შავ - თეთრი ქალაქის,შავ - თეთრი უბანი. ( ნაწილი მეორე )


( მზეო ამოდი ) 

ყველაზე მაღალი სართულის სადარბაზოში,
კიბეების წინ, 
კედელზე 
რგოლი იყო გამოჭრილი.
იმ რგოლში, სულ ღამე სჩანდა.
ბავშვობიდან მახსოვს,
ჩავიმუხლებოდი ხოლმე,
და მზეს ველაპარაკებოდი.
...
- მზეო, ამოდი.
ჩემთან წამოდი,
მე
წამომყევი,
შავ ზღვასთან. - რგოლში ცას ვუყურებდი.
მზეც მიპასუხებდა:
- მე თუ
შენც მომიძულე...
იცოდე,
მდგმურად დავუჯდები
ვარსკვლავთა ცებს,
ან ღამის შუქურებს.
- მზეო, ამოდი...
ნუ გამაჩუქებ...
ჩემს თავს
ნუ აჭმევ
ამ სამუდამო,
შავ ნამწუხრევს.
მზეო, უშენოდ, დაღია გულზე.
დაღია ქალაქშიც,
მას ეძახიან "სიბნელის ქუჩებს."

***

კართან
უხილავი აისია.
ზურგიდან თვალთაქვეშა ტბებამდე,
იარები მიდიან.
ჭორფლებად,
ნაოჭებად,
ნაკვთებად ქცეულნი.
მზეო, ამოდი.
ჩემთან წამოდი,
უკვე მერამდენე დღეა,
ფიქრით სული,
უშენობით გული,
არსება ჩემი, ჩუმი,
სულ დაილია.


( მიმიკა ) 

გასვენებიდან დაბრუნებულს ბელა მხიარული მომეჩვენა.

-რა გაცინებდა ?! - მკაცრად ვკითხე.
-უბრალოდ ვიღიმოდი,რა არ შეიძლება ?! - ოსტატურად გადაატრიალა გასაღები კარში.
-რაზე?! 
-ისე ვიღიმოდი…

მაგიდასთან ჩამოვჯექით,ძალიან დაღლილი ვიყავი და სიგარეტს გავუკიდე.

-ნუ ეწევი სახლში !
-ჰოდა შენ ნუ გეცინება სამძიმარზე ! - კლასიკა “ აბაროტი “ .
-დღეს ყვავილებზე რომ ჩავედი…
-ჰო - თვალებდახუჭულმა ვუპასუხე.
-დაჯიამ მომიყვა,იმ დღეს კოტე ისე სასაცილოდ არჩევდა ყვავილებსო…- კისკისებს და მეც მეცინება.

*** 

-ჩაი გინდა ?! - ფეხზე წამოდგა.
-ჰო.
მხოლოდ ჩაიდანის და მისი შავი დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი ისმოდა.

-მაინც კარგები აგირჩევია ! მომეწონა - იღიმის. - ვაზაში ჩავალაგე. 
-წყალს ხომ შეუცვლი ხოლმე ?! - ვიღიმი და თავზე ვკოცნი.

( ნუ ფიქრობ ამდენს ) 

მთელი ღამე წვიმდა,ბელა ძილში ლაპარაკობდა და წვიმის ფონზე მის აბდაუდბა საუბარს ვუსმენდი ხანდახან.
ხან ვიცინოდი,ხან ვერ ვარკვევდი რას ამბობდა,მერე დაიღალა და გაჩერდა.

დილით ადრე გავიღვიძე,აივნიდან რომ გადავიხედე სულ სველი იყო ეზო და კორპუსთან ახლოს პატარა ბიჭებს მოეყარათ თავი…ასე ოცდახუთი - ოცდაათი წლის ბიჭებს.
ჩხიროც დავლანდე მათთან ერთად და კიდე ერთხელ გავაქნიე თავი,მეცოდებოდა…მაგრამ ხანდახან ძალიან მინდოდა სიკვდილამდე მეცემა ან ცოტა აზრზე მომეყვანა.

დაფეთებული გამოვიდა ბელა სამზარეულოში,ჩაის ვსვავდი მე უკვე.
გაშლილი გრძელი თმები არ შეუკრავს,ეტყობა ადგა თუ არა პირდაპირ აქეთ აიღო გეზი.
გავუღიმე,მერე მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.

-მშვიდობაა?!.
-არა.
-რა მოხდა ?! - შემეშინდა.
-სიზმარში ნამდვილი არ ვიყავი.
-რა ?! - გამეცინა.
-ჰო…უფროსწორად შენი ცოლი კი არა საყვარელი ვიყავი და დილით ლოგინიდან რომ წამოვდექი,იქნებ ერთი დღეც დარჩეო,ეგრე მითხარი. - საწყალი სახით ამომხედა.
მე სასაცილოდ არ მყოფნიდა მისი უაზრო სიზმარი.
-ნუ ფიქრობ ამდენს ! - გავაფრთხილე და თავზე ვაკოცე.
-რამდენს ?! - იღიმის.
-მაგდენს,უაზრობებზე რომ ფიქრობ,მაგიტომ გესიზმრება. - ვუღიმი.
-არ გესმის შენ,ჩემთვის შეურაცხყოფაა ეგ - ჩემი ჩაი მოსვა.
-თმას დაგიწნი რა ! - წელზე მოვხვიე ხელები.
-საყვარლებს თმას არ უწნიან ! - კისკისებს და ოთახში მიფრატუნობს.

( რიგი ) 

თეთრ აფთიაქთან,რომლის გარე ვიზუალს წვიმიანი ამინდი ხშირად თხვრიდა,პატარა რიგი დამხვდა.
ჩხიროც აქ იყო.
გოგა არ ჩანდა.
მაგრამ რიგი,ნაღდად იყო.
ვიდექი და ვუსმენდი წვიმის წვეთებს,
აჰა,
აი,აი.
ასფალტზე კიდევ დაეცნენ.
ვუსმენდი უბნის ბებოებს.

-კიდევ კარგი,ჩემი გოგო მიგზავნის ოსლოდან ცოტა ფულს,თორემ,მე რაც მაქვს,წამლებზეც არ მეყოფოდა. - ამაყად ამბობს მანანა.
-ჰო…აბა შენ ეგა თქვი,რა დრო დაგვიდგა,არ ჩამოვა შენი გოგო ?! 
-რავიცი აბა,იქ სადაცაა,კარგადაა.

*** 

იქვე ორი ჩემი უბნელის დიალოგს შევესწარი.

-ჩხირო რაო ექიმმა,რა დაგინიშნა?! 
-კიდევ უნდა გაიჩხიროო - იტყლარჭება უაზროდ ჩხირო.
-ჰოო? რატო ? - ბიჩოკს მიაშტერდა,რომელსაც ინაწილებდნენ.
-რავიცი,რაღაცეები მელანდება შეჩემა - ქვემოთ დაიხედა ჩხირომ და დააფურთხა.
-რა გელანდება ?! 
-ვიღაც გოგოს ვხედავ ხოლმე - თითქმის ბოლომდე ჩასული სიგარეტი მიაწოდა.
-როგორი გოგოა ? კაია ? - გაუღიმა.
-შავგვრემანი,ფითქინა,ცოტა დაბალი.
-ვა. - გაიტყლარჭა მეორეც.
-თაფლისფერი თვალები აქვს.
-თმა ? 
-ჰო,თმა წაბლისფერი.
-მეც ვხედავ ხოლმე,ვიღაც გოგოს.
-ესეთს ? როგორც მე ? - გაუკვირდა ჩხიროს.
-ზუსტად ესეთს არა,მაგრამ ის მახსოვს,ფერადია.
-ჰოდა რავიცი,გვინდა რამე აფთიაქში? - გაეცინა ჩხიროს.
მეორესაც გაეცინა,ბიჩოკი წუმპეში მოისროლა და ორივე მე მომიბრუნდა.
-კოტე,შენთან ხომ მშვიდობაა ? - მკითხა ჩხირომ.
-კი,რატო? - მობეზრებით ვკითხე.
ჩხირო ისევ გაიტყლარჭა და ორ ნაბიჯში გვერდით ამომიდგა,”პადრუშკით’.
-არა,აქ რომ დგახარ,ვიფიქრე შენც ექიმთან ჰო არ იყავი - თქო ? .
-არა,ბელას წამალზე ვარ ჩამოსული - სახე მოვისრისე დაღლილობისგან.
ცოტახანი გავჩუმდით.
-კოტე ძმა,შენც ჰო არ გელანდება ვინმე ? - იღიმის ჩხირო.

მოვიდა ჩემი რიგი.
დავუდე რეცეპტი იმ გოგოს,არც შემიხედავს რა მომაწოდეს,ღიმილით დავემშვიდობე და კორპუსისკენ დავიძარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი