•შენი ღამე•
პირველი საათია, გარეთ გრილა, ცა მოწმენდილია, ვარსკვლავები კიაფობენ და არემარეს ნაზად ანათებენ, ღამის სიოც ფრთხილად არხევს ფოთლებს, რომ ირგვლივ ჩამოწოლილი ჰარმონიული მდუმარება არ დაარღვიოს. აქა იქ ძაღლების ყეფა და მწერების ჭრიჭინი ისმის, ციცინათელები უკვე გაქრნენ. ზაფხულის ერთი მშვიდი ღამეა, იდეალური ღამეა სასეირნოდ, ზუსტად ისეთი, საყვარელ ადამიანთან ერთად ჟაკეტ მოცმული და მხრებზე თმებ ჩამოშლილი რომ უნდა არღვევდე სამყაროს მდუმარე კარიბჭეს. იდეალურად მშვიდი ღამეა აზრების დასალაგებლად, საკუთარ თავში გარკვევისთვის, ან თუნდაც წერისთვის. წარმოიდგინე, ასეთი უნაკლო მომენტია, ყველაფერი თავის ადგილზეა, პრობლემები გაქრა, ახლა შინაგანი სამყაროს გამოღვიძების და სულიერების აღძვრის დროა. შენც მშვიდად ზიხარ ჰამაკში, შენი საყვარელი პიჟამით, ფუმფულა პლედით, ფინჯანი ჩაით ხელში მოკალათებული, კალთაზე კი ძველი, გაცრეცილი დღიური და საყვარელი კალამი გიდევს. ამ დროს ხვდები რომ ესაა სრულყოფილება, კალამს ხელში იღებ და სულაც ჩანაფიქრის გარეშე იწყებ წერას, შეგიძლია ყველაფერზე დაწერო: შენს ჩავლილ დღეზე, მნიშვნელოვან მომენტებზე, ხალხზე რომელმაც გაგაბედნიერა ან გაგანაწყენა, შინაურ ცხოველებზე, საავადმყოფოს კედლებში მცხოვრებ ადამიანებზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ან ნებისმიერ რამეზე რაც თავში მოგივა, რასაც კალამი დაწერს. ახლა ზუსტად ის დროა მოდუნდე და ღამეს საშუალება მისცე გასიამოვნოს, თავი ცოცხალ ადამიანად გაგრძნობინოს , წარსულზე ფიქრებში ან შექმნილ ილუზიებში გამოგზაუროს, შენი თავი დაგანახოს და მიგახვედროს რაოდენ ლამაზი ხარ როცა ღამეს მიენდობი როგორც ზღვის ტალღებს, როცა ყოველდღიურ ნიღაბს მოიხსნი და ისეთი ხარ როგორიც მხოლოდ მსგავს მომენტებში: წრფელი, ნაზი, უმწეო და გულუბრყვილო, ფერადი აზრებით და სულში მოდებული გაზაფხულით. ახლა ის დროა, მოდუნდე და საკუთარ თავს მიენდო, მიენდო ღამეს, და, მიენდო კალამს! ✨
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი