ჩვენ, ღმერთები
დალიე, ძვირფასო, წყარო უკვდავების, რომ მერე ვიყოთ ღმერთები. დაველოდებით ჟამთა სვლას, თუ ახლა ვერ შეგეყრები. არ დავუფრთხები კალენდარს, ლანდივით რომ შევიფარე, და შენს დაღალულ მკლავებთან რომ განისვენებს აქამდე. ითვლის კიდევ ერთ განვლილ დღეს, შემდეგ-მომდევნს სამს. აწ წელიწადი გასულა, რაც კი მანატრებ თავს. იარად დარჩენილ ნატყვიარს მზე დალამუნებს ზედ. წუხელ მესიზმრე, მგონია, გნახავ ხვალე ან-ზეგ. მთებში სხვაგვარად მახსოვხარ, ხსოვნა მაცოცხლებს მე. ვერაფრით დავყაბულდები ჩემს წილხვედრ მდევარ ბედს. კვლავაც ფრთებს ვეძებ, დაკარგულს, მოვითხოვ განა ბევრს? ცისკენ გაფრენა მწადია, ვიდრე ძველ ლექსებს ვხევ. ვიპოვი წყაროს უკვდავების, შევსვამ, შეგასმევ შენც და შორს წავიდეთ, იქ, სადაც არ დაგვიყრიან ხმებს. მთაა, მთის ძირას წყარო ჩქეფს, ოქროსფერია დინება, როგორც ზღაპრებში პრინცესას თმები მზეს მიეფიცხება. პეშვით მოვათრევ ცისფერ წყალს, უნდა მოგაგნო როგორმე. გაცისკროვნებულ სამყაროს წყვდიადი გავუმეზობლე. ვერ დავეხსენი ტკივილებს, დასივებული მოვბობღავ. ცხოვრება კიბე კი არა, ჩემთვის ქვესკნელი უფროა. აი, გამოჩნდა გზა ურჩი, სატრფოს სახლისკენ მავალი. კარზე ზარია. მიმიღებ? მე ხომ სისხლისგან ვიცლები. დალიე, ძვირფასო, წყარო უკვდავების, რომ მერე წავიდეთ შორს, სადაც არც კოშკებს აგვიგებენ, არც დაგვიწყებენ ომს. ჭირი იქა, ლხინი აქა. ჩემთან ცივა, შენთან არა. ვორთქლავ მინას, გიწერ წერილს: „მშვიდობით, ჩვენ ვერ შევხვდებით.“ მარიამ ქადარია (კესანე) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
🥹