გაზაფხული
მოდიოდა. თანაც ისეთი შარმით, ისე კეკლუცად, ყველა თვალს აყოლებდა. თითქოს ირმის ფეხებზე შემდგარიყო, ისეთი ამაყი იერი ჰქონდა. შველის სიფრთხილე ახლდა მის ნაბიჯებს. ფეხზე ხასხასა მწვანე ფერის ფეხსაცმელი ეცვა, თავზე დიდი შლაპა ეხურა, ტანზე კი ბეწვის ქურქში ყვავილებით მოჩითული კაბა მოუჩანდა. ისეთი ლაღი ღიმილი ჰქონდა, საკვირველება იყო მის ლურჯ თვალებში ჩამდგარი სინოტივე. სითბოსთან ერთად იასამნის სურნელი მოჰქონდა. მოდიოდა და გარშემომყოფნი მონუსხულნი უყურებდნენ. პირზე ნერწყვმოდებულნი თვალს აყოლებდნენ მის მშვიდ ნაბიჯებს. მერე გაჩერდა. აქსესუარებისგან გათავისუფლებას შეუდგა. ჯერ თითებზე ფრთხილი შეხებით თათმანი გაიძრო, შემდეგ მოხდენილად მოიძრო თავიდან ბაფთით დამშვენებული შლაპა და ბზინვარე თმაში ჩაბნეული ატმის ყვავილები გამოაჩინა. ბოლოს ქურქიც სადღაც მოისროლა. ჭრელი, ყვავილებით მოჩითული კაბა ნარნარად შეუფრიალდა. კიდევ მეტად მიმზიდველი და ჰაეროვანი აღმოჩნდა ასე. მზეს შესცინა მშვენიერებამ. თაყვანისმცემლებს მოწიწებითა და ამაყად თავი დაუკრა და ვარდების ხეივანში ჩამოჯდა. - მოვიდა, ნახეთ, მოვიდა!- ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს მომლოდინე თაყვანისმცემლები. - ჰო, გაზაფხული მოვიდა... - სიხარულს ვერ მალავდნენ მოჟღურტულე ბეღურები. გაზაფხული კი ვარდების ხეივანში ჩამომჯდარი მათ სიხარულს ღიმილს აგებებდა. მერე ფეხი ფეხზე გადაიდო, ცივი წყაროს წყლით სავსე ბროლის ჭიქას ნაზი , თლილი თითები შემოაჭდო, ფრთხილად მოსვა, ისევ გაიღიმა და თქვა: - მოვედი. მე გაზაფხული ვარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი