მზე და მთვარე
ცად უხალისოდ დაათრევენ ფლოქვებს ცხენები, კაშკაშა ფაფარს აუწეწავთ მზის მოფერება, გამოეკიდა საუკუნოდ უძირო ცაზე, მარტოობისთვის განწირულა მისი მშვენება. და ქალწული მზე მიაქროლებს ცეცხლისფერ ცხენებს, ალისფერ ეტლით მოიაროს უნდა სამყარო, დღედ გარდაიქმნას და სიცივე სითბოდ აქციოს, ლურჯი პლანეტა სინათლით და სხივით დაფაროს. შორს მისგან, თურმე, მთვარე ცხოვრობს, განაგებს ღამეს, რუხი მანტიით შემოსილი უღელს დაათრევს, შავით შესუდრავს დედამიწას, როცა ჩაუვლის, და უცებ წაშლის ალისფერი ეტლის ნაკვალევს. როდი ბეზრდება ბედს თამაში, სეირით თრობა, როგორც ჩვევია, ჩაიცინა ისევ ორსახამ... და დედამიწამ თიქოს წამით შეიკრა სუნთქვა, ცის კაბადონზე ქალწულმა მზემ მთვარე რომ ნახა. მზემ თავის სხივით გადაფარა რუხი მანტია, ახლის შეიქმნა მატიანე, იდეა, არსი_ გაბადრულ ქალწულს შეუყვარდა გულცივი მთვარე და მის ხეტიალს, საუკუნოს, მიეცა აზრი. დღე თან დასდევდა ღამის აჩრდილს ალისფერ ეტლით, ილაჯგაწყვეტილ ცხენებს ზურგზე მათრახს ურტყამდა, უნდოდა მთვარეს დასწეოდა, ისევ ენახა, განა, იცოდა, გულცივ ჭაბუკს რომ არ უყვარდა?! დრო იცრიცება, ქვიშის საათს ფერი გაუდის, აღარ ეღირსა მათს პაემანს ვარდის ფურცელი, კუნაპეტ ღამეს ეტლით აპობს ზეცის მნათობი, მთვარეს კი ისევ ძველებურად დააქვს უღელი. საუკუნეებს გაუვლიათ ამ დიდ რბოლაში, დიდხანს დასდევდნენ მზის სხივები იმ რუხ მანტიას, ვარსკვლავნი ჭვრეტენ, მათ იციან მთვარის ბუნება, მზეს კი იმედი აცისკროვნებს, მისით ანთია. და როგორც იქნა, შეიცოდა დრომაც ქალწული, ცის კაბადონზე ისევ შეხვდა მზე თავის რჩეულს, მისკენ მიაპყრო ცხავე თვალი, გული, გონება, სხივად დააკვდა მთვარის ცივ და ნაცრისფერ სხეულს. და როცა მნათობს გადაექცა სახე ყვავილად, სასოწარკვეთა დაღად შერჩა გაცრეცილ ფურცელს, მთვარემ იმედი გაუცრუა ცხრათვალა ასულს და ისევ მარტო შეეჭიდა უმძიმეს უღელს... უმისამართოდ დაათრევდნენ მზის ეტლს ცხენები, მუხთალმა ბედმა გააგორა სხვა კამათელი... მწუხრმა მიაგნო ოკეანის ნაცნობ ჰოროზონსტს, ზეცას კი მხოლოდ წვიმა სურდა, სხვა არაფერი. გაცრეცილ ფურცელს შეხმობია ლურჯი მელანი, ძაძებში რატომ გახვეულა ღრუბელი ავი? უარი, ნუთუ, ასე ძლიერ ეტკინა ქალწულს, რომ იმ საღამოს, თურმე, ზღვაში დაიხრჩო თავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი