ჭირისუფალი (მოთხრობა)


სამშაბათ დილას არც დედის გაუთავებელ ,, ადექი, გაგვიანდებას“ გავუღვიძებივარ და არც ფანჯარასთან მომდგარ მზის სხივებს დაუთვლიათ წამწამები. მეზობლების ხმაურმა და ვიშვიშმა გამომაღვიძა.

-დედა!- გავძახე საბნიდან თავ ამოყოფილმა. დედას არ უპასუხია. -დეეე! - ამჯერად უფრო ხმამაღლა დავუძახე, თან საწოლში წამოვჯექი. ისევ უპასუხოდ დავრჩი. სასწრაფოდ წამოვხტი, მისაღებ ოთახში გამოვედი და ეზოში გადავიხედე. მეზობლები კამათობდნენ. სიტყვები ვერ გავარჩიე, სამაგიეროდ დავინახე დედა, ორ მეზობელთან ერთად ლოთი ოთარის ბინიდან რომ ამოდიოდა.

ერთი წლის წინ ამ ბინაში სხვა ოჯახი ცხოვრობდა, მერე მათ მეზობელ ქუჩაზე კორპუსის ბინა იყიდეს. როგორც მეზობლები ამბობდნენ, სარდაფიდან გაფრენა მოინდომეს, მეთოთხმეტე სართულზე ავიდნენო. ამათ ოღონდ სალაპარაკო მიეცი და რას არ იტყვიან. ჩვენს ეზოში ბინაც მალევე გაყიდეს. მართალია, ნახევრად სარდაფი იყო, მაგრამ არც ისე ნესტიანი. ფართობიც დიდი იყო და კედლებიც მყარი და თბილი. მაშინ გადმოსახლდა ჩვენს იტალიურ ეზოში ლოთი ოთარიც. პოლიციის თანხლებით მოვიდა ეს მოხუცი. ბინა ძველი, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული ავეჯით გამოავსო. მეზობლებთან ნაკლებად კონტაქტობდა, თუმცა უფრო პირიქით, მეზობლები გამარჯობასაც ძლივს მიუგდებდნენ-ხოლმე. ერთ-ეთმა ჭორიკანა მეზობელმა, მხოლოდ ის ამბავი შეიტყო, რომ ლოთი ოთარი, ერთ დროს მაღალი თანამდებობისა და დიდი სიმდიდრის პატრონი, ახლა ამ სახლის ამარა დარჩენილა თავისი შვილის გამო, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებასა და ხულიგნობის მუხლით სასჯელს იხდიდა.

ლოთი ოთარი თუ ფხიზელი იყო, სახლში შეიკეტებოდა-ხოლმე, ნასვამი კი დაეხეტებოდა ქუჩებში. ხანაც ისე გაილეშებოდა, ეზოს ჭიშკართან მწოლიარეც კი გვინახავს. ამიტომაც დაარქვეს ლოთი ოთარი. ჩვენს ეზოში ფეხის შემოდგმის დღიდან, ზედსართავი სახელის გარეშე მისი სახელი არავის წარმოუთქვამს. ყველა ალმაცერად უყურებდა. ბავშვები მშობლების დარიგების გამო თავს არიდებდნენ. დედას კი არასოდეს უთქვამს მასზე ცუდი, ეცოდებოდა. ბევრი ჩვენც არაფერი გვქონდა, მაგრამ კვირა ისე არ გაივლიდა, ერთი-ორჯერ მასთან ჩემთვის ცხელი წვნიანი არ გაეტანებინა. თავიდან ოთახში შესვლის მეშინოდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. მიუხედავად იმისა, რომ ლოთობდა და გარეთ ხშირად წაქცეულს დასვრილი ტანსაცმელიც ეცვა, სახლი მუდამ სუფთად და დალაგებული ჰქონდა. ავეჯი უგემოვნოდ განლაგებული იყო, კედლებზე უამრავი საინტერესო ნახატი ეკიდა. ერთხელ მითხრა, ეს ჩემი სულის საზრდოა და ვიდრე ცოცხალი ვარ, ვერ შეველევიო. ნელ-ნელა მის მიმართ შიშმა იკლო და აღმოვაჩინე, რომ უზომოდ თბილი თვალები ჰქონდა, ჭაობისფერი, ღრმა და ნათელი. სახეზე ნაოჭებს ვერც კი დაუთვლიდი, უამრავი შტრიხი დაეტოვებინა მის ყველა ემოციას.

დედამ ეზოდან შემნიშნა, ფანჯარასთან რომ ვიდექი და კიბეზე ამოირბინა.

- თორნიკე, გაიღვიძე, დედი?

- ჰო, დედა, რა მოხდა გარეთ?

- ცუდი ამბავია, შვილო.- თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა. - ლოთი ოთარი გარდაიცვალა. ღამით დალია სული ალბათ საწყალმა. ამ დილას უკვე ცივი იყო.

- როგორ გაიგეთ?- გამიკვირდა, რადგან მას არავინ აკითხავდა. არც გარეთ გამოუსვლელობა იყო უცხო.

- საწყალი, ალბათ ცუდად იყო. არავინ შეგვაწუხა. ეზოში, მის კიბეებთან ძაღლი ყმუოდა. თვითონ კი კარი ღია ჰქონდა დატოვებული და საწოლზე შარვალ-კოსტიუმში ლამაზად გამოწყობილი იწვა. გულზე ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა ქალის ფოტო ედო. მაგიდაზე რამდენიმე წერილიც დაგვხვდა. დახურული კონვერტები ძაფით ერთად ჰქონდა შეკრული და ზემოდან ფურცელი ედო, სადაც ეწერა, დასაფლავების დღეს სასამართლო უწყების თანამშრომელს გადაეცითო. საცოდავმა ალბათ შვილს დაუწერა რამე. გამგეობაში დავრეკეთ. ეეეჰ... მოდი, შვილო, საუზმეს გაგიმზადებ, მე ჩავალ ისევ. რამე უნდა ვიღონოთ მეზობლებმა. გამგეობის იმედად ხომ არ უნდა დავტოვოთ მიცვალებული. - დედა გარეთ გავიდა. საუზმეს მივუჯექი, მაგრამ ყელში ლუკმა არ გადამივიდა. ლოთი ოთარის ჭაობისფერი თვალები და დაკოჟრილი ხელები მედგა თვალწინ. კიბეზე ჩამოჯდებოდა-ხოლმე, დამჭკნარ ხელზე ნიკაპს ჩამოაყრდნობდა და საათობით ფიქრობდა. ვინ იცის რაზე... მეზობლებს თითქმის არავის უყვარდა. ახლაც ღია ფანჯრიდან მესმოდა მათი უკმაყოფილო ხმა, ნეტა ვისთან რა აქვს გავალებული, რომ ახლა მასზე ვიზრუნოთო. ესეიგი სიკეთესაც ხურდა და ვალი სჭირდება? არამგონია, ასე იყოს. აბა, დედა ისეთი რუდუნებით მეტყოდა-ხოლმე, შვილო, საჭმელი წაუღეო, თითქოს ვინმე ჩვილ ბავშვზე ზრუნავდა. მე დედასი მეტად მესმის და მჯერა.

ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე. ზაზა რეკავდა, თანაკლასელი, სკოლა რატომ გააცდინეო. მეზობელი გარდაიცვალა-მეთქი. რომელიო? რომ გაიგო, გაიცინა, ბევრი არ იტიროო. მე კი ცრემლები ყელში მებჯინებოდა. თუმცა რა მიკვირს, მე სხვებზე ახლოს ვიცნობდი ამ მოხუცს.

დედას პატარა სამკერვალო ჰქონდა სახლთან ახლოს. სულ ოთხნი მუშაობდნენ. ერთხელ შარვალი და პერანგი მოიტანა სამკერვალოდან. მერე ღრმა თეფშზე წვნიანი დაასხა და უხმოდ მანიშნა წაუღეო. ის პერიოდი იყო, სკოლაში ერთ-ერთი უსიამოვნო ფაქტის გამო, საყვედური რომ უთხრეს ჩემზე დედას და თითქმის არ მელაპარაკებოდა. მეც ზანტად წამოვდექი, ავიღე ტანსაცმელი და თეფში და ჩავედი ლოთ ოთარისთან. კარზე დავუკაკუნე. შემოდიო, გამომძახა. საუბრის თავი არ მქონდა. ვიფიქრე, რომ არ შევალ, გამოვა და თვითონ გამომართმევს-მეთქი. კარი კი მართლაც გააღო და შემომცინა, მაგრამ ისე მკაცრად მითხრა, შემოდიო, უნებურად დავემორჩილე.

მანდარინით სვსე ჯამი დამიდო წინ. თვითონაც დაჯდა. რა ხდება სკოლაშიო. არაფერი-მეთქი. კარგა ხანს ვისხედით ჩუმად. მერე თავი არ აუწევია, ისე თქვა, იცოდე, დედას არასოდეს აწყენინო. ის ერთადერთია, ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ და ეს სულ ასე იქნება, მასზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს. ამ სიყვარულისთვის კი ვალი გაქვს გადასახდელი, რომელსაც ვერ გადაუხდი, მაგრამ მაინც უნდა შეეცადო. ვალს კი შენი ნაბიჯებით აბრუნებ და დაუფიქრებლად არასოდეს გადადგაო. მეტი არარაფერი უთქვამს. სიჩუმე მხოლოდ ჩემმა კნავილმა დაარღვია, წავალ-მეთქი. ისევ არ შემოუხედავს, მხოლოდ თავი დამიქნია.

დედა სახლში ამოვიდა. ხელში რაღაც მომცრო ზომის რვეული ეჭირა.ბევრი არ გვისაუბრია. საჭმელიც არ გიჭამიაო, შეწუხდა. მერე ერბო-კვერცხი შეწვა და მაგიდას მივუსხედით. ორივე ფიქრებმა წაგვიღო. დუმილი დედამ დაარღვია: ,, რა ხანოკლეა ეს წუთისოფელი და როგორ ადვილად იცნობა ჭირში მოკეთეც და მტერიც. თუ კარგად დააკვირდები, რა მარტივად გაჩვენებს ადამიანი თავის სახეს და ააშკარავებს სანდოა თუ გულბოროტი. როცა ვინმესთვის ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია“, ის ვერასოდეს მიიტანს სათანადოდ გულთან ვერც ახლობლის ტკივილს.’’ არ ვიცი კონკრეტულად ვის გულისხმობდა, მაგრამ ეზოში გამართული დიდი მსჯელობის შემდეგ რომ გააკეთა ეს დასკვნა, ცხადი იყო. არაფერს შევკითხვივარ. ჩემს ოთახში შევედი და დავწექი. არც ის მახსოვს როდის ჩამეძინა. მხოლოდ ღამით გამომეღვიძა და მისაღები ოთახიდან ჩემთან შემოსულმა სინათლემ შემაკრთო. გამოვედი, მისაღებ ოთახში დედა ტახტზე იჯდა, ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და დღეს შემოტანილ პატარა რვეულს ჩასცქეროდა. არ შევუმჩნევივარ. მეც უხმოდ შევბრუნდი უკან და აღარც დამძინებია. სისხამ დილით მომესმა დედას ნაბიჯების ხმა. ცოტა ვადროვე და მერე მისაღებში გამოვედი. გამიხარდა, რვეული იქ დამხვდა. დაუკითხავად ავიღე და ოთახში შევიტანე. ლამაზი კალიგრაფიით ნაწერი ლექსები და ჩანაწერები იყო. ოთარ გეგეჭკორი - ეწერა ყდაზე. ჯერ ლექსისკენ გამექცა თვალი:

***

მტერი ვერაფერს დაგაკლებს იმდენს,

როგორც მოყვასის შემცდარი გონი;

როცა სასწორზე სინდისი გიდევს,

დაე, დაიწვას პინის მომგონი.

ისე უბრალოდ გესვრიან ტალახს,

თითქოს მსაჯულის ეცვათ მანტია.

ყველა ზევიდან მიყურებს, რადგან

დრომ ერთი ცოდვაც არ მაპატია.

რამდენიმე ფურცელი ერთად გადავშალე. ერთი ჩანაწერი ასე იწყებოდა, ,,შვილო“. ამიტომაც მიიქცია ჩემი ყურადრება:

,,შვილო, არც ვიცი, ხარ თუ არა ღირსი ასე მოგმართო, რადგან შენ მე შემარცხვინე. შენ, ჩემი და ლიას შვილმა ჩვენს კეთილ გზას უარი უთხარი. ალბათ მალე წავალ ჩემს ლიასთან, მაგრამ ვერ გავახარებ შენით. თვალებშიც ვერ შევხედავ. ვერ გიპატრონე ისე, როგორც საჭირო იყო, როგორც მას სურდა. ბევრი უნდა მომეკლო შენთვის, უდედოდ დარჩენილი არ უნდა შემბრალებოდი და ყველა ახირებაზე არ დაგთანხმებოდი. პირადი ცხოვრებაც კი შემოგწირე, ლიას სანთლად და შენს კელაპტრად ვიქეცი. ვერ გამიმართლე იმედები, არც შვილად ივარგე და არც ქმრად. მე? მე კარგი შვილი ვიყავი, ქმრობა არ დამცალდა, მამად კი ვერ ვივარგე. სამსახურის გამო ყურადღება მოგაკელი. ის ძვირფასი დრო მოგაკელი, რა დროშიც კაცობა უნდა გესწავლა. რასაც დავინახავდი,სავალი გზიდან ყველა ღორღსა და ქვიშას გაცლიდი, რომ ფეხი არ წამოგეკრა. ბევრი ვერც დავინახე, მაგრამ აქ შევცდი. ფეხწამოკრული რომ წამოგაყენე და უკან არ მოგაბრუნე იმ ქვის ახლიდან და კარგად დასანახად. შენი კიბეზე ასვლა რომ მახარებდა, უკან გამობრუნებულს წინ უნდა გადაგდგომოდი და თვალებში ჩაგვეხედა ერთმანეთისთვის. მეტი თავისუფალი დრო უნდა გამომენახა და შენს გვერდით ვყოფილიყავი. ესაა ის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მშობლები ვაწყდებით. შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ და მერე მოუცლელობაზე იმდენს ვწუწუნებთ, თითქოს ვინმე შეგვიცვლიდეს და შეგვიმსუბუქებდეს ყოფით პრობლემებს. ვეძებთ კონკრეტულ დამნაშავეს, რომ ყველაფერი დავაბრალოთ და ვამხილოთ. მაშინ სამსახურსა და მისგან დაკისრებულ მოვალეობებს ვთვლიდი უმთავრესად, პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნდა და იმიტომ. თუმცა ახლა ვფიქრობ, იმ მოვალეობებს საზოგადოება მაკისრებდა, შვილზე პასუხისმგებლობას კი უფალი გვაკისრებს. მაშასადამე, უმთავრესი ეს უნდა ყოფილიყო. მეც შემეშალა...“

ცრემლები მომდიოდა, გული თბებოდა და კიბეზე ჩამომჯდარი და ჩაფიქრებული ლოთი ოთარის სახე თვალებიდან არ ამომდიოდა. თურმე რამხელა ტკივილს ატარებდა ტვირთად, მარტოდმარტო.

ბოლო ჩანაწერისაკენ გამექცა გონება. რიცხვს დავხედე, ორი დღის წინ ჩაუწერია:

,,ზოგჯერ როგორ ვკარგავ სახეს. ეს მე არ ვარ. გუშინ ბევრის დალევა მომივიდა. აქვე ახლოს მეზობელი თათულის სამკერვალოა. იქ კიბეებთან წავქცეულვარ. რა სათუთი ქალია. სამკერვალოში შემიყვანა და მამასავით მომიარა. ყველა თავს დამტრიალებდა. ბოლოს როდის ან ვინ იზრუნა ასე ჩემზე, აღარც კი მახსოვს. ცოტა რომ გამოვფხიზლდი, სახლში მერე გამომიშვა. შვილი ჰყავს ისეთი, მართლა რომ ვინატრებდი მის ბაბუობას. ის არასოდეს ასცდება გზას, რადგან თათულისნაირი დედა იშვიათია. თორნიკეს რომ ეზოში ვხედავ, გული მინათდება. იმედი მეძლევა იმის, რომ ჩემს ქვეყანას კარგი თაობა ეზრდება. თუ მშობელი სათანადო ყურადრებას არ მოაკლებს და სწორად აღზრდაზე

იფიქრებს, შედეგიც სასურველი დგება. შვილზე ზრუნვა მე სამშობლოზე ზრუნვა მგონია. განათლებული და სწორად აღზრდილი ახალგაზრდა ძალაა ქვეყნისთვის. მე ვერ გავზარდე ღირსეული, მაგრამ ამ შეცდომას გამოვასწორებ, ჩემი სიკვდილის შემდეგ...“

დავიზაფრე. როგორ ვყვარებივარ ამ მოხუცს. გული შემეკუმშა. ბალიშზე სახით დავემხე, რომ ჩემი ღრიალის ხმა ჩამეხშო. საწყალი მოხუცი, ის ხომ საუბარსაც მონატრებული იყო. რამდენჯერ მითხრა, თავისუფალ დროს მესტუმრე, შენს საყვარელ წიგნებზე, მწერლებზე და სკოლის ამბებზე ვისაუბროთო. თუ რამეს მეკითხებოდა, მოკლედ ვპასუხობდი. ამ ერთი თვის წინ ცოტა დიდხანს გავჩერდი მასთან. სად გინდა სწავლა გააგრძელოო? ჯერ არ ვიცი, თუმცა მარკეტინგიც მიზიდავს და ტურიზმიც-მეთქი. კარგად დაფიქრდი, ვიდრე პროფესიას აირჩევ, რადგან შენი საქმე თან ძალიან უნდა გიყვარდეს და თან ოჯახი გირჩინოსო. თუ მარკეტინგს ავირჩევ, საზღვარგარეთ მინდა მერე სწავლის გაგრძელება, მაგრამ დედას ამხელა შემოსავალი არ აქვს თავის სამკერვალოდან და ალბათ ვერ შევძლებ-მეთქი. გაეღიმა. აღარაფერი უთქვამს. სახლიდან გამოსვლისას, კარებამდე რომ მომაცილა, მითხრა, შენ ძალიან მოინდომე და გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, რაღაც მოიძებნებაო.

ასე თავჩარგულს ფიქრებთან ერთად წამთვლიმა და თავზეც დამათენდა. დილით დედამ კარი შემოაღო.

-უკვე ჩაიცვი თუ ტანსაცმლით გეძინა?

მე თავი დავხარე და გავჩუმდი. დედა მომიახლოვდა, გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა. მერე თვალებში ჩამხედა:

-არ იდარდო. ყველა გავემგზავრებით თავის დროზე იმიერში. ლოთი ოთარისთვის შვებაა ახლა იმ ქვეყნად გადასვლა. ნაადრევი მამაშენის წასვლა იყო. ამ ბერიკაცმა ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი. დაგვაფიქრა, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. აი, შენც წაგიკითხავს მისი ნაწერები. ოდესმე წარმოიდგენდი, რომ იმ მუდამ ალკოჰოლით გაბრუებულ, ზოგჯერ ქუჩაში მწოლიარე მოხუცს ასეთი სუფთა გული და გრძნობები ჰქონდა?! ადამიანები კარგად უნდა გავიცნოთ, ვიდრე შევაფასებთ, ვიდრე მათზე ერთ სიტყვას მაინც ვიტყვით... -დედა გაჩუმდა. ცრემლი მოიწმინდა. - დღესაც ნუ გააცდენ სკოლას. მისი ნათესავები ჩვენ არ ვიცით. შვილს თავის დროზე უარი უთქვამს მასთან კონტაქტზე. ერთი წლის წინ რომ აქ გადმოვიდა, სწორედ მაშინ გაუყიდიათ და გაუყვიათ ბოლო ბინა. ეს ბოლო უძრავი ქონება იყო ლოთი ოთარის დიდი ქონებიდანო, ასე მოიტანეს ამბავი. მერე შვილი დააკავეს და დააპატიმრეს. ახლა ციხის ადმინისტრაციისთვის მამასთან გამოსამშვიდობებლად მოსვლაზეც უარი უთქვამს. ამიტომ გამგეობიდან მოვლენ ხვალ დასაფლავებაზე, დანარჩენ ფორმალობებს კი მეზობლები მოვაგვარებთ.

-კარგი, დედა, წავალ...

-ჩემს თავს გაფიცებ, ისაუზმე, ისე ფეხი არ გაადგა სახლიდან. სუფრაზე დაგიწყვე ყველაფერი. მე ჯერ სამკერვალოში გავალ, გოგონებს მითითებები უნდა მივცე.

- კი ვისაუზმებ , არ იდარდო. მშია კიდეც. - დედა გავიდა.

,,შენ კარგად უნდა ისწავლო“- ჩამესმა ლოთი ოთარის ნათქვამი. ავდექი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ვისაუზმე და სკოლაში წავედი. უკან დაბრუნებულს ჩემი ოთახიდან თავი აღარ გამომიყვია.

მეორე დილით დედას ვთხოვე, გასვენებაზე მეც დავრჩები-მეთქი. არა, არ არის საჭირო. ახლა შევიდეთ, გამოემშვიდობე და წადი სკოლაში. მეზობლებიც კი ყველანი არ იქნებიანო. აღარაფერი მითქვამს, დავემორჩილე. მე და დედა ერთად ჩავედით ლოთი ოთარის ბინაში. მივედი მის ცხედართან. ჯერ შეხება ვერ გავბედე, მერე წუხანდელმა ჩანაწერებმა ტიტრებივით გაირბინეს გონებაში და ამოვიოხრე, ცრემლები თქრიალით წამოვიდა თვალებიდან. ხელი შევახე მის დამჭკნარ და გაყინულ ხელებს. ეს კაცი ჩემს ბაბუობას ნატრობდა, ვუყვარდი. მე კი ეს სიყვარული არ დავუფასე, ვერც დავინახე, არც შევეცადე დამენახა. დღეს კი წავა და ვეღარასოდეს ვნახავ. არადა ხომ შემეძლო ცოტა მეტი ყურადღებით მისი ტკივილი შემემსუბუქებინა, ლამაზი წუთები მეჩუქებინა. სხვას რას ითხოვდა ჩემგან, არც არაფერს. ვფიქრობდი ამ ყველაფერს და ვეღარც ვაცნობიერებდი, როგორ ვსლუკუნებდი. თხუთმეტი წლის კაცი ვიდექი და პატარა ბავშვივით ვბღაოდი. მაგრამ სიკვდილი ხომ არც მსხვერპლის ასაკს ადგენს და არც ჭირისუფლისას. ჰო, ახლა ,,ჭირის უფალი“ მე ვიყავი. უცხო ან ახლადგაცნობილი ადამიანის ჭირისუფალი. მე უნდა მეტირა და დედას, სხვა ცრემლს ვერ გაატანდა. დედამ ტირილი დამაცადა. მერე მოვიდა, მხარზე ხელი დამადო, ჭიქით წყალი მომაწოდა, ხომ კარგად ხარო.. ,,დედას არასოდეს აწყენინო“,- ისევ ლოთი ოთარის სიტყვები ჩამესმა. დედას გადავხედე, კი კარგად ვარ. სკოლაშიც წავალ და კარგადაც ვისწავლი, არ ინერვიულო. დედას ვაკოცე და წამოვედი. გაკვეთილზე ყურადღება მეფანტებოდა, საათს დავცქეროდი. გონებით ჩვენს ეზოში ვტრიალებდი. თუმცა გაკვეთილების შემდეგ ფეხით მარტო გამოვუყევი ქუჩას და სახლში ჩვეულებრივზე გვიან მივედი. მეზობლები ისევ ეზოში იდგნენ. გამაკვირვა მათმა სიმრავლემ, ამდენი გასვენებაში მისვლას არ აპირებდა, ახლა კი აქ გამოფენილები რაღაცაზე ბჭობდნენ... მიზეზს გვიან მივხვდი. რომ დამინახეს, თავი ყველამ ჩემსკენ შემოაბრუნა. მივესალმე. მათაც სალმითვე მიპასუხეს. სახლში ავედი. დედა სავარძელში იჯდა. ხელში შუაზე გაკეცილი ფურცელი ეჭირა და ჩაფიქრებული სადღაც ერთ წერტილს უყურებდა. ნამტირალევი თვალები დაწითლებოდა და ქუთუთოები შეშუპებოდა.

-დედა, ხომ კარგად ხარ? - ვკითხე ცოტა შეშინებულმა.

-თორნიკე, ლოთ ოთარისთან რომ საჭმელს გატანდი, საუბრობდით-ხოლმე?- დედის კითხვამ დამაბნია.

- რა ვიცი, ცოტას, ხანდახან...

- რაზე საუბრობდით?

- როგორ ვსწავლობდი, რას ვაპირებდი მომავალში...

- რას აპირებდი, რა უთხარი?

-რა მოხდა დედა?

- არაფერი მომხდარა. უბრალოდ, რა იცოდა შენს ოცნებებზე, ის მაინტერესებს.

- ის, რომ რა სპეციალობასაც ავირჩევდი, საფუძვლიანად მინდოდა მისი შესწავლა.

-გასაგებია! - თქვა დედამ დიდი ფიქრის შემდეგ.

-რა არის გასაგები? - ახლა მე დავიბენი.

დედამ ამაზე არაფერი მიპასუხა. წამოდგა.

-წამოდი, ისადილე. - უხმოდ გავყევი. მაგიდას მივუჯექი. ნელა და უსიამოვნოდ დავუწყე ღლოკნა პურის ქერქს. - მიაყოლე საჭმელი. - გაკვირვებულმა შემომხედა დედამ.

-დედა, რაღაც მოხდა და არ მეუბნები.

დედა სამზარეულოდან გავიდა. ცოტა შევჭამე და მეც მისაღებ ოთახში შევედი. კითხვა აღარ დამისვამს, დედამ ისე გამომიწოდა ორად გაკეცილი ფურცელი:

-აი ეს მოხდა!

ფურცელი გავშალე და ყველა ასო ერთმანეთში აირია. ვკითხულობდი და კითხვის ადგილი მეკარგებოდა. მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი წავიკითხე გარკვევით. დედას შევხედე:

-კარგი რა, დედა, რა არის ეს. მართლა ვერაფერი გავიგე?!

-ლოთი ოთარის მსგავსი ადამიანები კეთილ კვალს ტოვებენ. ცუდი ისაა, რომ მათნაირების დანახვა და დაფასება სიცოცხლეშივე არ შეგვიძლია. გუშინ გითხარი, წერილები დატოვა-მეთქი. იმ წერილებიდან ერთი შვილს ეკუთვნოდა, მეორე - ციხის ადმინისტრაციას, მესამე კი შენს ხელშია. მაგ წერილში უბრალო სარდაფში დატეული და ვერ დანახული დიდი გული დევს. შენ სწავლას გთხოვდა ის ბერიკაცი და გაიმედებდა, რომ შეუძლებელი არაფერი იყო. ჰო და თავისი ბინა დატოვა შენთვის. გაყიდვის შემდეგ მთლიანად შენს სწავლას მოხმარდება. მან დანაპირები შეასრულა. ახლა კი... ახლა შენი ჯერია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი