გულში შენახული დროშა


თეთრხალათიანები კლინიკის ეზოში დახვდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას. რეანომობილში ავარიის შედეგად დაშავებული თომა უგონოდ იწვა, შუბლის არიდან სისხლი სდიოდა. მისი ერთი ხელი დედას ეჭირა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელიც პულსს უკონტროლებდა. თომა, სულ რაღაც წამებში, რეანომობილიდან საკაცით ჯერ კლინიკის გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში, მერე კი საოპერაცოში გადაიყვანეს. დედას, რომელსაც ცრემლი გაჰყინვოდა და თვალებში დიდი ოკეანე ჩასდგომოდა, სთხოვეს, მიმღებშივე ანკეტის შესავსებად კითხვებზე ეპასუხა. პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც რეანომობილს თან მოჰყვა, გარკვეული საკითხების ჩასანიშნად მოემზადა.
    -თქვენ დედა ბრძანდებით, ხომ?
    -დიახ.
    -თქვენი სახელი?
    -ნათია ბეკურაშვილი.
    -ბავშვის სახელი და გვარი?
    -თომა ბასაშვილი.
    -დაბადების წელი და ადგილი?
    -2009 წლის 12 თებერვალი. ქალაქი ცხინვალი.
    -რა დაზიანებები აღენიშნებოდა?- ახლა სასწრაფო სმედიცინო დახმარების ექიმის მისამართით დასვა კითხვა კლინიკის მიმღები განყოფილების მორიგე ექთანმა.
    -თავის ქალის ტრამვა, მხრის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პირველადი დათვალიერებით მეტის თქმა შეუძლებელია. ინფორმაციის მოწოდებიდან ათ წუთში ადგილზე ვიყავით, უგონო მდგომარეობაში დაგვხვდა. ასეთივე მდგომარეობით მოვიყვანეთ, გონზე არ მოსულა. - უპასუხა ექიმმა.
კითხვების გაგრძელებას კვლავაც აპირებდა მორიგე ექთანი, მაგრამ ჯერ ნათიას ფერი დაეკარგა, სასწრაფოდ გულის წვეთები დაალევინეს, წნევა გაუზომეს. შემდეგ კი, მისაღებში შემოსულმა სამმა მანდილოსამნმა დიდი ხმაური შემოიტანა. თომას ამბავს კითხულობდნენ კლასის დამრიგებელი ნანა, ინგლისურის პედაგოგი თინა და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ლეილა. ავარია სკოლის მიმდებარე ქუყჩაზე მოხდა და სკოლაშიც მალევე შეიტყვეს. აცრემლებული ნანა ნათიას დანახვამ ააღელვა. ჯერ ექთანთან სცადა თომას მდგომარეობის გარკვევა, შემდეგ კი ნათიას დამშვიდებასა და დაიმედებას შეუდგა, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ გაგვწირავსო. პოლიციის თანამშრომელმა სასწავლო ნაწილის გამგე გვერდზე გაიხმო და გარკვეული კითხვები მასაც დაუსვა:
    -რომელი წლიდან ირიცხება მოსწავლე თომა ბასაშვილი თქვენს სკოლაში და რას გვეტყვით მის შესახებ?
    - თომა ბასაშვილი, ცხინვალში დაიბადა. ის შვილია ზურა ბასაშვილის, რომელიც 2008 წლის ომში გმირულად დაიღუპა და შვილის დაბადებას ვერ მოესწრო. 2015 წელს გადმოვიდა დედა-შვილი თბილისში საცხოვრებლად და ამავე წლის სექტემბერში შემოვიდა ჩვენს სკოლაში. მოწესრიგებული ბავშვია. თბილი, მაგრამ მუდამ გულჩათხრობილი და სევდიანი.- ლეილამ კიდევ ბევრი რამ გაიხსენა თომას ირგვლივ, ეკითხებოდა თუ არა პოლიციის ოფიცერი რამეს, ყურადღებასაც აღარ აქცევდა. თომას მიმართ თავის გულთბილ დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლეილამ და თინამ საავადმყოფო დატოვეს. ნანა კი ნათიას გვერდიდან არ მოსცილებია. თვითონვე ცრემლიანი ამხნევებდა და აიმედებდა. მისვლის წუთიდან გულს უღრღნიდა კითხვა, როგორ და რა მოხდა, რომ ქუჩაზე დედასთან ერთად მიმავალ ბავშვს მანქანა დაეჯახა. იმდენად შეაწუხა ცნობისმოყვარეობამ, რომ ჰკითხა კიდეც, რა მოხდაო. ნათიამ თავი ჩაღუნა:
    -ამ ბოლო დროს სულ მიბრაზდებოდა. იქ, სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ბებო ენატრებოდა. არადა საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობდით. მუდამ შიშსა და დაძაბულ ვითარებაში გვიხდებოდა ყოფნა. მეც იმ სოფელში გავიზარდე. მაშინაც არასახარბიელო მდგომარეობა იყო. 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა იქ დარჩენა და ცხოვრება, მაგრამ გავუძელით. ბევრი დამცირება და ტკივილი გადავიტანეთ. ჩემი მომავალი მეუღლე, ზურაც იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც მე და ხშირად აღმოვჩენილვართ დაცინვის თუ დამცირების მსხვერპლი. ჩვენ იქ ეროვნულ უმცირესობას წარმოვადგენდით. მერე ნელ-ნელა თითქოს ყველაფერი შეიცვალა, დარეგულირდა, ურთიერთობებიც სტაბილური გახდა. გავიზარდეთ. მე და ზურა დავქორწინდით. ორივეს გვიყვარდა ჩვენი მხარე, ჩვენი სოფელი და არც გვიფიქრია, იქაურობა დაგვეტოვებინა. სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, 2008 წლის აგვისტოში ომი რომ დაიწყო. არადა მაშინ ვიწყებდით ჩვენი მომავლის შენებას და ყველაფერი გვიხაროდა. რამდენი გეგმები გვქონდა... - ნათიას თვალებიდან გაყინული ოკეანე დაიძრა.- ახლა მისმა ნათელმა სულმა ილოცოს, უნახავი შვილის გადასარჩენად!...
     - ნათია, ილოცებს კიდეც , თომას არაფერი დაემართება. გეხვეწები, ნუ იტირებ, საოპერაციო მაგიდზე წევს ბავშვი და ცრემლით ნუ დავამძიმებთ. ჩვენგანაც ლოცვა სჭირდება, დედის ლოცვა განსაკუთრებით. მამაზე თომას ზედმეტად არაფერს ვეკითხებოდი. ისედაც ყოველთვის სევდიანი იყო. წელს სექტებმერში რომ დაბრუნდა, უჩვეულოდ სერიოზული მომეჩვენა. თითქოს უცებ, ერთდროულად რამდენიმე წელი მოემატა...
    -ხომ გითხარით, სოფელში ვზრდიდი. დედამთილიც მეხმარებოდა და ჩემი მშობლებიც. სასაზღვრო ზოლთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით. ჩვენი საძოვრები და მიწის ნაკვეთები ზოლს მიღმა დარჩა და გაგვიჭირდა. პირუტყვის დაკარგვის რამდნიმე შემთხვევაც იყო. ფაქტიურად, ოჯახში კაციც არავინ გვყავდა და სახლიდან შორს წასვლა და პირუტყვის მოვლაც აღარ შეგვეძლო. მანამდე სკოლის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ბავშვის შემდეგ სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა და დედამთილმაც ხელი შემიწყო, იქნებ ცოტა გული გადააყოლოო. ბავშვს მას ვუტოვებდი. ოთხწლინახევრის იყო, პირველად რომ გაეპარა ბებიამისს და სასაზღვრო მათულხლართთან მივიდა. იქ შემთხვევით ჩემი თანაკლასელის ბავშვი, გიო გაიცნო. ომის შემდეგ საზღვრის იქით დარჩენილი ოჯახიდან. დამსხდარან და უსაუბრიათ. სულ მთლად გაგიჟებულა ჩემი დედამთილი, ბავშვი რომ ვეღარ დაუნახავს. მეზობლებისთვის უთხოვია დახმარება. თომას სწორედ მეზობლების ძახილი გაუგია და სახლში გამოქცეულა. არ გაამხილა, სად იყო. შემდეგ კარგახანს სულ ნაბიჯ-ნაბიჯ დასდევდა ბებია, მაგრამ ერთხელაც ყურადღება მოადუნა და თომამ ისევ მოახერხა გაპარვა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. შეეჩვია პატარა გიოს, აღარ ეთმობოდა. გიოს მამა ცოცხალი გადაურჩა ომს. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიოდა. ისინი უვლიან ჩემი მამამთილის, ძმის და ბებიების სასაფლაოს, რომელიც იქით, საზღვრის მიღმა დაგვრჩა. თურმე საზღვართან წელიწადნახევარი ხვდებოდნენ ასე ჩუმად ერთმანეთს ეს პატარები და სხვადასხვა თამაშებს აწყობდნენ, ვინ რამდენ ბრუნს გააკეთებდა, ვინ გაასწრებდა სირბილში. ერთი იცოდნენ, ის მავთული იყო კანონით დაწესებული ზღვარი და არ უნდა დაერღვიათ ეს კანონი. ბავშვებმა ყველაზე დიდი შეჩვევა და სიყვარული იციან. მათი შეხვედრების თაობაზე გვიან შევიტყვეთ. ერთხელ მესაზღვრემ რომ მოაცილა სახლში და გაგვაფრთხილა , ბავშვს გაუფრთხიდითო, მაშინ...  2015 წლის აპრილში თავის ტკივილები დამეწყო და თბილისში გამოკვლევებზე წამოვედი. თომაც თან წამოვიყვანე. აქ, სკოლასთან ახლოს, ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობდა და მის ბინაში ვიყავით (ახლაც იქ ვცხოვრობთ). მაისში შევიტყვეთ, რომ საოკუპაციო ზოლი რუსმა მესაზღვრეებმა გარკვეულ ადგილებში რამდენიმე მეტრით ისე გადმოწიეს, რომ ჩემი მამისეული სახლი საზღვრის მიღმა დარჩა. ჩვენს სახლს კი იმდენად მოუახლოვდა, იქ ცხოვრების შიშმა ამიტანა. უკან აღარ დავბრუნებულვარ. მხოლოდ ჩემი დედამთილი ჩამოდის დროდადრო. თომამ, რომელსაც უღიმღამო და დაძაბული ბავშვობა ჰქონდა, ეს ცვლილებაც რთულად გადაიტანა. მეგობარი გიოს ნახვის სურვილმა სიზმრებში გადაინაცვლა. ამ ზაფხულს ჩავედით სოფელში და სახლის მახლობლად გავლებულმა მავთულხლართმა გული გადმომიქანა. თომაც ყოველ დილით გამოვიდოდა ეზოში და გასცქეროდა მეორე მხარეს, გიოს ლოდინში უღამდებოდა. ერთ კვირაზე მეტი ვერ გავჩერდი. ამ საზღვრის გადმოწევის შედეგად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი საზღვრის მიღმა დარჩა. იმედი მქონდა, საერთაშორისო სტრუქტურების რეაქციის, რომ ამ ფაქტზე გამოხმაურების შედეგად, საზღვარს წინა მდებარეობას მაინც დაუბრუნებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ვერც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იქონია გავლენა რუსულ ძალადობაზე... ახლა ნოემბერში ისევ გადმოცოცდა საზღვარი. ვინ იცის, ხვალ-ზეგ შეიძლება ღამით დავიძინოთ და ჩვენც საზღვრის იქით გავიღვიძოთ... მე დღეს ჩემი შვილის მამის სიცოცხლე და ჩემი ბავშვობის დაკარგული მიწა ერთად მტკივა. ფაქტიურად ყველაფერი დავკარგე. შვილი დამრჩა და ამასაც ...- თავი ხელებში ჩარგო და მწარედ აქვითინდა.
    - ნუ იტყვი, ყველაფერი კარგად იქნება. თომა ძლიერი ბიჭია. იცი, ერთი კვირის წინ კლასში გამოვუცხადე ბავშვებს, ყველამ თქვენ-თქვენი მიზნები და სურვილები დამიწერეთ-მეთქი, გამაოცეს. არაჩვეულებრივი თაობა მოდის. ხანდახან ამხელა გამოცდილების მქონე პედაგოგს, იქით მასწავლიან პრობლემის მარტივად გადაჭრის გზას. ძალიან პირდაპირები და სამართლიანები არიან. რასაც აკეთებენ (მოსაწონი იქნება თუ საპირისპირო) ყველაფერზე აქვთ ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი. უფროსებმა უნდა ვასწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა, კეთილისა და ბოროტის ობიექტურად შეფასება, სიკეთის სიყვარული და ეს თაობა ჩვენზე უკეთესად გაართმევს თავს ყველაფერს. მეტი თავისუფლებაა მათში, მეტი მოთხოვნილებებიც აქვთ და შესაძლებლობების გზებსაც მარტივად პოულობენ. ამიტომაც მომავალში ყველაფერს კოორდინირებულად და ზუსტად გააკეთებენ... ბედნიერების ძებნა ხომ პრობლემების გადაჭრით უნდა დაიწყო. ამ თაობასაც ბედნიერების ძებნის თავისი გზები ექნება და ხელი უნდა შევუწყოთ... იცით, თომამ რა დაწერა? მშობელთა კრება რომ გვექნებოდა, მაშინ უნდა მეჩვენებინა, მაგრამ აქ მაქვს რვეული და წაგაკითხებ.- ნანამ რვეულები ამოიღო. თომას რვეული ამოარჩია და ნათიას გაუწოდა. ნათიამ კითხვა დაიწყო:
     ,,მამა საქართველოს ერთიანობას შეეწირა. მამა რომ არ მომკვდარიყო, ალბათ აუცილებლად წაართმევდა რუსებს იმ მიწას, სადაც ახლა გიო ცხოვრობს. მაგრამ ამას მე გავაკეთებ, დიდი რომ გავიზრდები მაშინ. დედა არაფერს მეუბნება, მაგრამ ორი თვის წინ მისი შენახული გაზეთი ვიპოვე, სადაც მამას შესახებ წერენ. თურმე მამას ოცეული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით ააფეთქეს. მხოლოდ მამა და ერთი კაცი გადარჩენილა (გვარი აღარ მახსოვს) და ადგილი მაინც არ დაუტოვებიათ, დაჭრილები გამოყავდათო იმ ტერიტორიიდან. მერე ტყვედ წაუყვანიათ რუსებს. ქართულ დროშას და ქართველებს ამცირებდნენო მათ წინაშე. აწამეს ორივე და ჩაცხრილესო. როგორ მინდა ახლა იქ ვიყო და იმ მესაზღვრეებს გავუსწორდე, ჩემს სახლთან ახლოს რომ დგანან, გიოს ტერიტორიაზე. ვეხვეწები დედას და არ მივყავარ. მე გავიზრდები და მამას არ შევარცხვენ. მასავით მამაცი ვიქნები. მე და გიომ მოვილაპარაკეთ, იმ მავთულებს აუცილებლად გადავყრით სადმე შორს.“
     ნათიამ გულში ჩაიკრა შვილის ნაწერი და მოზღვავებული ცრემლებით მთლად დაასველა. შვილის ტკივილით შეწუხებული დედა ყველაზე შესაბრალისია.
მიმღებში ავადმყოფები შემოდიოდნენ. სხვადასხვა დაზიანებით თუ ვირუსით მოჰყავდათ მშობლებს შვილები. ზოგიერთს დიდხანს აყოვნებდნენ, ზოგსაც უკან მალევე უშვებდნენ. ექიმისთვის ყველა ავადმყოფის მდგომარეობა ერთნაირად ყურადსაღებია, მაგრამ თავისი მოკრძალებული მწუხარებით, ცრემლიანი სიმშვიდით ნათიამ მორიგე ექთნების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. თუმცა საიმედოს მაინც ვერაფერს ეუბნებოდნენ, ხშირად გააპარებდნენ მისკენ თვალს და თანაგრძნობის ნიშნად ამოიოხრებდნენ. რამდენჯერმე ჰკითხეს, ხომ არაფერი გჭირდებათო. ტკივილმა დიდი თანადგომა იცის. მოკრძალებამ კი პატივისცემაც. ნათიას მხილველს ქვის გულიც კი აუდუღდებოდა. გულში იკრავდა შვილის რვეულს და ცრემლიანი თვალებით ერთ წერტილს გასცქეროდა. მერე ისევ ნანას მიუბრუნდა:
    -ნანა მასწავლებელო, სკოლიდან გამოსულიც ამ საკითხზე მელაპარაკებოდა, წავიდეთ სოფელშიო. იქ რა გინდა, ბებო ჩამოვა-მეთქი. არაო, გიოც უნდა ვნახო, საზღვარზე გადასვლაც რომ დამჭირდესო. საზღვარზე რომ არ შეიძლება ხომ იცი-მეთქი?! გაბრაზდა და წინ გაიქცა, აღარ დამელოდა, არც შუქნიშანს შეხედა და ვეღარ მოვასწარი მისი შეჩერება.- ნათიას ყბა აუცახცახდა და ქვედა ტუჩს გამეტებით დააჭირა კბილები, რომ არ ეღრიალა. ის ახლა ყველაზე გულმხურვალე მლოცველი იყო თავისი ცრემლებით. ნანას ხმის ამოღების თავიც აღარ ქჰონდა, ისიც უხმოდ ტიროდა და დროდადრო გასამხნევებლად მხარზე ხელს უსვამდა ნათიას.
      ერთი საათი კიდევ გაგრძელდა ეს გაუსაძლისი ლოდინი. არც საოპეციოდან გამოდიოდა ვინმე, არც ინფორმაციას აწვდიდნენ. მხოლოდ ნათიას დეიდაშვილი და რამდენიმე ნათესავი შემოემატათ მომლოდინეებს და ნერვებმაც  მეტად აფორიაქება დაიწყეს. მერე საოპერაცოდან დამხმარე ექიმი გამოვიდა. მისუსტებული და სკამზე მისვენებული ნათია ფრინველივით წამოფრინდა, შვილის ამბის მოლოდინმა გამოაცოცხლა. მუდარა ჩამდგარი თვალები ექიმისკენ ჰქონდა მიმართული. დამხმარე ექიმმა მშვიდად, მხოლოდ რამდენიმე სიტყვით უპასუხა მისი თვალების მზერას:
    - მთავარი ექიმი გეტყვით ყველაფეrს, სულ ორ წუთში! - და გაბრუნდა, კიდევ
არაფერი მკითხონო.
    -ექიმო, ხომ გადარჩა? -დაადევნა კითხვა ნანამ. ექიმი შემობრუნდა:
    -კი, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერს მთავარი ექიმი გეტყვით.- ისევ გაიმეორა, შებრუნდა და თვალს მიეფარა.
    ყველამ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა, თითქოს მთელი დარდი ამოაყოლესო, გულიდან დიდი ლოდი მოიშორესო. საოპერაციოდან მთავარი ექიმიც გამოვიდა. დაღლილი სახით, ნელი და დინჯი ნაბიჯით გამოემართა ნათიასკენ.
    - რთული ოპერაცია ჩატარდა. მხრის ძვლის ზედა ნაწილიც მოტეხილი იყო და დიაფიზიც. მყესები და იოგები ძლიერად დაჭიმული, სხეული უმეტეს ადგილას დაჟეჟილი. რამაც ყველაზე მეტად იმედიანად დაგვტოვა, თავის ქალის ტომოგრაფიული სურათია, თავის ტვინის ღრმა დაზიანება გამოირიცხა. ავადმყოფის ცნობიერების დაკარგვა კი თავის ტვინის შერყევამ, ქალა–ტვინის მსუბუქმა ტრამვამ გამოიწვია. ახლა უნდა დაველოდოთ მის გონზე მოსვლას.- დაასრულა მოკლე განმარტება ექიმმა და ნათიას მოკრძალებით შეხედა.- ჯერ მაინც ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის. დაახლოებით ერთ საათში იქნებ კონტაქტზე გამოვიდეს.
    -მაჩვენებთ, ექიმო?- მუდარა იყო ნათიას ჩუმ და ხრინწიან ხმაში.
    -დიახ, აუცილებლად, სასურველია, გონს მოსულმა გნახოთ კიდეც. ახლა რეანიმაციაში გადაყავთ. ექთანი დაგიძახებთ, როცა საჭირო იქნებით.- თქვა და წასასვლლად მოემზადა.
    -დიდი მადლობა, ღმერთმა მოგცეთ სიკეთე ამ სიკეთისათვის! -დაადევნა ისევ ჩუმიხმით ნათიამ.
    ახლა უკვე სახეზე ღიმილიც დაედოთ მიმღებში მომლოდინე ნათესავებს. აიმედებდნენ დედას და შვილის მალე ფეხზე დადგომას უსუსრვებდნენ.
დრო გაიწელა, ისევ თავიდან ნერვიულობას რომ იწყებდნენ, სწორედ მაშინ
გამოეცხადათ ექთანი. ბახილები და თეთრი ხალათი მოიტანა. ნათიამ ისე სწრაფად ჩაიცვა, შვილთან შეხვედის სურილით გული საგულეს აღარ ჰქონდა. შევიდა რეანიმაციაში. თომას ფერმკრთალ სახეს დახედა. წაბლისფერი თმის პატარა კულული შუბლზე ჩამოვარდნოდა. სისხლი აღარ, ახლა ნაკერი ედო შუბლის მარჯვენა ნაწილში და პატარა მარლის საფენით ფიქსირდებოდა. მის ხელს შეეხო ნათია. თბილი იყო ეს ხელი,ისეთი თბილი, რომ ცეცხლი წაეკიდა დედის გულს.
    ,,შვილო, ნეტავ ახლა მე ვიყო აქ, შენს ადგილას და შენ ჯანმრთელად" -
ჩურჩულებდა ცრემლიანი დედა და ხელზე ეფერებოდა ერთადერთ შვილს,
რომელმაც ცოტა ხნის წინ სიკვდილი დაამარცხა. ახლა კი საბოლოოდ მასზე
გამარჯვების დასტურად ხმის ამოღება და აზრიანი სიტყვებიღა იყო საჭირო.
მედპერსონალიც თავს დასტრიალებდა გმირი მამის შვილს. 
    ,,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...” ჩურჩულებდა ნათია და შვილის ხელს მთელი გრძნობით ეფერებოდა. ,,და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი...“  თომამ თითები გაანძრია, ნათიამ სიტყვები შეანელა, მაგრამ ეგონა მომეჩვენაო და განარძო ისევ ლოცვა: ,,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“- ჩაამთავრა და თომას გახედა. თომას თვალები არ გაუხელია, ისე, ტუჩები ოდნავ გაამოძრავა.
   -შვილო, ჩემო ანგელოზო, გესმის შენ ჩემი? მე შენთან ვარ , არაფრის შეგეშინდეს!- ნათია თომას სახის ყველა კუნთს აკონტროლებდა. თომას ოდნავი ღიმილი გადაეფინა ბაგეზე. ნათია არ ჩუმდებოდა: - გამეცი ხმა და გამახარე, ჩემო ერთადერთო. აღარასოდეს გამექცე. სულ ერთად ვიაროთ სულ, სუუულ...
   -დე... -მხოლოდ ეს ამოთქვა თომამ ისე, თვალი არ გაუხელია.
   -ჰო, დედა გენაცვალოს. შენს გვერდით ვარ. მალე ძალიან კარგად იქნები.
   თომას მეტი აღარაფერი უთქვამს. ალბათ ძალებს იკრებდა. ნათიამ კი დროის
შეგრძნება დაკარგა და მოლოდინად გადაიქცა. არ გაუცრუა ეს იმედი შვილმა, ცოტა ხანში ისევ სასიამოვნოდ ააფორიაქა:
   -დეე...
   -ჰო, შვილო!
   -დე, მამა...
   -რას ამბობ შვილო?- ცოტა შეცბა ნათია.
   -ვნახე...- ნათიამ აღარ იცოდა რა ეთქვა.- დროშა მომცა. დედას წაუღეო... შეგინახავსო.- ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა თომა. ნათია ტიროდა. დიდი ბურთი ყელში გაჩხეროდა და ხმას ვეღარ იღებდა. ახლა რომ რამე ეთქვა, ღრიალი ან ყმუილი ამოუვიდოდა შეგუბებული ბგერებით. ამიტომ მხოლოდ აქვითინდა.
    -დედა არ აატიროო... მამამ...
    -შემოგევლე, შვილო!
    -დეე, დიდი რომ იქნები, მოგცემს დედა დროშასო.
    -კარგი შვილო
    -დე... გიოსთან წავიღებ. მავთულებს რომ ავიღებთ, იქ ავაფრიალებთ.
    -კარგი შვილო.
    -მადლობა, დეეე...-თვალები არ გაუხელია, ისე გაიღიმა თომამ. ახლა დედისთვის მთავარი იყო, რომ შვილი გადარჩა. რომ ის სუნთქავდა, ცოცხლობდა და მისი პულსი ჩვეული რიტმით ფეთქავდა.
   ,,ახლა მთავარი შენი ფეხზე წამოდგომაა, მოძლიერება და მერე მართლაც,რას მიქვია მავთულხლართები. ახლა შენში სუნთქავს პატარა საქართველო... ისიც
დაუძლურებულია, ჩემო სიხარულო...- ფიქრობდა დედა და ცრემლიანი ფიქრები ისევ თომას ჩურჩულმა გააწყვეტინა:
   -დედა...
   -ჰო, შვილო!
   -დე... მე შევინახავ მამას დროშას. მე ხომ კაცი ვარ.
   -კარგი შვილო! სად შეინახავ?!
   -გულში!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი