იყვირე ქალო, იყვირე!
"ემიგრანტებს" იყვირე ქალო, იყვირე! იმაზე იყვირე, რაც გტკივა. იმაზე იყვირე, რომ შინ გინდა. შინ მჯდომ ‘კაცზე’ იყვირე. სანამ შეგიძლია იყვირე! აიყოლიე ვინმე ან სულ მთლად ყველა! იქნებ გაიგოს ვინმემ, რომ ცვლილებები გვჭირდება, საჭიროა კი არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. . იმაზე იყვირე შენი შვილი მალულად რომ ფსიქოლოგთან დადის - ვერ გაუგია ამდენი გაუგებრობა: რატომ ‘კარგავენ’ მშობლებს ბავშვები, როცა იზრდებიან? და პირიქით - რატომ კარგავენ ცოცხლად შვილებს?; როგორ უნდა იცხოვროს მკვდარი გულით და საკუთარი აწმყოთი ჩამომხრჩვალი ოცნებებით? როგორ უნდა იცხოვროს შენი ხორცის ნაწილმა ასე შორს? ვის მკლავებში უნდა იტიროს ან გაიხაროს, სიხარულის და მცირე გამარჯვებების შემდეგ? ( ასეთ დროს, გამარჯვება უფრო მტანჯველია, ვიდრე ‘ტირილი’! ) როგორ მოიცალოს მეგობრებისთვის, როცა სახლში შენს დატოვებულ კაცებს უვლის? თავის თავს კი ვერაფერი მოუხერხა და მოუფიქრა, ისიც დაავიწყდა თუ ვინ იყო, და ისიც არ ჩანს თუ ვინ უნდა გახდეს..! უკვე აღარ იცის ყოველდღე რა მოიფიქროს, რომ, თუნდაც რამოდენიმე წამით დაინახოს შენს, უზომოდ მონატრებულ სახეზე ღიმილი. მაგრამ უფრო ხშირად ცრემლიან, მწარე ღიმილს ეჩეხება! . იმაზე იყვირე, რომ ბალიში დილამდე სველია. დილით კი გაფენ ამ მონატრებას და გულისტკივილებს გასაშრობად, ვითომ გარეცხე! მაგრამ, შიგთავსი სველი რჩება, და ობდება, ყველა ორგანოებს რომ მოედო შიგნით ნესტია. შიგნით ნესტია!!! იყვირე ქალო, იყვირე! ხმაჩახლეჩილი! ძალებგამოცლილი! მაგრამ, ცრემლებდამშრალი და ტკივილგამოცლილი რომ ვერა და ვერ გახდი!!! იყვირე ქალო, იყვირე! სანამ შეგიძლია იყვირე. სხვებისთვის მაინც იყვირე, რომ არ მოიცალონ ფეხი მშობლიური მიწიდან და იქვე იბრძოლონ! უცხო მიწაზე კი არ მოკვდნენ შენსავით, ცხოვრება რომ შეგიჩერდა... სტატუსი - “დროებით შეჩერებული“! სანამ შენს შვილებს ჩაიხუტებ; სანამ შენ თვითონ დედაშენი ჩაგეხუტება; სანამ სამებაში ქართული გალობით დატკბები; და სანამ მშობლიური მთები მოგეხვევიან ოთხივე მხრიდან; სანამ ბაბუას საფლავზე მიხვალ; სანამ ქუჩაში თამამად ილაპარაკებ და საერთოდ ივლი... სანამ მშობლიური გაგათბობს მზე და არა თვალებს ამოგიწვავს; სანამ დილა გაგითენდება და არა გაათენებ! სანამ საჭმელი ბურთის გარეშე ყელში გადაგივა; სანამ სიტყვა „დედა“-ს გაიგებ სიახლოვის ორი მეტრიდან!!! სანამ, ცაში აიხედები და მშობლიურ ენაზე ტკბილად და მშვიდად დაელაპარაკები ღმერთს; სანამ სიცოცხლის სუნს იგრძნობ ყოველ ჩასუნთქვაზე და არ შეგეშინდება შენს მიწაზე, თუნდაც სიკვდილის, უცხო მიწაზე ასე რომ დაგიმეგობრდა... . იყვირე ქალო, იყვირე! სანამ ისევ იგრძნობ, რომ ქალი ხარ! სანამ მოგეცემა ფუფუნება, რომ იყო ისევ ქალი! იყვირე!!! იყვირე... დედა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი