზე წამოდგა, დედამთილს გადაეხვია, დედა, რატომ არ მითხარი, როგორც კი მოვიცლიდი, ჩამოვიდოდი, მანქანითაც წამოგიყვანდი. ასე როგორ შეწუხდი ჩემთვისო. სითბოსთვის სულ პატარა ყურადღების ნაპერწკალი უნდა ურთიერთობას, რომ იმ დიდ სიყვარულად გაღვივდეს, რაც იმ საღამოს კალმახელიძეების ოჯახში ენთო. ცალ-ცალი კალოშით ქალაქში ჩამოსული სოფლელი, სამდიპლომიანი გურამი, თავის პროექტს დასტრიალებდა. რძალ-დედამთილი კი ტელივიზორის წინ ტახტზე მოკალათებული, ტკბილად საუბრობდნენ, იხსნებდნენ ნათესავებს, ყვებოდნენ სოფლისა თუ ქალაქის ამბებს. ამ ლამაზი საღამოს ორგანიზატორი თენგო, მსგავსი ჰარმონიის შემხედვარე, ბედნიერების მწვერვალზე იყო. ეფერებოდა დედას, მამას, ბებოს. ძილის წინ მხოლოდ ერთი წინადადებით უთხრა რძალს და შვილს თამარამ, რომ თენგო უკვე 7 წლისაა და მასთან პირად პრობლემებზე ნუ ილაპარაკებთო. მეორე დილით ტკბილად გამოძინებული და რძლის მზრუნველობით განებივრებული თამარა ისევ იმ სამარშრუტო ტაქსში იჯდა, რომლითაც აღელვებული და აფორიაქებული თბილისში ჩამოვიდა. ახლა პირიქით, უკან ბრუნდებოდა, თანაც სულ სხვა განწყობით. ბედნიერება სახეზე დასთამაშებდა. ენაჭარტალა, ალიაქოთის ამტეხ ბიჭს კი თავი ბებიის კალთაში ედო და მშვიდად თვლემდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი