თოვლად მოვიდა ჩემი სათქმელი...


თოვლად მოვიდა ჩემი სათქმელი,
სახტად დატოვა ყველა გამვლელი,
და მაშინ, როცა მე კვლავ დავმწუხრდი,
თოვლმა მიიღო სახე - წარსულის...

თოვლმა ამჯერად ცოტა რამე თქვა,
და მეც ვუსმენდი მის ნატანჯ სახეს,
ჩურჩულებდა და თან ჰყვებოდა,
ჩემი ცხოვრების მრუმე დეტალებს,

თოვლი ავსებდა შებინდულ ქუჩებს,
და უსახელო მოჰქონდა რაღაც,
და იმას რასაც სახელებს ვურჩევთ,
ანაზდად ფასსაც ვუკარგავთ ხანაც

და გულში ნატანჯ ფერით მოსილი,
ის კვლავ გამოჩნდა, მიყვება ზღაპარს,
მე კი მოვუსმენ დაღლილ ლოდინით, 
ვიდრე არ მეტყვის ყველაზე მთავარს:

ჩვენი აქ ყოფნა არ იზომება
იმით, რაც ნათლად შესამჩნევია,
და თუკი რამედ გვიღირს ცხოვრება - 
ეს მხოლოდ ჩუმი დეტალებია,

შენ შეიძლება სხვებსაც მოუყვე,
პასუხიც მისცეს ბევრმა შენს სათქმელს,
და მნიშვნელობა არა აქვს რაც თქვეს,
სანამ ის ცოცხლობს, რაც იგულისხმეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი