არ გშველის
არ გშველის: არც მეგობრები, არც დროის ტარება, არც არაფრის კეთება, არც პროტესტი, არც საუბრი, არც გაჩუმება, არც მარტოობა, არც იმის მცდელობა, რომ გარემოს მოერგო; არც გაღიმება, არც ვინმეს შენს მიმართ გამოვლენილი სიყვარული, არც ფსიქოლოგები, არც ფსიქიატრები, არც წამლები, არც ანტიდეპრესანტები, არც იმის ფუჭი იმედის მოცემა, რომ "განგკურნავენ"; არც თავის მოტყუება, არც სიგარეტი, არც ალკოჰოლი, არც კაიფი, არც ოცნება არც პოზიტიური აზროვნება, არც წერა, არც ცალმხრივი თანადგომა, არც წამიერი სიხარული, არც სიყვარული, არც მომავალზე ფიქრი, არც ტირილი, არც ყვირილი, არც სასოწარკვეთილი სიცილი, არც ისტერია, არც ბღავილი, არც მტვრევა, არც მსხვრევა. საერთოდ არაფერი არ გშველის, როდესაც შენ შენ არ ხარ; როდესაც შენ სარკეშიც კი ვერ ხედავ იმას, რაც შინაგანად ხარ... ვერც კი ახერხებ ადამიანი გიყვარდეს მაშინ, როდესაც მათ შენს მიმართ შექმნილი ილუზია უყვართ. ამ ილუზიით ამაყობენ, ან თუნდაც ეს ილუზია მოსწონთ, შენ კი თითქოს თან არსებობ, მაგრამ არ არსებობ, ვერავინ გხედავს; თითქოს რაღაცა იზოლირებულ სივრცეში არსებობ, რომელსაც გარსი აქვს შემოკრული; გარსი, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს შენს შინაგან მეს. ცხოვრობ ამ გარსით, სუნთქავ, არსებობ - თან არ არსებობ. შემდეგ კი უკვირთ, რატომ არავინ არ გიყვარს; რატომ არავის სცემ პატივს; რატომ ხარ ესეთი მარტოსული და საცოდავი, მუდამ შენს თავში გამოკეტილი მარტოხელა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი