ჩემში შემოდგომა


ზამთარმა მომაგნო, ფიფქმა გაათეთრა
ხეები, ქუჩები და თავში ფიქრები,
ჩემში შემოდგომა კვლავ უფრო მეტია
და შემოდგომაზე მე გარდავიცვლები...
ოქროსი ექნება ხალიჩა სამარეს,
შენი ცრემლებითაც სულ დაინამება,
ფოთოლთა სუდარას სული გამოაპობს
და, როგორც ვარსკვლავი, ცად აკიაფდება.
ოღონდ, ნუ იდარდებ, ლექსად  დაგიტოვებ
გულსა და გონებას, სანამდის გახსოვდე...
სევდას ნუ მიიჩვევ, მწამს შენი ღიმილის, 
უნდა ფიქრებშიდაც სიხარულს აქსოვდე. 
ნაზამთრალ გაზაფხულს მოგირთავ ფერებით,
სული აფეთქდება მთვლემარე კვირტებში,
ყველგან მე ვიქნები, მე სიოდ ვიქცევი, 
იის სურნელებას ჩაგიქსოვ ფილტვებში.
გრილ წვიმად მოვალ და ცხელ ზაფხულს გაგირთობ,
მოგიტან ნიავს და სიზმრებში გეწვევი,
მე კიარ მოვკვდები, მე გარდავიცვლები,
ოღონდ შემიცანი, სულ შეგეხვეწები.
ზამთარმა მომაგნო და მაინც მე ისევ
დროს ვრისკავ, ვჯიუტობ, ვერაფრით ვიცვლები_
ჩემში შემოდგომა კვლავ უფრო მეტია
და შემოდგომაზე მე გარდავიცვლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი