,,მოგზაურობა ჩემი სულის გარშემო"
წარსული რომ მომავალი ყოფილიყო, ჩვენ თითქოსდა არ ვიარსებებდით. ვიქნებოდით წვიმის პაწაწუნა წვეთები, ტკივილისფერი, სევდიანი, ჩუმი... მაინც რა ლამაზია არა წვიმა? თითქოს უკანასკნელი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე თავბრუდამხვევი ბუნებრივი მოვლენა. უკანასკნელი მატარებლით,”უკანასკნელ” ქუჩაზე დავმოგზაურობ,ფანჯრიდან გაფერმკრთალებულ სხეულებს ვამჩნევ.მერე ვიხსენებ,რომ ეს მატარებელი ჯერ კიდევ სიფერადშერჩენილ ადამიანებს მასპინძლობს.მე კი ისევ ვრწყავ ჩემს იასამნისფერს,რომ არ გაქრეს და დავიწყებას არ მიეცეს. დაორთქლილ მინაზე აუხსნელი მოძრაობით ამოუცნობ ფიგურას ვხატავ,დრო ჩერდება,მატარებლის კარი იღება და ვამჩნევ,რომ ნაცნობ ადამიანთა შორის უცნობი,მაგრამ ნაცნობისფერი ჩემს ადგილთან ჩერდება,მიყურებს,ვუყურებ და ვხვდები,რომ ვიცნობ ან ვიცნობდი იდესღაც... იასამნისფერი სამოსი ნაცრისფერი აქვს და შარვლის ბოლოებიც თანდათანობით კარგავს ძლივსშერჩენილ ფერებს,ხმის ამოუღებლად ვიწევი და ადგილს ვუთმობ,კიდევ უფრო მეტად ვუახლოვდები ფანჯარას,თვალებს ვხუჭავ და ვოცნებობ: “იმავე სამოსით,იმავე ღიმილით...” ვოცნებობდი,რომ წარსულის კარებთან მიახლოებული მოვლენა ისევ გამეორებულიყო. უეცრად ჩემს გონებაში მატარებელი გაჩერდა,კარი გაიღო იასამნის’ფერმა სინათლემ ხმაურით სავსე ადგილას შემოაბიჯა. ის ისეთი იყო როგორც წლების წინ იმავე თვალებით,იმავე ღიმილით... წვიმის პაწაწუნა წვეთები თანამგზავრის სახით ხელით წამოეღო, ვგრძნობდი, რომ გრძნობდა რა საოცარია იყო წვიმის პაწაწუნა წვეთი, როგორ დამოგზაურობ ადამიანების სახეზე, ხელებზე, თვალებზე, მათ სითბოს ეჯახები ცივი, პაწაწუნა ღრუბლის ნაგლეჯი და მათში ხან ბედნიერებისფერ, ხან კიდევ სევდიანისფერ რეალობას აღვივებ. სიჩუმეს ვარღვევ:”ჩემს ბაღში ადგილს გითმობ. არ წახვიდე რა, დარჩი იასამნისფერი ყვავილების იასამნისფერი სურნელით გაჟღენთილი ტანსაცმლით გავაბრუოთ ჩვენი სახლი...” პასუხად მხოლოდ ღიმილს ვიღებ.მე კიდევ მზად ვარ ყველა სიტყვა შევკრიბო და თამამად ვისაუბრო, მისგან კი მხოლოდ ღიმილს ვიღებ... ვჩუმდები...ვხვდები, რომ ოკეანე ახლოვდება, სიტყვის უთქმელად ვცდილობ ვაგრძნობინო,რომ ჩემი ჩასვლის დროა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ნაცნობისფერი უცნობი გზას მითმობს, თავადაც ელოდება როდის გაჩერდება მატარებელი...ჩვენ ხომ ამდენი ხნის განმავლობაში სიბნელეში ვცხოვრობდით, ჩვენ ხომ დაგვავიწყდა როგორია მთვარის შუქი, ახლა კი უსასრულო ოკეანეს უნდა შევაფაროთ თავი. წარსული რომ მომავალი ყოფილიყო, ჩვენ თითქოსდა არ ვიარსებებდით. ვიქნებოდით წვიმის პაწაწუნა წვეთები, ტკივილისფერი, სევდიანი, ჩუმი... ადამიანი გრძნობებია, გრძნობები კი თავად ადამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი