სიტყვების ატაკამა
არ გეშინია ქარის; გაშინებს უშედეგობის ხმით მოჭრიალე სახელური ერთი წამით ადრე ფანჯარსა და ფანჯრის ჩარჩოს შორის მჭიდროდ მოქცეული საფიქრალის გათავისუფლებამდე, როგორც ტანსაცმლის ცვენა კარადებიდან დიდი დაღლილობისას, როგორც დამშვიდობება შემკეთებელთან და ისევ მოშლილი სარეცხი მანქანა, როგორც ახალი ორდიუმიანი ქუსლიანი, შემცდარი მეტეოროლოგიური სააგენტო და ღრუბლის ანცი ჩაღიმება, როგორც სასკოლო არითმეტიკის კურსი, მთრთოლვარე ფანქარი, მცდარი პასუხი და მცდელობების რაოდენობა ნატურალური რიცხვების უსრულობის დასტურად, როგორც სიბერისგან არეული მზერა და ქსოვისას არეული თვალი, როგორც დახარჯული წებო, ქაღალდი, თოკი, სურვილები ამინდის ღმერთთან და გრავიტაციის ნამრავლი ათზე, როგორც სტომატოლოგიური ბურღის და დღის მორჩილი და ღამისეულ სიმშვიდეზე გაბატონებული აბეზარი კბილი ან როგორც ოდნავ უფრო მტკივნეული. სეზონების, წუთ-ნახევრის, ამოხვნეშის შემდეგ დგება შედეგები: ქაფიანი ტანსაცმელი, ნესტიანი ქუსლიანი, ქარიშხლიანი გული, ქუფრი სახე, გაწყვეტილი თოკი და ქანცი. შენ გაქვს იმედის უფლება სახლის სიმყარისთვის, რომელიც შენი მკლავის ძალით და გულის რწმენით გაჩნდა და არა ლატარიის ბილეთით. სიტყვების ატაკამაში იძირება მწუხარე ძალისხმევა და მწიფე, ტროპიკული ხილივით სავსე, ახალგაზრდობასავით უდარდო მზე ეფარება წვრილმარცვლიანი ქვიშის ვრცელ დიუნებს ფიქრით, როგორი კომიკურია გავრცელებული მიდრეკილება, მსხვილი ცრემლებით დავალბოთ წვრილი საზრუნავები, რადგან მზერის სიშორის პირდაპირპროპორციულად ზრდადი ცვლადია შეფასების ობიექტურობა ან გულგრილობა. მზის მეორე ამოგორების შემდეგ დგება შედგები: ერთი არათანმიმდევრულობა უმიწობის ცხელ გულში ჩაიფერფლა და ახლა შენი ბედნიერების საზღვრებია ატაკამადან - ცამდე. 22.08.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი