ნაპოლეონი


ოქტომბერია. გარემოს შემოდგომის სუსხი შეეპარა. მზეს ჯერ უქმე დღეები არ ჰქონია. თუმცა გაზარმაცებული ხანდახან თუ ააფახულებს თვალებს. თეთრ, ქათქათა ღრუბლებზე უდევს თავი და თვლემს. მერე თითქოს ახსენდება, დაღამებამდე შორიაო და თვალს ახელს, რომ ნახოს რას საქმიანობენ დედამიწაზე. ძლიერი, გამჭოლი მზერით აცქერდება ყოველ კუთხე- კუნჭულს. ეს არის ნეტარი წამი პარკში სასეირნოდ გამოფენილი ბავშვიანი დედებისთვის, სკამებზე ჩამომსხდარი მოხუცებისთვის და იმ პატარა ფისოსთვისაც კი, არხეინად რომ გაწოლილა ოდნავ შერუჯულ ბალახზე. მზის სითბოს მაინც სუსხი ერევა და კნუტიც ხანდახან შეწუხებული კოტრიალობს.
       კახასაც უსიამოვნოდ მოუღიტინა ცხვირის ნესტოებთან სიცივემ. ცხვირსახოცი ამოიღო, ასრუტუნდა. სამი საათია ქუჩაში დახეტიალობს. შესცივდა , მაგრამ უძლებს. უძლებს, აბა, რა, ის ხომ უკვე დიდი კაცია. ამას უმტკიცებს რამდენიმე კვირაა მშობლებს და ვერ გააგებინა. ახლა სრუტუნით და აკანკალებული ხომ არ მიბრუნდება სახლში, დედააა, შემცივდა, რამე მიშველეო. ნელ-ნელა კუჭიც თავს ახსენებს. ჯიბეებს იქექავს. ,,აუფ, მხოლოდ 5 ლარი და 60 თეთრი მაქვს."- ამბობს დანანებით. მერე ფიქრს აგრძელებს: ,,რა ვქნა, ეს ფული როდემდე მეყოფა, ან მართლა, სად წავიდე. მშობლებს რომ ვეჩხუბე და კარი გამოვიხურე, ვიფიქრე, ლაზარესთან გავათევ რამდენიმე ღამეს-მეთქი... რამ გააგიჟა დედამისი, ვერ ვხვდები. რომ დამინახა, კოპები შეკრა, ახლავე წადი სახლში, თორემ დედაშენს კი არა, პატრულს დავურეკავო. თითქოს რეციდივისტი ვიყავი. არადა ხომ ვიცნობ, როგორი ტკბილი ქალია. რამდენჯერაც მივსულვარ, თბილად დამხვედრია, ხან რით გამმასპინძლებია, ხან რით. ერთი კვირის წინ, მე და გეგა ლაზარესთან რომ მივედით, ისეთი კუბდარი გამოგვიცხო, ლამის თითები მივაყოლეთ... ჰო, მართლა, ნეტავ გეგა სადაა? ერთი ღამე რომ მასთან დავრჩე, როგორ არ მომაგონდა. ახლა სახლში მისვლას ყველაფერი მირჩევნია. ხომ მომაძახა მამამ, გამომივიდა აქ ნაპოლეონიო. ჰოდა, ნახოს ჩემი ნაპოლეონობა. უნდა შევძლო, უნდა გავუძლო! სულ მშობლების ჭკუაზე სიარული მომბეზრდა. ამ ზაფხულს მამას როგორ ვეხვეწე, მეგობრებთან ერთად ბორჯომში წავალ-მეთქი. აქით დედა გადაირია, უჩვენოდ სად წახვალ, თავი უკვე დიდი კაცი გგონია, ფრენა ისწავლეო? იქით მამამ, ხუთი ტვინგახურებული ღლაპი რას გააკეთებს იქ, მე რა ვიცი, ჭკუა არცერთს მოგეკითხებათო. არ მენდვნენ და ახლაც იგივე განმეორდა, წყნეთში წასვლაზე უარი მითხრეს. თან ჩამაცივდნენ, ფეხბურთის შემდეგ სად დადიხარ, უკვე მერამდენედ დააგვიანეო. როდემდე უნდა მაკონტროლონ და მათამაშონ მარიონეტივით. რა ბედნიერია ჩემი კლასელი გიო, არასოდეს უბრაზდებიან. მარტო იმას ეკითხებიან, სად იყავიო. წასვლითაც ყველგან უშვებენ. რატომ ენდობიან გიოს თავისი მშობლები და მე კი არა?.. ამაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ. სწავლით ხომ მე უკეთესად ვსწავლობ. არა, კი ვსწავლობ, ოღონდ სკოლაში არაფერს ვყვები. მერე ბიჭები დამცინიან, ღამე ალბათ წიგნებთან ჩაგეძინა, გენიოსო, რამდენი გიკითხიაო. არადა, რომ არ ვიკითხო, დედა მთელ კორპუსს მოთქმით აიღებს, ამისთვის ვშრომობთ და ვწვალობთ, ამისთვის დადიან ეს მასწავლებლები სახლში, ასე უქნარა და უპასუხისმგებლო გაიზარდოო?! მიყვარს წიგნის კითხვა, მაგრამ სკოლის წიგნები არა. კი ბატონო, მადლობელი ვარ მენდელეევის, ელემეტთა ამხელა პერიოდული სისტემა შექმნა, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! რატომ ვარ ვალდებული, ვისწავლო მისი გამოგონება და აღმოჩენა, თუკი არ მაინტერესებს? ქიმიის მასწავლებელმა რომ მისაყვედურა, მეათე კლასელმა წყლის და ჰაერის შემადგენლობა როგორ არ უნდა იცოდე, რას სვამ და რითი სუნთქავ, არ გაინტერესებსო? მეც გავბრაზდი და ვუთხარი, საჭმელსაც კი მივირთმევ, მაგრამ არც დედაჩემს ვეკითხები, კერძი რითი მოამზადა და არც კაფე-რესტორნების მზარეულებს-მეთქი. ისე დახარა თავი და სათვალის ზემოდან ამომხედა, მეგონა ახლა გამოექანება და კორიდას ხარივით მეცემა-მეთქი. კიდევ იცი რა მიკვირს? თაზოს ხომ ჯერ არცერთი გაკვეთილი არ ჩაუგდია, სულ სწავლობს და ყვება გაკვეთილს. არავინ დასცინის, ან თუ რამეს ეტყვიან, არც დარდობს... დადის თავისთვის. არა, არც ეგრე მინდა, ყველასთან კარგადაა, მაგრამ მეგობარი არ ჰყავს. გოგონებიც რა დაქალივით მოისვამენ-ხოლმე გვერდით. ან იქნებ ეს სჯობდეს ჩემს ნაპოლეონობას? მაგრამ არა! ლათინური გამოთქმაა და მართალია ეს - ,, Aut Caesar, aut nihil (ან ცეზარი უნდა იყო ან არაფერი)”. ჰოდა , ნახონ, მეძებონ ახლა. აქეთ შემეხვეწებიან, ოღონდ სახლში დაბრუნდი და რაც გინდა ის აკეთე, სადაც გინდა იქ წადიო. ჩემს სიტყვასაც ხომ უნდა ჰქონდეს ძალა. სწორად მოვიქეცი, ნაპოლეონმაც ხომ რაღაცით დაიწყო ძალაუფლებისკენ ნაბიჯის გადადგმა. ვაჰ, რას გადავეკიდე და ამეკვიატა ეს ნაპოლეონი, ან მამას რამ გაახსენა. უჰ, როგორ გემრიელად შევჭამდი ახლა ნაპოლეონს...- დიდი ნერწყვი გადაყლაპა კახამ,- მართლა ძალიან მომშივდა და თან შემცივდა. თითქოს მზეა, მაგრამ სუსხი აქვს. რომ შებინდდება, გავიყინები. გეგას დავურეკავ, ავალ მასთან და იქნებ ამაღამ იქ გავათიო. მერე მომძებნიან და მომიბოდიშებენ მშობლებიც. 
     კახა ტელეფონს იღებს. გეგას ნომერს ეძებს, რეკავს,- ვაააა, ანგარიშიც გამთავებია. რა ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. არ გინდა ახლა ხუთი ლარის გადანაწილება?! ისე, სულ მიკვირს, ხელფასს რომ მთელ თვეზე გადაანაწილებენ-ხოლმე. ეს მასწავლებლების თანხა , ეს - გადასახადების, ეს -გზის, ეს - საკვების... მერე სადღაც გარღვევა იქნება, დაბადების დღე, ქორწილი ან დასაფლავება გამოეჩხირება და გაუთვალისწინებელ ხარჯებზე წუწუნებენ... ეჰ,ყველგან ასე ხდება? დედა რომ გადაანაწილებს-ხოლმე, თან ამბობს, ნეტავ ოთარაანთ ქვრივის ბარაქა ჰქონდეს ჩვენს ქისებსაცო. ქისა სად აქვს, მაგრამ საბანკო ანგარიშზე ამბობს. ახლა ჩემს ჯიბეს არ აქვს ბარაქა. ერთ ლარს მაინც ჩავრიცხავ ტელეფონზე. 
    კახა სკვერიდან გამოდის, უკვე შეციებული ძლივს ადგამს ფეხებს. აპარატსაც პოულობს და  ერთ ლარს ანგარიშზე ირიცხავს. ისევ გეგასთან დარეკვას ცდილობს... ,,მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან", -ეს მინდოდა ახლა? არაუშავს, მოგვიანებით კიდევ დავრეკავ. მანამდე უნდა ვჭამო რამე, თორემ კუჭი გამიხმა.
     ქუჩის ბოლოში საცხობს ხედავს და გეზს იქით  იღებს. ო, რა მადისაღმძვრელად გამოიყურება ყველაფერი. ხაჭაპური 2ლ. 50 თ. ღირს, ლობიანი 1ლ. 50 თ. 
,,ხაჭაპური კი მირჩევნია,მაგრამ მოდი, დღეს ეკონომიას გავაკეთებ." 
-ქალბატონო, ლობიანი მომეცით!
- რამდენი?
-ერთი. თბილია ხომ?
-ცხელი. -გაუღიმა შუახნის ქალმა მადისაღმძვრელი ვიტრინის მეორე მხრიდან და ლობიანი მიაწოდა. 
    კახამ ისევ პარკს მიაშურა. ჩამოჯდა, ლობიანი გემრიელად ჩაკბიჩა. უჰ, როგორ ესიამოვნა. თან ცხელი... ახლა ტელეფონზე ანგარიშიც აქვს. საკვებმაც დაანაყრა. ჯიბეში კი თანხა შეუმცირდა. 3 ლ. და 10თ. დარჩა. საათს დახედა. რა დრო გასულა, უკვე მზეც მიმალვას აპირებს. სუსხმაც მოუმატა. ისევ გეგასთან დარეკვას ცდილობს. ისევ იგივე ხმა-,,ტელეფონი გამორთულია ან გასულია..."  ნეტავ სადაა გეგა?! ალბათ სოფელში წავიდა. სახლში რომც მივაკითხო, აზრი არ აქვს. სამგზავროც არ წამომიღია. გეგასთან გასვლაში კიდევ 50 თეთრი დამეხარჯება. სახლში რომ არ დამხვდეს, უკან გზაზე ისევ 50 თეთრი... თუმცა უკან სად მოვდივარ? ღამდება და თავშესაფარი ვერ მიშოვია."
    - ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ბატონო ნაპოლეონ, სახლიდან რომ გამორბოდი! - საყვედურობს საკუთარ თავს და ფიქრს აგრძელებს:
   ,,ახლა რომ სახლში დავბრუნდე, დედის წივილ-კივილის მოსმენა არ გინდა? მამისგან ნოტაციების კითხვა კი მეორე უკიდურესობაა. არა, უნდა გავუძლო, აქ, სკამზე ვიქნები მთელი ღამე და მაინც არ მივალ სახლში!.." ტელეფონი რეკავს. უცხო ნომერია. ,, არ ავიღებ. მამა იქნება ვინმეს ნომრით." ზარი შეწყდა. ისევ თავიდან რეკავს. კახა ისევ არ პასუხობს. მესამეჯერაც რეკავს... კახას ხელები გაყინული აქვს. სამაგიეროდ ზარი გულს უთბობს და ტელეფონის სენსორს ხელს უსვამს:
   - დიახ!
   -კახა, ბიჭო, რას შვრები, ლაზარე ვარ?!
   -ჰო, ლაზარე, რა უნდა ვქნა, ვიყინები...- ოი ,ეს რა წამომცდა, ფიქრობს გულში,- მცივა, მაგრამ არაფერია, გავუძლებ. 
  - მეზობლის ნომრით გირეკავ. დედამ ჩემი ტელეფონი ჩამომართვა. არც გარეთ გამომიშვა, მასთან წახვალო. რომ არ შეეხმიანები, მიეთრევა სახლშიო. დედაშენი რეკავს ხშირ-ხშირად. ტირის, გადარეულია. თავს არაფერი აუტეხოსო. მიდი რა, ძმურად , სახლში. 
  - გეგა სადაა, ხომ არ იცი?
  - გეგა სოფელშია, ორშაბათს დილით ჩამოვლენ. ვეღარ გელაპარაკები. მიდი სახლში. ხვალ კვირაა და გამოგივლი ცურვის შემდეგ.
   ტელეფონი ითიშება. რამდენი რამ უნდოდა კიდევ ეკითხა. რა ქნას ახლა, აქ ვერ დარჩება. უკვე ძალიან სცივა. პარკშიც ორი მოხუციღაა და ისინიც ნელი ნაბიჯით მიუყვაბიან გასავლელისკენ გზას. რომელიმე სადარბაზოს რომ თავი შევაფარო?  აჰ, არა, ნორმალური სადარბაზოები იკეტება, ღია სადარბაზოში ყოფნა კი იგივეა, როგორც ქუჩაში. ნეტავ დედა რას აკეთებს? ტირის ალბათ. მეც კარგი უგულო ვარ. ტელეფონზე ზარი დავუბლოკე. გავბრაზდი და რა ვქნა. აბა, ნაპოლეონ, დაძაბე გონება, რას გააკეთებდა ასეთ სიტუაციაში ნამდვილი ნაპოლეონი? არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, სიცივისგან ტვინიც გამეყინა. ნაპოლეონის ომებიც ხომ სრულდებოდა კრახით. ჩემი გამოლაშქრება, აბა, რა მოსატანია იმასთან. კაცი უკვე იმპერატორის ტიტულს ფლობდა, რუსებმა რომ გააფარჩაკეს. ნაპოლეონიც მშიერი დარჩა მოსკოვში... ეჰ, კუტუზოვმა გონებით აჯობა. ახლა მამაჩემია კუტუზოვი?! - კახა აზრებს ვეღარ ალაგებს. ცახცახმა აიტანა, დედის გულში ჩაკვრა მოენატრა. არა, მაინც რა თბილია დედის ჩახუტება. ახლა ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ სადაა. რა ქნას, გადადგას უკან ნაბიჯი? წამოდგა: -უნდა შევძლო დაბრუნება...მერე სხვანაირად დავუმტკიცებ მშობლებს, რომ დიდი ვარ, რომ დამოუკიდებლად მეც შემიძლია რამე გავაკეთო, კლასშიც მოვაკეტინებ ბიჭებს, ვეღარ დამცინებენ, წიგნებთან გეძინაო. მეძინოს, აქ გაყინვას ხომ ყველაფერი სჯობს. ნაპოლეონიც კითხულობდა. კაცი მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო. მართალია, მე არ მიყვარს ქიმია და ვერც როზეტის ქვის მსგავსის აღმოჩენაზე ვიოცნებებ, მაგრამ სხვა საგნები ხომ მიყვარს. დედას რამდენი გეგმა აქვს ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. იქნებ დავფიქრდე. რატომ ვაწყობ გამუდმებით ოჯახში ამ რევოლუციებს?! მშობლები ხომ ჩემზე ზრუნავენ. დედაჩემის თქმისა არ იყოს, მეტი ვინ ჰყავთ. არა, ცუდს არ მირჩევენ, მაგრამ ჩემი სურვილები მრჩება შორს. ეს მადარდებს... წავალ, ვიდრე გავიყინები." - ზანტი ნაბიჯით მიმავალმა, ფიქრებში წასულმა კახამ, ფეხს აუჩქარა. მიდიოდა და გულიც მიუწევდა, გაყინულს და შეციებულს სახლში სითბო ელოდებოდა. თუმცა თითქოს რაღაც ხმა შორიდან მაინც ჩასძახოდა, - რას აკეთებ, ბიჭო, ერთი ღამე ვერ გაძელი დამოუკიდებლად. შენ რა ცხოვრება უნდა შეძლო. ღლაპი ხარ, ცხვირმოუხოცავი, დედიკოს კალთის ქვეშ შემძვრალი!
     კორპუსს მიუახლოვდა. ღამის 11 საათი იყო. მექანიკურად აიხედა მეოთხე სართულის აივნისკენ, სიგარეტის ნათება შენიშნა და ორი სილუეტი. ჯერ შეყოვნდა, მერე თითქოს ვიღაცამ უკნიდან ხელი ჰკრაო, ნაბიჯი წინ გადადგა და კიბეებს აუყვა. აი, კარსაც მიადგა, არ იცის რა ქნას, ზარი დარეკოს თუ დააკაკუნოს? დგას და ფიქრობს, ნეტავ, რა ხდება ახლა კარის მიღმა?! მაინც მოსინჯა, კარის სახელურს შეეხო და ოდნავ მიაწვა. კარი გაიღო. ,,მელოდებოდნენ, შეიძლება აივნიდანაც დამინახა მამამ." სიჩუმე დახვდა, საოცარი სიჩუმე. შესასვლელი გაიარა და ოთახში შეაბიჯა, ჰოი, საოცრებავ, ორივე დეიდა, ერთ-ერთი დეიდის ქმარი და დედა სავარძლებში ისხდნენ, მამა და მამის ძმა კი ფეხზე იდგნენ, სავარაუდოდ, აივნიდან შემოსულები. ექვსი წყვილი თვალი შესასვლელი კარისკენ იყო მომართული. 
    -მოვიდა ნაპოლეონი... ლაიფციგიდან...- თქვა მამამ და თავის ოთახში გავიდა. 
კახამ თავი ჩაღუნა. მამის სიტყვები, ლაიფციგიდანო, ისარივით მოხვდა გულზე. ამით მან დამარცხებაზე მიანიშნა. სიტყვა არავის უთქვამს კახასთვის, მხოლოდ წამოდგნენ და თვალცრემლიან, ახლა უკვე ოდნავ მომღიმარ დედას დაემშვიდობნენ. დედამ სტუმრები გააცილა და კარი დახურა. კახა ადგილიდან არ იძვროდა. უნდოდა, მისულიყო, დედას გულში ჩაეკრა და აღარასოდეს არსად გაეშვა, მაგრამ გვერდით უსიტყვოდ გაუარა. კახას ოთახში შევიდა და აბაზანის პირსახოცი გამოიტანა. კახასთან ახლოს მდგარ ტახტზე დადო და სამზარეულოში გავიდა. კახამ პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. ცხელი წლის ჭავლმა ძვლები გაუთბო. გამოსვლა აღარ უნდოდა. ვერც კი აეხსნა, რას გრძნობდა ახლა. ურჩევნოდა, სახლში მოსულს ყვირილით, ლანძღვით დახვედროდნენ. ეს დუმილი მეტად აფიქრებდა და გულს უფორიაქებდა. აბაზანიდან გამოვიდა. სამზარეულოსკენ წავიდა. უნდოდა, დედა ენახა და რამე ეთქვა.  სამზარეულოში დედა აღარ დაუხვდა. მისთვის სუფრა გაეშალა და საძინებელში გასულიყო. დაჯდა. შიოდა, მაგრამ ლუკმა არ გადასვლია. მხოლოდ ცხელი ჩაი დალია და თავის საძინებელში შევიდა. აქამდე არასოდეს უგრძვნია რა თბილი, ღუნღულა და სანეტარო ყოფილა საკუთარი საწოლი. საბანში გაეხვია და თვალი ვერ მოხუჭა. ისევ ფიქრებში წავიდა: ,, ხვალიდან შევიცვლები. რამდენ რამეს აკეთებენ მშობლები ჩემთვის და ხომ უნდა მივხვდე, რომ კარგი უნდათ. მე კი რისთვის გავიჯახუნე კარი, მეგობრებთან ერთად ორი დღით წყნეთში ავალ-მეთქი და უარი რომ მივიღე? იქნებ არც ლაზარეს უშვებდნენ თავისი მშობლები?! სახლიდან წასული არ მიმიღეს ოჯახში, მშობლებთან დაბრუნდიო და ეგენი ლაზარეს გამოუშვებდნენ ორი ღამით უფროსების გარეშე? ჰო, მტყუანი ვარ, შევცდი, მაგრამ ყველაფერში მე არ ვარ დამნაშავე. სულ მაკონტროლებენ, ვგრძნობ ამას და მაღიზიანებს, უნდობლობა მაღიზიანებს... თუმცა ახლა მართლა მივხვდი, რას ნიშნავს ოჯახი, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თითქოს ჭერი სიყვარულის, მზრუნველობისა და გვერდით დგომის უხილავ ძაფებს აკავშირებდეს ერთმანეთთან. ამიტომ შევეცდები, ამ ჭერქვეშ რომ სიყვარულია, მას მეც ჩემი წილი სითბო შევმატო და ჩემივე საქციელით ყოველდღე ცივი წყალი არ დავასხა." -კახამ საათს გახედა, ღამის სამი საათი იყო. ოთახის კართან ფეხის ხმა შემოესმა. თვალები დახუჭა, ვითომ ეძინა. კარი გაიღო, ფეხაკრებით მიუახლოვდა დედა, საბანი შეუსწორა. ცოტა ხანს იდგა და მერე ისევ ფეხაკრეფითვე გაბრუნდა უკან. კართან მისულს კახამ ჩუმად დაადევნა შემკრთალი ხმა:
  -დეეე!
   დედა შემობრუნდა. ღამის სიბნელეშიც კი უზომოდ თბილი მოეჩვენა დედის მზერა.
  -დეეე, მიყვარხარ! - თავისდაუნებურად გულსაკლავად წაილუღლუღა კახამ. ცოტაც და იტირებდა. დედა ისევ მშვიდი სახით იდგა. არ განძრეულა. სულ რამდენიმე წამით უყურა. მერე ძალიან წყნარად და ჩურჩულით თქვა:
  - დაიძინე, ხვალ ვისაუბროთ!- შებრუნდა, კარი გაიკეტა და გავიდა.
  ეს იყო ყველაზე გრძელი ღამე კახას ცხოვრებაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი