))


ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებზე უნდა მოგიყვეთ.
გარშემო ისინი იმდენნი არიან, რომ არც თქვენ დაგრჩებოდათ შეუმჩნეველი.
  
  "მწუხარე სახის რაინდებს" სჯერათ ბედის სიმუხთლის და უკუღმართობის. თვიანთი უბედურების მიზეზი ყველაფერია გარდა საკუთრი შეცდომებისა. გამუდმებით ებრძვიან ქარტეხილებს, წარმოიდგენენ თავს გარემოების მსხვერპლად და ამ როლის თამაში განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრით.

  ჩვენ მხოლოდ როლებს ვირგებთ, სხვა დანარჩენი უკვე განსაზღვრულია. წინდახედულება, როლის სწორად შერჩევაში გამოიხატება. ის, აუცილებლად გამოცდილების შესაბამისი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ჩავფლავდებით. ხომ გინახავთ, ადამიანები შეუფერებელი როლებით?! ცდილობენ დაემსგავსონ ინტელექტუალებს და უაზროდ არახუნებენ ყველა იმ სიტყვას, რაც მათთვის ინტელექტთან ასოცირდება. შეუფერებელ კონტექსტში ახსენებენ კანტს, ფროიდს ან ნიცშეს… ამით გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. თუმცა, შესრულება ჰყიდით. იმდენად ხელოვნურები არიან, რომ  მაყურებელში მხოლოდ სიბრალულის გრძნობას იწვევენ.

  საკუთარი როლის პოვნა არც ისე მარტივია – ზოგი ზედმეტად შეგვეფერება და ჩვენია, ზოგიც ნათხოვარივით გვაცვია ტანზე. შევხვედრილვარ ადამიანებს, განსაკუთრებული ალღოთი – სხვის როლშიც რომ შეუძლიათ შესვლა, ანუ იმის განჭვრეტა, რას მოიმოქმედებს სხვა ადამიანი. დატოვო საკუთარი თავი და შეხვიდე სხვის კანში, ეს რაღაცით ემპათიას ჰგავს, მაგრამ არა, ემპათია სხვისი განცდილის საკუთარ თავზე განცდაა. აქ კი, კი არ განიცდი და გესმის, უბრალოდ იცი რას მოითხოვს როლი. როლის აუცილებლობის გესმის და არა როლის შემსრულებლის. ვისაც ეს ესმის, განსაკუთრებული ნიჭი აქვს. იცის რა როლი, შეუძლია განვჭვრიტოს თამაშის დასასრულიც.
 
  ადამიანები ხშირად ვურევთ თამაშს და სიყალბეს ერთმანეთში. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რას წარმოადგენს, აუცილებლად ჩამოგითვლით რამდენიმე როლს ერთად, რომელსაც ისე ასრულებეს, რომ გაცნობიერებულიც არ აქვს. ადრე თუ გვიან, ყველა თხზავს ისტორიას რომელსაც თავის ცხოვრებად თვლის, ზოგი რამდენიმე ისტორიასაც. სიყალბე ცუდი შესრულებაა და არა თამაში. სიყალბე როლში დაეჭვება და გამოუცდელობაა.
  
  საინტერესოა, ჩვენ რის მიხედვით ვურთიერთობთ ადამიანებთან? – როგორ ასრულებენ ისინი როლებს, თუ რა როლებს ასრულებენ? რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგჯერ როლის არჩევაც ფუფუნებაა, გარემო თავად გვარგებს ხოლმე მას (დედის, მამის, შვილის როლი და სხვა). ამ შემთხვევაშიც, გულმოდგინედ ვცდილობთ, ზუსტად ისე ვითამაშოთ, როგორც ჩვენს როლს შეეფერება და თუ ასე არ ვაკეთებთ, გარშემომყოფების გაკიცხვას ვიმსახურებთ. 

  წარმოიდგინეთ: იღვიძებთ და გინდათ გემრიელად გაიზმოროთ. უცებ, გახსენდებათ, რომ პრინცესა ხართ. მსახურსაც არ გამოჰპარვია თქვენი შეფხიზლება და  უკვე  მოარბენინებს ხალათს. უხერხულია, ვერ გაიზმორებით ისე, როგორც გსურდათ. მსახური რომ აქ არ იყოს, კიდევ მისცემდით თავს ამის უფლებას…

  ყველაზე რთული, მაინც, შეგუებულ როლთან განშორებაა.  ხომ გინახავთ, უბედურ ადამიანებს უცაბედი ბედნიერება რომ დაატყდებათ თავს (ან პირიქით), როგორ იბნევიან? იმაზე უფრო მეტად უბედურდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. როლს კარგავენ, ფუნქცია აღარ აქვთ. ვეღარ წუწუნებენ, ვეღარ ტირიან, აღარ იციან რა გააკეთონ. ძნელია ძველ როლთან განშორება და ახლის გამოგონება.
 
   ამასწინათ, ერთ ჩემს  ფეისბუქელ ფრენდს ასეთი სტატუსი ჰქონდა – ”არა რა, ადამიანები არ იცვლბიან!”. როგორც სჩანს ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა მიზეზი ამის სამტკიცებლად. 

  ადამიანები იცვლებიან თუ, ჩვენ გვეცვლება მათზე წარმოდგენები?. ამის პასუხად, მაშინ მითხრეს, ადამიანები არ იცვლებიან და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იცვლება მათზეო. თუმცა მგონია, საქმე ასე მარტივად არ არის. ერთ საინტერესეო ისტორიას წავაწყდი. ისტორია და ვინჩის ”საიდუმლო სერობაზეა”. რატომღაც ამ ამბავს დავუკავშირე და აქაც მოვყვები:
და ვინჩს ”საიდუმლო სერობის” ხატვა გაუგრძელდა. ყველაფერი დახატული ჰქონდა ქრისტეს და იუდას გარდა. სურათის დასრულება დროში იწელებოდა, რაგდან ვერაფრით გადაწყვიტა როგორები უნდა ყოფილიყვნენ ქრისტე და იუდა. ბოლოს იფიქრა, მოვძებნი ისეთ ადამიანს, რომლსაც ქრისტესავით ნათელი სახე ექნება და მეორე ისეთ ტიპაჟს რომლის გარეგნობაც იუდას ბოროტებას გამომხატავსო. ქრისტეს ტიპაჟს ადვილად მიაგნო. ერთი მომღერალი, თავის მსახურებს სცენიდან ჩამოაყვანინა და დასახატად სახელოსნოში წაიყვანა. რამდენიმე წელი ისე გავიდა ”იუდა” ვერ იპოვა. სამი წლის შემდეგ, ქუჩაში მთვრალ, ბინძურ, ნაადრევად დაბერებულ მძინარე კაცს გადააწყდა. მხატვარს, ის, იუდას ტიპაჟისთვის მოეწონა და თანაშემწეებს ასე დაძინებული ეკლესიაში მიაყვანინა. როდესაც ნახატზე მუშაობა დაასრულა, მის მოდელსაც გაეღვიძა. მათხოვარმა ნახატს შეხედა და ლეონარდოს უთხრა: – ეს ნახატი მე მინახავს! – კი მაგრამ, სად?. – გაუკვირდა და ვინჩს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენაო.
მოკლედ ასე, სამ წელიწადში ”ქრისტე” ”იუდად” იქცა.
ზოგი  თვლის, რომ ადამიანები კი არ იცვლებიან იშიფრებიან მაშინ, როცა არჩეულ როლს უნიჭოდ ასრულებენ. 
  
  არსებობს სხვა არჩევანიც, მთავარია რა პრიორიტეტი გვაქვს ჩვენ. როცა გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ, ცხოვრების დაუნდობლობაზე და სიმუხთლეზე წუწუნი უადგილოა. ცხოვრებას არ აქვს ჩვენ მიმართ განზრახვები, მით უმეტეს, უსამართლო და ბოროტი განზრახვები. თუ თქვენი კითხვა მუდმივად იმაში მდგომარეობს - "რატომ მაინც და მაინც მე?" - ბავშვური კითხვაა, მაგრამ ამის პასუხიც არსებობს - უბედური შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა, ჩახედეთ მას და აღარ დაიტანჯებით. :)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი