C’est la vie


ამ სამყაროში რაც ხდება თითქოს ყველაფერი მძიმე ტვირთად მაწევს. 
ზოგჯერ ძალიან მინდა, მსოფლიოში ყველა არსებული  პრობლემა მოვაგვარო ერთი ხელის გატკაცუნებით და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან ჭკუიდან ვიშლები. 
ზედმეტს ვფიქრობ , ძალიან ბევრს.
ყველაზე ცუდი გრძნობაა, როცა გულში და გონებაში იმდენად დიდი ადგილი გაქვს, რომ ყველაფერს იტევ , ყველას და ყველაფერს.

ხშირად ვფიქრობ ადამიანებზე, სათითაოდ თითოეულზე , განსაკუთრებით იმათზე ვინც გარეთ ცხოვრობს, ვისაც შიმშილი უწევს და მხოლოდღა ძვლები არიან.
ხშირად გამყინვარებაში , რომ უწევთ ძილი, იმათზე.
ხშირად ვფიქრობ ჩვენზე და სიკვდილზე. 
ძალიან მწყდება გული , რომ ერთ დღეს სადღაცას აუცილებლად დავმთავრდებით.

თითქოს დიდი ხნის წინ გადავუხვიეთ გზიდან და ერთმანეთის მიმართ უგულოები და უყურადღებოები გავხდით. 
იმედი მაქვს , იმ დღეს , როცა სამყაროს დატოვება მომიწევს , ამაზე სიკვდილის წინ არ ვიფიქრებ.

ამ ბოლო დროს თავს ძალიან პატარად ვგრძნობ.
თითქოს ძალა აღარ მაქვს და საკუთარ სხეულს ვაძალებ , რომ იარსებოს.

ზოგჯერ ძალიან მიჭირს , მაგრამ ამას ჩვეულებრივ არ ვამჟღავნებ.

ღმერთო, რა საშინელებაა , მე ჩემს თბილ ლოგინში მძინავს , როცა ქუჩაში ბავშვები იყინებიან.

კატასტროფაა, როცა სულს ცხოვრება უხარია , მაგრამ სხეული ტირის და დაღლილია. 

დიდიხანია წარსული უკან დავტოვე , რაც მაღიზიანებდა ყველაფერი გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან , ჩამოვიშორე. 
გავაუქმე სოციალური ქსელი , წავშალე ყველა უაზრო და არა უაზრო ფოტოსურათი.
ამის ახსნა რთულია, მაგრამ თითქოს ახალი ცხოვრების დაწყება მინდა, სიმბოლურად იმის მერე რაც ოცი წლის გავხდი.
ვგრძნობ, რომ ძალიან შევიცვალე.
მაგრამ ეს პროცესი ძიების , რაღაც ახლის შეგრძნებით ცხოვრება, ჯერჯერობით რთულია იცი ?

ბოლო დროს ძალიან დაბნეული ვარ.
ხანდახან , მგონია რომ ჭკუიდან ვიშლები.
არადა ყველაფერი კარგად მიდიოდა რაღაც წლიდან რაღაც წლამდე.

რთული გზა და ამ სირთულის შეგრძნება არსად ქრება , მაგრამ სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. სწავლობ კონტროლს , მაგრამ აშკარაა ამ კონტროლს ნელ - ნელა ვკარგავ და მთელი ძალით ვექაჩები , რომ ჭაობმა არ ჩამიყლაპოს და მეც არ ჩავყვე.

არადა სიცოცხლეზე კარგი არაფერია.

უამრავი ფიქრი მიტრიალებს თავში.

როგორ ცხოვრობენ სხვები , როგორ ითავისებენ ადამიანის როლს და იდეალურად როგორ თამაშობენ.
მე სულ სხვა ტალღაზე ვარ. 
საერთოდ არ მიზიდავს იმის ნახევარიც კი , რაც რეალურად უნდა მსიამოვნებდეს.

ვცდილობ მეტად სერიოზული ვიყო რაღაცების მიმართ ხანდახან და სწორად მოვიქცე ამ ცხოვრებაში.
ვცდილობ ამ სამყაროს მოვერგო.

მაგრამ , მიუხედავად ყველაფრისა :

C’est la vie.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი