საახალწლო მოლოდინი
ნანამ საწოლში ვერ მოისვენა. ადგა, მძინარე თორნიკესა და ლაშას დახედა, საბანი შეუსწორა და საძინებლიდან სამზარეულოში გავიდა. გაზქურა აანთო, ჩაი მოიმზადა. მისაღებ ოთახში სავარძელში ფეხმორთხმით ჩაჯდა და ცხელი ჭიქა ტუჩიდან არ მოუშორებია, ისე დაიწყო პატარა ყლუპებით დალევა. სითბომ სასიამოვნოდ დაუარა მთელ ტანში. მოდუნდა, მიესვენა საზურგეს და თვალდახუჭულმა ისევ ფიქრებს მისცა თავი. 28 დეკემბრის ღამეა, რა ქნას, რა აჩუქოს ხუთი და ექვსი წლის ლაშასა და თორნიკეს. ისინი ხომ წელსაც ელოდებიან თოვლის ბაბუას, ყოველ ახალ წელს მოხდენილი ფორმით, თეთრ წვერ-ულვაშიანი, ომახიანად რომ შემოაბიჯებდა-ხოლმე მათ ოჯახში და დიდ მანქანებს, წიგნებსა და ასაწყობ ფიგურებს ჩუქნიდა. ასეთ დროს ავიწყდებოდათ პატარებს ათი წუთის წინ სახლიდან გამქრალი მამა და მთლიანად საჩუქრებზე ჰქონდათ ყურადღება. ნანაც არ ავიწყდებოდა კეთილ ბაბუას. ნივთი, რომელზეც ქმართან დაიწუწუნებდა, თოვლის ბაბუას ხურჯინში აუცილებლად აღმოჩნდებოდა-ხოლმე. ნანას ამ მოგონებებმა ღიმილი მოჰგვარა. წამოდგა, კარადასთან მივიდა, საგულდაგულოდ შენახული თოვლის ბაბუას ფორმა გამოიღო. უყურა, ცრემლი მოადგა, მიეფერა, გულში ჩაიკრა და ის იყო უნდა აქვითინებულიყო, რომ ლაშას ხმა მოესმა, დედაო, ეძახდა. ნანამ ფორმა სასწრაფოდ დაკეცა, კარადაში შედო და საძინებელში შევიდა. ნახევრად მძინარე ლაშა საწოლში წამომჯდარი თვალებს ისრესდა: - დე, სად იყავი?- ჰკითხა ნანას და ხელები გაუშვირა, ჩამეხუტეო. - რამ გაგაღვიძა. შუაღამეა, შვილო?!- უთხრა ნანამ და საწოლზე ჩამომჯდარმა გულზე მიიკრა ცოტა შეშინებული ბიჭი. - სიზმარში ჯადოქარი ვნახე. - მერე ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჯადოქარი მხოლოდ ზღაპრებში ცხოვრობს და რეალურ ცხოვრებაში არ უნდა გვეშინოდეს მისი. - გეგონოს! ბებო ტელევიზორს რომ უყურებდა, ასე თქვა, რამდენ რამეს გვპირდებიან, ესენი ნამდვილი ჯადოქრები იქნებიან თუ ყველა დაპირება აასრულესო! მე ვკითხე, ჯადოქრები არსებობენ-მეთქი? ბებომ მითხრა, აი, თუ არ არსებობენ, საარჩევნოდ თავს იყრიან ყველა ერთადო.- ამაყად ჩამოურაკრაკა ბებოსთან დიალოგი ლაშამ და დედას თვალებში მიაცქერდა, თითქოს პასუხი იქ უნდა წაეკითხა. - არა,შვილო, ბებოს იმ ადამიანების დაპირებების არ სჯეროდა და ასე მხოლოდ მაგის გამო თქვა... - ღიმილით უთხრა ნანამ. - გეგონოს! არჩევნებზე ესენი შემოვხაზეო და თუ არ სჯეროდა, რატომ შემოხაზავდა? -ა, გასაგებია. სჯეროდა მათი და ვერ გაამართლეს ბებოს იმედები. ბებომაც ხმა დაკარგულად ჩათვალა და დაენანა. - დამაჯერებლად უთხრა ნანამ, მაგრამ ლაშას თვალები აუციმციმდა, სახეზე ღიმილი გადაეკრა: - ბებოს აქვს ხმა, გუშინ გველაპარაკა. - საარჩევნო ხმაზე გეუბნები, - ნანასაც გაეღიმა,- ახლა დაიძინე თორემ თორნიკეს გააღვიძებ და გავბრაზდები! - კარგი, ოღონდ აღარ გახვიდე რა ოთახიდან, შენც დაწექი. - მუდარა იყო ლაშას ხმაში. -კარგი, დაიძინე! - ნანამ გულში ჩაიკრა თავისი მოტიტინე პატარა და გვერდით მიუწვა. ლაშას მალევე ჩაეძინა, ნანამ კი ფიქრი გააგრძელა. ნეტავ წელს რას დაუწერენ ბავშვები თოვლის ბაბუას. ლაშა წერს წერილებს, თორნიკემ ჯერ წერა არ იცის. როგორმე მოახერხებს ყიდვას და ნაძვის ხის ქვეშ დაუწყობს. როგორ გაუკვირდებათ პატარებს, თოვლის ბაბუა რომ აღარ მოვა. ისევ ცრემლი მოერია ნანას. უდროოდ გარდაცვლილი მოსიყვარულე ქმრის მონატრებას ვერ გაუმკლავდა და ნერვებმაც უმტყუნა. ბევრი იტირა და ასე ტირილში ჩაეძინა. დილით ადგა. სამსახურში წასასვლელად მზადებას შეუდგა. ბავშვები ბაღში უნდა წეყვანა და მერე, საღამომდე თეთრ ხალათში გამოწყობილს, პაციენტებზე ეზრუნა. რაც კოტე გარდაიცვალა, სამსახურშიც ნახევარ განაკვეთზე გადავიდა. სამუშაო საათები დათმო, რომ ბავშვებს მისი ყურადღება არ მოკლებოდათ. ფინანსურად ისე მყარად ვეღარ იდგა ფეხზე, თუმცა დახმარების ხელსაც უწვდიდნენ და თვიდან თვემდე თავი ნორმალურად გაჰქონდათ. ცოტას ძმა ეხმარებოდა, სოფლიდან პროდუქტებით. არც კოტეს მეგობრები თამაზი, ლადო და გიგი არ ტოვებდნენ უყურადღებოდ. გიგი ლაშას ნათლია იყო. თვითონ ცოლ-შვილი არ ჰყავდა და ნათლულზე ზრუვა, შვილის ყოლის სურვილს უვსებდა. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ, ერთმანეთის სიხარული რომ უხაროდათ და დარდსაც თანაბრად იზიარებდნენ. მართალია, მათი მეგობრობა ბავშვობიდან არ მოდიოდა,მაგრამ სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, ბევრი წინააღმდეგობა გადალახეს ერთად. კოტე სულ ამბობდა: ,, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება. ისეთი მეგობრები მყავს, ბევრი რომ ინატრებს და ისეთი ერთგულები, ჩემი გულისთვის ასე მგონია, მთებს დაძრავენ. უმეგობრო ადამინზე საცოდავი არავინაა ქვეყანაზე. ადამიანმა, რომელმაც ერთგულება არ იცის, ეგოიზმითაა სავსე. არ არსებობს გრძნობა, რომელსაც გულიდან გასცემ და უკან არ დაგიბრუნდეს, იმავე ძალით ან უფრო ძლიერადაც. ჩემი მეგობრებით ყველაზე მდიდარი და ძლიერი ვარ ამ ქვეყნადო". მხოლოდ სიკვდილი ვერ დაამარცხა ამ ძლიერმა ადამიანმა. მეგობრებიც გვერდით ედგნენ, მაგრამ მაინც... სამი თვე ებრძოდა გვიან აღმოჩენილ ავთვისებიან სიმსივნეს და ამბობდა: ,, ბედნიერი ვარ, რომ კარგი ადამიანის სახელს ვტოვებ და ჩემს კვალზე რომ ჩემი პატარა ვაჟკაცები დადგებიან, სიამაყით იტყვიან, ეს ჩვენი მამა იყოო. სიმდიდრეზე მეტად, კარგი სახელის მოპოვება და დატოვებაა რთული. მეც მყავს მტერი და მოშურნე, მაგრამ ტალახს რომ მესვრიან, არ ვყვირი, მშვიდად ვაქცევ ზურგს. შესაბამისად ჩემში, შიგნით არ ხვდება მათი შხამიანი ტალახი და არ ვიწამლები. გარედან მოხვედრილი კი უკვალოდ მშორდება, რადგან სუფთა ვარ და სულიერი მდგომარეობა ყოველთვის ერწყმის გარეგნულსო". ნანა ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. გიგი რეკავდა: - ნანა, გამარჯობა! -გამარჯობა, გიგი. - როგორ ხართ, ვაჟკაცები რას შვებიან? -კარგად, რა უჭირთ, ცელქობენ. -ნანა, ერთი სათხოვარი მაქვს. სამსახურში გვჭირდება და კოტეს რომ თოვლის ბაბუას ფორმა ჰქონდა, მათხოვე რა? -კარგი, გიგი. დღეს მორიგე ვარ, საღამომდე ვმუშაობ, ბავშვებიც ბაღში მიმყავს. საღამოს გამოგვიარე და გაგატან. -შენ გაიხარე, სად არ ვეცადე კარგი ფორმის შოვნას და რაც მომერგო, არ მომეწონა, რაც კარგი იყო, მინიატურულ ბაბუებზე იყო გათვლილი. - გიგი, შენ უნდა ჩაიცვა? გახსოვს, კოტეს რომ დასცინოდი, მსახიობობა დიწყეო? - სიცილი ვერ შეიკავა ნანამ. -ჰოოო, შვილები რომ არ მყავს , ვერ ვხვდებოდი, კოტეს ამ პატარა რიტუალსაც რა დიდი და კარგი დატვირთვა ჰქონდა... - თავი იმართლა გიგიმ. -კარგი, კარგი, საღამოს გამოიარე!- სიცილითვე უთხრა ნანამ. - კარგი, ნანა, საღამომდე. ამ საუბარში ბავშვებმაც გაიღვიძეს, საცვლებით გამოტანტალდნენ დედასთან: - დედააა, ახლა თოვლის ბაბუასთვის წერილს დავწერ და მერე წავიდეთ ბაღში, კარგი?- უთხრა ლაშამ. -კარგი, ოღონდ თოკოს წერილიც შენ უნდა დაწერო, ხომ იცი?!- შეახსენა უფროს ბიჭს ნანამ. - კი ვიცი, მაგრამ ერთნაირი სურვილი გვაქვს და შევთანხმდით, რომ ერთად დამეწერა. ორივეს სახელით. -კარგი. დაწერე! - ნანას ცოტა გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ბავშვები გავიდნენ და ზუსტად ათ წუთში საგულდაგულოდ დაწებებული კონვერტით დაბრუნდნენ უკან. კონვერტს ეწერა ; ,,თოვლის ბაბუას ლაშასა და თორნიკესგან". ნანამ გამოართვათ წერილი და ჩანთაში ჩადო. - ახლა სასწრაფოდ ჩაიცვით და ვისაუზმოთ, თორემ დავაგვიანებ. - გამოუცხადა ბავშვებს,- წამოდით დაგეხმარებით ჩაცმაში. ჩაიცვეს, ისაუზმეს და ბავშვებიც მიიყვანა ნანამ ბაღში. ბაღის ეზოდან გამოსულმა, მანქანაში დაჯდა თუ არა, ჩანთიდან წერილი ამოიღო. ნეტავ რა დაწერეს ასეთი საჩუქარი, თან სწრაფად და თანაც ასე შეთანხმებულად?! ინტერესი კლავდა ნანას. კონვერტს თავი მოახია და ფურცელი გაშალა: ,, თოვლის ბაბუა, მამა დაგვიბრუნე, მეტი არაფერი გვინდა". - ეწერა წერილში. ნანას სახეზე ღიმილი შეაცივდა. სათამაშოების ჩამონათვალს ელოდებოდა. ხვალ ბავშვებს ბებოსთან გავიყვან და მე საჩუქრებს ვიყიდიო, გეგმავდა. საშინელ ხასიათზე დადგა. სამსახურში წასვლის ხალისიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ახლა ტირილი არ შეიძლებოდა. მანქანა დაძრა. სამსახურში, მიუხედავად პაციენტების სიმრავლისა, გული ვერაფერს გადააყოლა. მთელი დღე ეფიქრებოდა თოვლის ბაბუას წერილზე. აღარ იცოდა, ახლა დალაპარაკებოდა შვილებს ამ თემაზე თუ მოგვიანებით. არც ის უნდოდა, ბავშვები მიმხვდარიყვნენ, წერილი რომ წაიკითხა. ამით ხომ მათ ნდობას დაკარგავდა. პატარა სათუთ გულებს დაასევდიანებდა. ამიტომ ჯერ არაფერი უთხრა. საღამოს გიგიმ შემოუარა, ჩქარობდა და არ დამჯდარა, მხოლოდ მოიკითხა, ბავშვებს კამფეტები მისცა, ნანას ფორმა გამოართვა და სახლიდან გამოსვლისას ჩუმად ჰკითხა: - წერილი დაუწერეს უკვე თოვლის ბაბუას? -კი. - სევდიანად უპასუა ნანამ და ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოაცურა. გიგიმ გაშალა, მასაც ღიმილი გაუქრა: -კარგი არ იდარდო, ამოვალ მერე და მე დაველაპარაკები ამ თემაზე. - დაამშვიდა ნანა და წავიდა. მეორე დღეს ნანამ ბავშვები ბებოს დაუტოვა. თვითონ სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიები დალაშქრა და საჩუქრებით ახუნძლული დაბრუნდა სახლში. საგულდაგულოდ მოათავსა ორ დიდ პარკში შენაძენი, რომ ახალი წლის ღამეს აივნის კართან მოჟრიამულე პატარების უჩუმრად, სწრაფად დაედო ეს საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ. წერილზე კი მოგვიანებით დაელაპარაკებოდა. ...დადგა 31 დეკემბერიც. ახალი წლის სამზადისში დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ნანა სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბავშვები ტელევიზორთან ვერ ისვენებდნენ, ხშირ-ხშირად მიაკითხავდნენ დედას სამზარეულოში და ხან გოზინაყს, ხანაც ჩურცხელას სთხოვდნენ. შუადღის ძილით განებივრებულები ენერგიულად იყვნენ და მოლოდინით შესცქეროდნენ საათს. ნანამაც ხილი და ტკბილეული დააწყო მისაღებ ოთახში მაგიდაზე და ტელევიზორის წინ მოკალათდა. ცოტაც და თორმეტი საათი შესრულდებოდა. ფოიერვერკების სილამაზით აღფრთოვანებული ბავშვები ფანჯარას არ შორდებოდნენ. შეჰყურებდნენ ლამაზად განათებულ ცას და ემოციას ვერ მალავდნენ. ნანას სხვა ფიქრები ჰქონდა, როდის გამოეღო კარადიდან საჩუქრები ბავშვების ჩუმად. უკვე თორმეტი საათი გახდა და აივნის ღია კართან სიხარულით მოხტუნავე ბიჭებს სულ წამიერად გამოეპარათ მისაღებ ოთახში ნანა, საჩუქრები ნაძვისხესთან დადო და ის იყო ბავშვებთან შებრუნდა, ზარი გაისმა. ნანა ცოტა დაიბნა, გაოცდა. ბავშვებიც გაირინდნენ. ჯერ ერთმანეთს გადახედეს და დედას შეხედეს. ნანა კართან მივიდა: -ვინ არის? -თოვლის ბაბუა ვარ!- გაისმა კარს უკან ნანასთვის ნაცნობი ხმა. ნანას გაეღიმა, გაუხარდა, კარი გააღო და შესცინა: -დიდი მადლობა, თოვლის ბაბუა! კართან იდგა ისევ იმ ნაცნობ ფორმაში გამოწყობილი თოვლის კაცი, შარშან და შარშანწინ რომ მოდიოდა და საჩუქრებით ანებივრებდა ლაშას, თორნიკესა და ნანას. ახლაც საჩუქრებით სავსე ხურჯინი გადმოიღო თოვლის კაცმა, ბავშვებს წინ დაუდო. ლაშამ და თორნიკემ ერთმანეთს გადახედეს, მერე თოვლის ბაბუას შეხედეს და: - ჩვენ რომ სხვა სურვილი დავუწერეთ თოვლის ბაბუას?- ჰკითხა გაოცებულმა ლაშამ. -ეტყობა გზაში შეფერხდა ის წერილი და ბაბუამ უსაჩუქროდ არ დაგტოვათ.- უცებ რაც მოაფიქრდა ნანას, ეს იყო. - არა, ჩემო კარგებო, მე წერილი მივიღე, მაგრამ გადავწყვიტე, ისე დამესაჩუქრებინეთ, როგორც ამას თქვენი მამიკო მოისურვებდა. წერილის პასუხი კი მეც წერილითვე გაგეცით. ისე გვიან მომიხდა დაწერა, ფოსტით რომ გამომეგზავნა, ვერ მომასწრებდა, ამიტომაც თან გამოვიყოლე. თოვლის ბაბუამ წერილი გადასცა ლაშას. ლაშამ გახსნა და ყველასთან ერთად წაიკითხა: ,, ჩემო პატარა მეგობრებო, როცა რომელიმე მშობელი ტოვებს შვილებს და მიდის სხვა ქვეყანაში, ეს თოვლის ბაბუას გადაწყვეტილება არ არის და ამიტომ არც შეუძლია შემდეგ რამე შეცვალოს. მაგრამ სულ უნდა გახსოვდეთ, რომ მამიკო ციდან დაგყურებთ და თქვენი ყოველი წარმატება ახარებს. რადგან გინდათ მისი დაბრუნება, ესეიგი ძალიან გიყვარდათ და გენატრებათ. ამიტომაც სულ უნდა ეცადოთ, რომ ის გაახაროთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს თავს, ,,ეს მამას მოეწონებოდა?" მე ბევრი წიგნი მოგიტანეთ საჩუქრად, ზოგს დედა წაგიკითხავთ, ზოგსაც ლაშა შეეცდება. წიგნია ის საშუალება, რომელიც ცხოვრებაში ყველაფერს აგისრულებთ, ყველა ნატვრას რეალობად გიქცევთ და რაც ახლა თითოეული ჩვენგანისთვის ამოუცნობი და შეუცნობელია, ნათელს მოჰფენს. გიყვარდეთ წიგნი და როცა წაიკითხავთ, ყოველ ზღაპარსა თუ მოთხრობაში ეძებეთ კეთილი პერსონაჟები და მათ მიბაძეთ. როცა წიგნი გაგაკეთილშობილებთ, ვერც ვერაფერი მოგერევათ ქვეყანაზე და თვითონ მიხვდებით, რა, როდის და როგორ უნდა ინატროთ. აუცილებლად შეძლებთ, ყველა სურვილის ასრულებას ისე, მე რომ აღარ დაგჭირდებით. ყოველთვის გახსოვდეთ დედის და წიგნის დარიგება. დედა ყველაზე კეთილია, წიგნი კი ყველაზე ბრძენი!" ლაშამ კითხვა დაასრულა. თოვლის ბაბუას შეხედა და გაუღიმა. თორნიკეც უჩვეულოდ ბედნიერი იღიმებოდა, ნანა კი ცრემლიან თვალებს ხელებში მალავდა. - ახლა კი ქურთუკები ჩაიცვით, თამაზისა და ლადო ბიძიას ოჯახები გველოდებიან. მათ ბავშვებსაც მივულოცოთ ახალი წელი. თქვენ მეკვლეები იქნებით. ერთად აღვნიშნავთ ახალ წელს. დედიკოც მოემზადოს. -თქვა თოვლის ბაბუამ და ნანას შესცინა. თორნიკე ადგილს მოწყდა, ფეხსაცმელის ჩაცმა დაიწყო. ლაშამ კი: - მარტო თამაზი და ლადო ბიძიას? გიგი ბიძიასაც მივულოცოთ რა?! - გიგი ბიძიაც იქ მოვა და გნახავთ!- თოვლის ბაბუამ ამ პატარა ბიჭის დიდი სიყვარული იგრძნო და ესიამოვნა. სურვილი გაუჩნდა, გულში ჩაეკრა თავისი ნათლული, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა და თავი შეიკავა. - ნამდვილად მოვა?- ჰკითხა ლაშამ. - აუცილებლად! მარი თაბაგარი 2010 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი