სათაური !


აბა, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთავარი ხომ სათქმელია?! 

მაშ ასე
არსებობს სიტყვები, რომლებიც ნათლად ასახავენ ჩვენს ემოციებს, გრძნობებს, რომელთა გამოხატვა ზოგჯერ არასასურველი ან უბრალოდ შეუძლებელია.

ამ დროს მრავალგვარი შეგრძნება გაქვს, გიტრიალებს განსხვავებული ფიქრები და სიმწრის სიცილით იხსენებ ბევრ ფაქტს, ადამიანს, წუთებს, როცა საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ან სრულიად უმნიშვნელო გგონია.
არა, ეს დეპრესია არაა, ვერ ვიტან სწორედ მას, მისი პოპულარობის გამო. მე გადაღლაზე ვსაუბრობ, როცა ძალა არ გაქვს ან უბრალოდ აღარ გინდა არაფრის კეთება,მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იცი შედეგი: არაფრის მომცემი, არაფრის მომტანი, ემოციური და ფსიქოლოგიური კრახი, წნეხი გარემოსა და ადამიანებისაგან.

კანი გადმოვიბრუნე და ფანჯრის წინ გაჭიმულ სარეცხის თოკზე გადავეფინე შეგრძნებებისგან დასაწურად. 
ჩემი შეგრძნებები მკლავს. ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ერთ ნაწილს ვიბრუნებ შიგნიდან გარეთ. ნეკნებს გავიწევ და ჩემს შიგნით დატყვევებულ ორგანოებს გავათავისუფლებ ჩემგან ტყვეობისგან. ისეთი ავადმყოფური ვარ, რომ მეცოდებიან… დღითიდღე უფრო და უფრო…

ეს შეგრძნებები მკლავს, რომელიც ჩემი ტვინიდან მოდის… 
მარტოობის შეგრძნებამ მიმატოვა, თანაგრძნობის შეგრძნებამ, დაღლილობის შეგრძნებამ, სიყვარულის შეგრძნებამ…
ტკივილის შეგრძნებაც ნელნელა მტოვებს,  კარგი იქნებოდა გაყუჩების შეგრძნებას რომ არ მივეტოვებინე დიდი ხნის წინ…

ბევრს ვფიქრობ იმ, უსახურ სამყაროზე, რომელშიც ვიძირები, ისე თითქოს მორევი მითრევს და რაც უფრო ბევრს ვიბრძვი, უფრო ვეფლობი. ამიტომაც ყოველთვის მქონდა სიზმრების იმედი.
რაც საბნის ზემოთ არ არსებობდა, ის ხდებოდა საბანქვეშეთში. 

მინდა გადმოვბრუნდე, უკუღმა მხრიდან დავინახო ჩემი თავი სარკეში, გული მქონდეს ჩემი მაისურის ჯიბის ადგილას, და ტვინი თმის ნაცვლად… ასე ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი