ჩემნაირი (ამონაწერი დღიურიდან)


აგერ ერთი კვირაა ნოველის სიუჟეტი მიტრიალებს გონებაში. ორგვარი დასაწყისი მაფიქრებს... ძლივს, როგორღაც დროს გამოვნახავ, დავჯდები, მოვიმარჯვებ ფურცლებს და საწერ კალამს. დავფიქრდები, როგორ დავიწყო და უცებ დამაფრინდება თავზე ლექსის მუზა, გასაქანს არ მაძლევს. ნოველას ფეხს დაუბაკუნებს და ისიც დამფრთხალი ბეკეკასავით გარბის სადღაც გადასაკარგავში. ფურცელზე კი ლექსი მორაკრაკებს.
ვევედრები: - კარგი, აღარ მინდა. ვიდრე შენგან შეშინებული სიუჟეტი არ დამიკარგავს, დამაწერინე. წადი, დაისვენე!
-არააა, მხოლოდ მე! - მპასუხობს ხალისიანად და დამაჯერებლად.
ღმერთო, როგორ მგავს. ჩემსავით მესაკუთრე და ეგოისტია. ვიდრე მართლა გადამავიწყდება ყველაფერი, რაღაც უნდა მოვიფიქრო... მოიცა, მე შენ გაჩვენებ სეირს, ვემუქრები ჩემს მესაკუთრე მუზას ახალი იდეის მიგნებით გახარებული. ვჯდები კომპიუტერთან და ვიწყებ ტექსტის აკრეფას იმ იმედით, რომ კლავიშების კაკუნი დააფრთხობს.
-ჰა, ჰა, ჰაა... - ხარხარებს უშიშარი და გამარჯვებულის იერით მეკითხება: - ამაშიც გგავარ, ხომ? არ გახსოვს, ტრანსპორტში ხმაური, ქუჩაში გნიასი, უშუქობა და ყინვაც კი ვერაფერს მაკლებდა, მაგ კაკუნისთვისაც რამდენჯერ ამიწყვია ფეხი?! წადი ახლა, დაიძინე და მე როცა დასვენება მომინდება, მაშინ გასტუმრებ მაგ ნოველისტურ სასაცილო სტუმარს.
- სასაცილოს არაფერს ვწერ!.. - ცოტა მწყინს და ვბრაზდები.
-ჩემთვის სასაცილოა, რაც რითმის, რიტმის და მარცვალთა წყობის მიღმაა. გაიგე?
-დაახლოებით...
- ჰო და დაიძინე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი