ნავი, როგორც მე
ქარს მიაქვს ნაპირები შორს, ძალიან შორიდან ჩანს სინათლე მე ვბორგავ ძილში ვარ, ბურუსით მოცული არ აქვს დასასრული ამ ზღვას უნაპიროს ვიქრობ, დავწერო რაღაც ისეთი რაც არვის უთქვამს ამ ქვეყნად ჯერ მაგრამ ვაყოვნებ, ვფიქრობ რაღას ვუცდი პასუხი ვის აქვს, ჩემს ყოველ კითხვაზე? თავს ვგრძნობ, როგორც თოკი გამობმული ნავზე, არა ნავი, არა ზღვა, არა ტბა, არამედ თოკი, რომელიც აერთიანებს ტბასა და ხმელეთს, ვგრძნობ მე ვაერთიანებ, მაგრამ მე ვწყდები, ნელა და ნელა მშვიდად და ლამაზად მწყდება თოკზე ძაფები, სადაც არის გავირღვევი და მორჩება ბჭობა ჩემს სიძლიერეზე, გამთელდი თოკო, გთხოვ ამ ერთხელაც დაამტკიცე, რომ არ ხარ სუსტი გამთელდი თოკო, იქნებ ამ ნავს შენი იმედი აქვს, რომ არ გაუშვებ უნაპირო ზღვაში თუ ტბაში. გამთელდი თოკო, იქნებ შენ ხარ ის ერთადერთი ძალა, რომელიც აერთიანებს ნავსა და ხმელეთს, სხვანაირად ნავი დალპება, სხვანაირად ხმელეთის სიახლოვეს არაფერი დარჩება, რაც იმედს მისცემს ადამიანს, რომ თუკი ტბაში დახრჩობა მოუნდება, ვიღაც დაიჭერს. გამთელდი თოკო, წვიმა ნუ გაშინებს, წვიმამ შეგაშინა ამ ზვავ გადატანილს? თოვლის თეთრი ფიფქების ქვეშ ხომ იმალებოდი ზღვის ტალღების ქვეშიდან ხომ ცურავდი ხმელეთის ტალახი ხომ გსვრიდა, ცის ელვაც არ გაკრთობდა, გამთელდი თოკო, შენგან ელოდებიან,რომ აღსდგე ისე თითქოს, არც არასდროს გქონია სურვილი მომკვდარიყავი, იდექი მყარად, არაფერი სთქვა. არავის უთხრა, თვით ნავსაც კი, რადგან შეიძლება მოგწყდეს და მხოლოდ ერთი ფიცარი შეგატოვოს მისი ნაწილის, იმის იმედით, რომ თუკი გასცურავს, შენზე ძლიერს, შენზე ლამაზსს და გამგებს იპოვის, მაგრამ ვაი, რომ იმ წყალში არაფერია ხავსებისა და სიბინძურის გარდა. შეიძლება ჩაეჭიდოს ხავსს დროებით და იფიქროს, რომ შენზე ძლიერი ყოფილა, მაგრამ საკმარისია ერთი ტალღაც კი, რომ წალეკოს ნავი ხავსთან ერთად, მაშინღა ინატრებს შენს სახელს, მაშინვე დაგიძახებს საშველად, მაგრამ ვაი, რომ თოკო შენ ამ დროს ხმელეთზე იქნები და აღარ მოგინდება გადაიარო მისი გულისთვის უამრავი ტალღა. მისცემ ნებას გადაირჩინოს თავი თვისი, მაგრამ გვიანია, სიცოცხლე მისი ერთ ჩასუნთქვას უდრის, და, ინათებს მზე, ცის კამარაზე ბრწყინავს ლაჟვარდი, მაგრამ სხვანაირად, მაგრამ ახლიდან და უფრო ლამაზი. ინათე ცაო, იმშვიდე გულო სული მოითქვი, გაცოცხლდი, სუნთქავ! ნუ გეშინია! განა ცხოვრება ასე ხანმოკლე უნდა ყოფილიყო ჩემთვის? ფიქრობ და წამებში ამოიღებ ფილტვებში გაჭედილ წყალს ხველებით. ბედნიერი ხარ, რომ შენ ხარ, ის ვინც გადარჩი, სწუხარ, რომ არ გენდო, გტკივა, რომ უკეთესს ეძებდა. მაგრამ ვერაფერს აკეთებ მხოლოდ გაცისკროვნებული აჰყურებ ღმერთს და უხდი მადლობას, რომ კიდევ ერთხელ შეძლო შენმა ფილტვებმა სუნთქვა აჰა, გადარჩი. ახელ თვალებს და უკვე ხვდები, გაქვს შანსი, ცხოვრება ახლიდან დაიწყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი