არარაობად ნუ დარჩები...
არარაობავ! არსი-აზრი ცხოვრების ჰპოვე, ნუ დაემდური ბედისწერას სიავეს შენსას. ჩაუთრევიხარ მრუდე აზრთა ულმობელ მორევს, ისე ჩანთქმულხარ, აღარ გესმის მაგ გულის ძგერა... მჩხიბავს ხლებიხარ, გადიგდვია მარცვალი ყორეს, უკვე შეთხზულით - შემოქმედის უარყავ შენ გზა. უშრეტ სმენაში მალვით ურევ შოპენის ნოტებს და გარდამოხსნის მოლოდინში წყვდიადში ელავ. გზა სულ არ მიდის ორ ბილიკად, მიმოიხედე! ან ხატით როდი უხმობ წმინდანს, ახარებ ეშმას. ლიანდაგებზე გაწოლილი ამაოება მსხვერპლს ეძებს, შენ კი, არც ეცადო წამოყენებას... ჩაიხლართება ფიქრთა ჯაჭვი, გაჰყურებ შორეთს, ასე ახლოა, დამხობილი წესრიგის ცნება. ფანტავ იმედებს, ვით სხეულზე მიშვერილ ტყვიებს, უსასოების ხახას აქცევ შენს ბედისწერად... თუმცა, კიაფობს, ამჩნევ პატრუქს მგზნებარე ალით, ვით სამსხვერპლოზე ეხილებათ თვალები ბრმათა, მაჯას დაჰყურებ ამოუწვავთ - ის ახლა შანთით, -"მატერიაა"! - იცინი და აგიჟებ ჯალათს. არარაობად ნუ დარჩები, ჰპოვე რაობა! ნათელს ბნელს ნუ ჰრევ, ბოროტს კეთილს, გაავლე მიჯნა. თუ ლაბირინთში შეგიტყუა აზრთა სხვაობამ - ბრბოს ნუ აჰყვები, შთაგონებით აიჭერ ცის თაღს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი