მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ


მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ

მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ და ჩიტებივით ცაში ვიცხოვროთ. ფრენა თუ გამიჭირდება ვიცი ზურგზე შემისვამ და იქიდან იქამდე არ ჩამომიყვან სანამ ფრენას არ ვისწავლი. ფრთაშესხმულს კი უკან გამომყვები.

მე შეგიყვარებ და ვიცი რომ შენ ეს სიყვარული შეგიყვარდება. შენ შემიყვარებ და ვიცი ეგ სიყვარული შემიყვარდება. 

მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ და ყოველი ხიდიდან გადახტომის დროს ერთმანეთი გადავარჩინოთ შემდეგ კი საკუთარი ფრთების ქვეშ შევიფაროთ. 

მოდი შევიყვაროთ ერთმანეთი და ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში სანამ თვალები არ გაგვიცივდება მას შემდეგ კი უბრალოდ ჭაღარები ვუთვალოთ ერთმანეთს. 

მოდი შევიყვაროთ ერთმანეთი და მერცხლების ოჯახივით, ხან თბილ
ქვეყნებს შევაფაროთ თავი ხან კი ერთმანეთის თვალებს. 

მოდი ვცადოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. ყოველი თავის ჩამოხრჩობისას მივუსწროთ ერთმანეთს და მერე ერთად განვიკურნოთ ყველა ტკივილისგან. 

მოდი ვცადოთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. ვისწავლოთ ერთმანეთის მავნე ჩვევები და ბოლოს ერთად გავფატონთ ქარის მიმართულებით. 

მოდი ვცადოთ და ერთმანეთი შევიყვაროთ. ზოგჯერ ცეკვა ვასწავლოთ ერთმანეთს ზოგჯერ კი ფრენა. 

მოდი ვცადოთ და ერთმანეთი ისევ შევიყვაროთ ოღონდ არა ფრთებშეახმულებმა, არამედ ჭაღარა შერეულებმა.  

მთელი ცხოვრება გამოვითვალოთ 
ბოლოს უერთმანეთობაც დავითვალოთ და მართლა ჩიტებივით ცაში დავიწყოთ ცხოვრება.

მერე შეყვარებულებმა, ისტორია ზღაპრად ვაქციოთ და იმ გოგოებს მოვუყვეთ ხიდიდან გადახტომისთვის რომ ემზადებიან, რათა მოისმინონ და სახლში დაბრუნდნენ. 

ჩიტად ქცეულებმ კი ა, ბევრჯერ მივუსწროთ წყვილებს სიყვარულს ყულფში რომ აბამენ და არ მივცემთ მისი ჩამოხრჩობის უფლება.

ჩვენ კი ერთმანეთი შევიყვაროთ და ჩიტებივით ცაში ვიცხოვროთ. ფრენა თუ გამიჭირდება ვიცი, არასოდეს დაიღლები ჩემთვის ფრენის სწავლებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი