ახლა განცდები ქაოტურია
გზა გაკვალული მიუვალია, და ეგ სიტყვებიც მხოლოდ ფარსია, ახლა მარტია ზეცას შევქუხი და ღრუბელთ ჯარი თავს დამხვევია. ქვემოთ დაისი ხელს ართმევს აისს, რომ გაიყოლოს ძლიერ სწადია, ამ დროს აცეკვდა ცის ფონზე მზე და დარი-ავდარიც რიტმს აჰყოლია. ჩემი ხარხარი წვეთად იფრქვევა, არ უჩნს საშველი ამ ორომტრიალს. იებმა თავი დახარეს მორცხვად, ასეთ გაზაფხულს არ შეჰხარიან. ფირუზისფერმა დატოვა ზეცა და ჩაიღვარა გუგებში ტიალ, ტბასაც იგივე ბედი მოელის თუკი დატოვებ მაგ თვალებს ღიას. ნიავს არ ენდო ის ოხერია, მოგხვევს სუსხისფერ სურვილთა სიას, ჩაეკონება მაგ კისრის მალებს და კულულებზე დაიწყებს სრიალს. „განა რა მოხდა, თუ აურია"? ვიცი, გაწვალებს ფიქრები ფრიად, თუ დაგავიწყდა რად გარდაიქმნა სიოს ალმურის მომდები ჭია? შენში დანთებულ ნაკვერჩხალს ვებრძვი, თუნდ ამშვენებდეს მაგ სახეს მთლიანს, სხვებივით როდი შევტრფივარ ნაკვთებს - ჩამონახოკსა და მაინც მზიანს. ეგ უტყვი მზერა შენი ფარია, მონოლოგს იწყებ ასე მგონია, თუმცა ძველია შენი იარა, მოვგლეჯ სიღრმიდან როგორც ხვიარას. შემოვიჭრები უცნობი გზებით, ექსპანსირება გარდუვალია, თუ ჰანიბალმა მოვლო ალპები, მე გამოვყვები სისხლძარღვებს ტრიალ... აბზინდის სუნმა მგონი ამრია, ან ეს სიმძაფრე გრძნობიდან ჟონავს, ახლად შობილი ჩლიქოსნის მსგავსად, ვდგები, ვეცემი, ნაბიჯებს ვზომავ. და მეც ვიღვიძებ ჩემსვე სიზმარში, სადაც კვლავ სუფევს იერარქია, შენ - ბედუინი ღონემიხდილი, მე - ოაზისი მირაჟად ვდგივარ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი