,,წვიმიანი ოცნებები"


მთაში ერთადერთი სახლი დგას, ამ სახლში კი ჩემი ოცნებები ცხოვრობენ. დღისით სძინავთ, ღამით კი მთვარეს უცქერენ,დგანან ფანჯრებთან ჩაით ხელში და ჭიქაში იასამნისფერ სევდას აწვეთებენ. თუკი მთვარე ცაზე გამოჩენილ უჩვეულ სიბნელეს აფარებს თავს, ამ დროს ისინი წვიმის წვეთებად იქცევიან და შენთან შეხებას ლამობენ...
უცნაური ფერი აქვთ დაორთქლილ ფანჯარაზე დატოვებულ წერილებს და ზუსტად ეს წერილები არქმევს მათ უცნაური ოცნებების სახელს.
როცა დღე ღამეს ერწყმის, ამ დროს ისინი ბიბლიოთეკაში მოგონებათა დამტვერილ წიგნს ათვალიერებენ. მათ ხომ ჰგონიათ, რომ თითქოს თითოეულ მათგანს დაიბრუნებენ...
მათ ხომ უბრალო სიყვარულით უყვართ ისინი...
მაშინაც კი, როცა ქალაქს ,,სძინავს’’,მთიდან ჩამოსულნი და ქუჩებში მოხეტიალენი ადამიანის მარტოსულობას მარტივად გრძნობენ და ამ უკანასკნელს სევდიანი თვალებით უმზერენ. მაშინ ოცნებებიც ოცნებობენ, რომ იასამნისფერი სევდა, ბედნიერი მწვანე ფერით შეიცვალოს.
ახლა ნოემბერია, შემოდგომის ეს უკანასკნელი თვე ყოველთვის წყლისფერია,თითქოს იმის საშუალებას გვართმევს, რომ ვთქვათ საღამოს ნაზ ფერებში შეზავებული წვიმა აკლიაო, ნოემბერში სულ წვიმს, ხეები კი თავჩაქინდრული ელოდებიან როდის წაართმევს წვიმის წვეთები მათ სხადასხვა ფერის ფოთოლს, მაგრამ ჩვენ ხომ ჩაისფერ სამყაროში ვცხოვრობთ და მთაში მცხოვრებ ონებებსაც ჩაის ფერი შეჰპარვიათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი