****


კონკრეტული მოვლენების ჯამი ზოგჯერ ცხოვრების ამორფული ეპიზოდია,
ისევე, როგორც დიდი, ლითონის ჭურჭლით - დროის ეპიზოდით - 
და მიზნიანი ხელით - რეტროსპექტივისთვის მზადმყოფი გონებით -
ჯემად ქცეული წითელი მოცხარი.
მასშტაბირებად მოვლენებს ილუზორული გრანდიოზულობის პირველადი ეფექტის უკუქცევისას მოსდევს თვალხილულობის მოქცევა
და ფიქრი, რომ თითქოს A წერტილიდან A წერტილამდე, მაგელანის ექსპედიციის დასასრულს, კვლავ უნდა იყო ერთგული ან უგამოსავლო ნიჟარა ჩქარა ნაგემნი და ხანგრძლივად შეხსენებული სიმლაშისთვის,
და იორჭოფო, ამ ორი თოკის კვანძს „და“ ჰქვია თუ „მაგრამ“,
ან თანადროულად, რადგან ლოგიკის მიმდევარი მოვლენები თოკზე ხშირად კარგავენ ბალანსს და ამბივალენტურობის მიწას ენარცხებიან;
ეფიცხებიან სპონტანური, უმიზეზო ან ამოუხსნელი ნების მზეს და უფიცხდებიან სამართლიანობის თავსწამომდგარ პრინციპს,
როგორც ძველ რადიოს, რომელიც აღარ მუშაობს
და მტვრისა და დანანების სქელ ფენას აგროვებს.

6.09.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი