......


გათენდა. ადგომის დრო არ არის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. გვიან ვიძინებთ, გვიან ვდგებით.    ასეა.   ,,დილის ორზე“  უცნაურმა მაღვიძარამ დარეკა. სულ ხელის გაწვდენაზე ახალ მრავალსართულიან კორპუსს აგებენ და ხმაურია. ახლა ,,იმასაც’’ ვერ დავინახავთ, ისედაც იშვიათად გვენახება ხოლმე. ქალაქში რომ გაივლი - წვიმაში,ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დასველდები. ცოტა ხანში კლაუსტროფობებს გადაშენება დაგვემუქრება. ეგ არაფერი... 
    გავიღვიძეთ. გავახილეთ ორი მახინჯი რგოლი და გავიხედეთ გარეთ, საშინელი მზე აჭყატუნებდა. გული აგერეოდათ. ადგომა დაგვეზარა...  არაფერია,- ვის არ ემართება.  მაგრამ უკვე ორი საათი იყო. ავდექით.ფანჯარა გამოვაღეთ და ცუდად რომ არ გავხმდარიყავით საშინელი ამინდისგან, გარეთ აღარ გავიხედეთ. შემდეგ ჩაცმა და ა.შ.   ხომ ხვდებით ?! მე და იმას ყველაზე მეტად ჭურჭლის დარეცხვა გვეზიზღება და გვეზარება...მაინც დავრეცხეთ... ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლეშად ქცეულებს, თავი დავაჯეროთ, რომ ლეში არა ვართ. ვალდებულებებს შეიძლება რომ გაექცე, მაგრამ ამასაც რისკი და მონდომება სჭირდება, რითიც ასე ვართ განძარცვული მე და ის. ამიტომ შემოტმასნილი ვალდებულებები ისევ ჩვენი შესასრულებელია. მალე მოვკდვებით. ...არაფერი ხდება.... ჭურჭლის რეცხვის შემდეგ, გამათბობელთან მიხუხება და კომფორტის ზონაში სამარადისოდ დარჩენა ყოველდღიური რიტუალია. ეს შედარებით მომწონს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ეს მტანჯავს. მას არ ვუტყდები ამის შესახებ, მეშინია, რამე საშინელი არ დამატეხოს.... ,,თავს“- მეთქი ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ის ხომ ,,თავია“ და თავის თავს როგორ დაატეხავს რამეს. არ ვიცი, ამას ვერ ვკითხავ, ამ ბოლო დროს გაავებულია. არავის სცემს ხმას. ერთ ოთახში ჩაიკეტა და ორი თვეა ძე ხორციელი არ უნახავს. არავინ ახსენდება. არც მშობლები, არც მეგობრები, რომლებიც მგონი არც ჰყავს. არ ახსენდება არაფერი საკუთარი თავის გარდა. ძალიან ეგოისტი გახდა, ასე მგონია. ორი თვეა ბოდავს, ორი თვეა უსულო საგნებთან დიალოგებს მართავს. არა , აქ შეგნებულად არ ვამბობ მონოლოგებს, რადგან ისინიც ელაპარაკებიან. ჩვენ გველაპარაკებიან, მეს და მას. არ ვარ შიზოფრენი, არც ფსიქოპატი. ტერმინები დაივიწყეთ. გარეთ რა ხდება არ გვაინტერესებს. არც ის გვაინტერესებს რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯანმრთელობა, ოთახი და ა.შ.. არც ის გვაინტერესებს რა მიმდინარე მოვლენებია ქვეყანაზე. ის ხომ მით უმეტეს არ გვაინტერესებს სოციალურ ქსელებში რა ხდება, ყველა დახურული გვაქვს, არანაირი კონტაქტი, მეტი ანონიმურობა და ნაკლები იდენტიფიაცია. მაგრამ ტერმინები დაივიწყეთ. ჭურჭელი დარეცხილია. მუსიკა შეგვზიზღდა. ფილმებიც, წიგნებიც. ერთი ეს უსულო საგნებთან ლაპარაკიღა დარჩა ცოტა სახალისო. კარგა ხანია მობილური დუმს. ან კი ვის გავახსენდები.დაბადების დღეს მაქთიკომის მეტი არავინ მილოცავს.  ან ჩვენ ვინ გაგვახსენდება. მაშ რაღა მადარდებს - ბარი ბარში, ეს არჩევანი ხომ ჩვენ გავაკეთეთ, ხომ არავის დაუძალებია ?! ხომ... მერე წვენის გაწურვა დავაპირეთ - გრეიფრუტის... მოვიმარჯვეთ დანა, გავრეცხეთ გრეიფრუტი, მოვამზადეთ წვენსაწური. დიდი ზლაზვნით გადავადგილდით სამზარეულოს მაგიდისკენ, ხელი მოვიმარჯვეთ, თეფშები არაფრისმთქმელი თვალებით გვიყურებდნენ. სახელოები ავიკაპიწეთ, ერთი ჩავახველეთ და ოპა! თითი გავიჭერით. უნდა გენახათ ჩვენი სახე - მთელი ხმით ვხარხარებდით, სისხლი კი მოთქრიალებდა და მაგიდაზე მუქ გუბეს აყენებდა. ისევ ვიცინოდით, ჩავბჟირდით. თქვენ ხომ არ იცით, რატომ ? ძალზედ საინტერესოა. ახლაც მეცინება, ლამისაა სკამიდან გადავყირავდე. სისხლი მოთქრიალებდა კვლავ და კვლავ. ჩვენ კი ვიცინოდით. მაგრად ვიხალისეთ, სამხიარულო რა გვქონდა -  თითი კარგა ხანს არ შეხორცდება. არაფერია, არაფერი. ალბათ გაივლის, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ წინადადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ,,ალბათ“.  მერე თქვენ გგონიათ, შესახვევის და დამუშავების მიზნით გავიქეცით სააფთიაქო ყუთის საძებნელად ?! როგორ გეკადრებათ ! კარგა ხანს დავაცადეთ, მოთქრიალებდა და მოთქრიალებდა, მაინც ასე როგორ გავიჭერით ? გრეიფრუტის ნაცვლად სისხლის მოყლუპვა მოგვიწია. არაფერია, არაფერი...ჟანგიანი რკინის გემო ჰქონდა. კი ვიცოდით, მაგრამ მაინც დავაგემოვნეთ. მერე კარგა ხანს ვიცინოდით ისევ. კიდევ კარგი მარტო ვიყავით, ასე ვინ დაგაცდიდა მხიარულებას ? არადა ამ მომენტში ამაზე სამხიარულო არაფერი ხდებოდა ქვეყნად. იმან უფრო დიდხანს იმხიარულა ვიდრე მე, იმიტომ რომ მე ხორცი ვარ და ინსტინქტები თავისას ითხოვს, ფიზიონომიამ რომ დიდხანს ვეღარ გაძლო, წავიდა და თითი შეიხვია. გრეიფრუტი ვეღარ გავწურე. არაფერია, არაფერი...ეგ არაფერი... იმან საღამომდე იხარხარა, მე ვუსმენდი და თან ვეჩხუბებოდი, რომ გაჩერებულიყო, არადა მეც მეცინებოდა უნებურად. ჩემს ცხოვრებაში ხომ კარგა ხანია არაფერი მომხდარა ასეთი მნიშვნელოვანი.   ჰოდა, გამიხარდა, რაღაცით ეს დღე გუშინდელს რომ არ გავდა. ასე არ უმართლებთ ხოლმე ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი