მზის გულზე 🌞
ნაშუადღევს ფანჯარაში მზე შემოყოფს თავს, გამიცინებს, თვალს ჩამიკრავს, წამწამს ელამუნება, მცხუნვარებით ძვლებს ამივსებს, ცხვირზეც მომეფერება, თმისა ღერებს შემიღებავს ცისარტყელას ფერებად, მტევნებს ამიბრჭყვიალებს, ძოწ-ზურმუხტებს მოაბნევს, შარა-შარას შეამკობს ოქრო-ქარვა მდინარედ და ასე ვიტკბარუნებ, როგორც კატა მცხუნვარ დღეს. ფეხის გულით შევიგრძნობ ტახტის ტურფა ჩუქურთმებს – მზის ტალღების შემკულებს, სითბო ჩატოვებულებს, კონა-კონა ვარსკვლავებს, მათზე შემოჭედილებს, ვით ქალბატონის თმებში ბრილიანტი ბრწყინვალებს. აივანზე კოტრიალობს ფისო, ყოვლის მცდონე, აფუებულ მუცელი ძევს იქვე – საჭმლის მქონე, არემარეს აკონტროლებს ულვაშმოცმაცუნე, ამოსული ყვავილისთვის კუდის მოტყაპუნე, თაკარა მზის მოყვარული, გულის მოსალბუნე. ორთავესაც გვსიამოვნებს ყოფნა მზის მწველ გულზე. გულჩვილ სახლსაც ეამება მზის მტევანზე ყოფნა, რადგან კედელზე მოხატავს მნათი ჩრდილის ჩარჩოს, სადაც სურს, რომ მორხეული ხე-რტოები ჩარგოს, მოზუზუნე, თხელმა ფარდამ ბზინვარება სცადოს, წვრილ-დათლილი ყლორტები რომ კენწეროს ეწმახვნოს. არც იფიქროს კორპუს იქით, რომ გადაგვემალოს, ხვალეც დაგვეწვიოს მომღიმარი ზუსტად ამ დროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი