ჰაიკუები (1)


დილას გავედი გარეთ
და მაშინვე
ო, მაშინვე
სილა მტკიცა 
ქარმა სახეში...
სულ არ მწყენია...
დავიმსახურე...

***

სანამ მონასტრის ზარი ხუთჯერ 
ჩამორეკავს,
ღამის წყვდიადში,
ფიქრთა ჰანგებზე - აცეკვდა მთვარე...
სანამ მონასტრის ზარი
მეხუთედ ჩამორეკდა,
ღამის მდუმარებაში,
გულის მხურვალებაში,
შუბერტის სერენადაზე,
ცეკვავდა მთვარე-
უფრთო ოცნების 
ეს მკაცრი მაცნე ...



****
მე ვერ ჩამოვალ წელს გაზაფხულს
აღდგომას სოფელში - 
გემუდარებით - 
ჯეჯილი დარგეთ ..


****


სანამ უცნობ ფანჯარაში შუქი ჩაქრებოდეს
სანამ მთვარე ღრუბლებს მთებს იქიდან გადარეკავდეს,
სანამ ცრემლი დამაშვრალ თვალს წყალს შეასმევდეს,
გემუდარები, იყუჩე გულო!..


****

როგორც ზამთრობით ჩიტები ამ ქვეყნის,
მიდიან თბილ ქვეყნებში- 
და სიცივეში ქრებიან მეგობრებიც...


****

იქნება შენი მიცვალებული
ქმრის ამბავს ჰყვება,
ნუ წყევლი ქარს ბებო....

***

ზღვის ქაფივით მსუბუქსა
და ზღვის ტალღასავით გრილს,
იალქნებივით გაბერილს
და თან მოლივლივეს -
რითმას ეძებდა პოეტი...


***

მთვარისფრად თოვდა...
მოჰქონდა სიჩუმე,
რომელიც  ყოფილა (თურმე)
იმქვეყნის ენა...
ალბათ მაგიტომ,
სწორედ მაგ დღეს,
დადუმდა ყველა...
და იძრა ზეცა...


****

დაძმარებულ ღვინოში
უძველეს სიმღერათა 
მობეზრებულ ჟღერაშიც,
ობიან ჭვავის პურშიც
პოეტისთვის გამოკრთა მუზა...


****
შენ რომ თან დაგდევს ის მშვენიერება-
ასკეტი ბერივით დაეყუდა ჩემი გულის კელიაში...


*****

ო, ღამეულო ამორძალებო
ნუღარ მომისმენთ,
ნუღარ მომივლით,
თქვენ რომ რწყავდით
იმ ყვავილს
წუხელის მეწყერმა გადაუარა...


****

ნეტავ რად ასდის შენს 
სიტყვებს
აყვავებული ალუბლისხის
სუნი და ფერი...?
და ჩემი ყოველი სიტყვა კი ,
ასე რად წააგავს
ფითრის ხის უფერულ ტოტებს ..?


***

რა შუაშია აქ თეთრი ?!
მთელი ცხოვრებაა ცისფერი 
ერწყმის შავს,
მთელი ცხოვრებაა მიწა და ზეცა
შეჰყურებენ ერთმანეთს...
მთელი ცხოვრებაა მიწას 
ანამიანებს ზღვები
და ოკეანეები...
ქერუბიმთა ფრთებიც
ცისფერი მგონია მე...
ოცნებებიც ხომ ცისფერია?
და თოლიების ფრთების ქნევით
მონაბერი სიოც...

****

უხმო ტანჯვების უნებლიე შემსწრე,
ღამის ტარიგი ,
მზის ამოსვლას ელოდა მთვარე...

****
და აი, ჩემი ყვავილობის მეცხრამეტე მარტმაც
კარის გახურვით 
ფარდებიც კი არ ააფრიალა...

****
უვარსკვლავებო კუნაპეტ ცაზე,
იცრემლებოდა დაღლილი მთვარე,
ცრემლს ვუმშრალებდი და ვჩურჩულებდი - 
გემუდარები, გვიხსენი ღამევ !..

***

სულ ერთ ნახვაზე 
ქარით გადმორეკილი
მე მოვიღრუბლე
და გავწვიმდი,
მას შემდეგ ვწვიმვარ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი