N1
აჩრდილებს მიღმა, ხმაჩაწყვეტილ ყელს ამოხეთქავს მწველი ვულკანი, ნემსებივით ჩამწკრივებული კალმებიდან მოდის მელანი, მაგრამ დაიკარგა პროზა, მით უფრო პოეზია. გვერდები - გადავსებული ცარიელი მელნით, გელით, შორიდან მოდის ორთქმავლის ბოლი - ჩვენში, გაცვეთილ სიტყვაზე თქმული - მატარებელი. ნაკლებად რომანტიკულია ცხელი ხელები, თუ არ შეახებ ცარიელ ფურცელს ან შენს ყელს. უცნაურია - ქვეყანაში მტრედების გარდა დაფრინავენ სხვებიც, ძილიდან ვერ გამორკვეული ადამიანები, რომლებსაც ეზიზღებათ ადამი და ნატრობენ დასაკოცნად ევას ბარძაყებს. თუ ცოდვილი ვარ - ბოლომდე შენ გეცოდვილები, არ მალოცინო, არ მჭირდება ყელსაბამები, რომ დავეკონო წინ დღეს ნაფერებ უცხო სურნელით ნაღვენთ სანთლებს. ვის სჭირდება მარგალიტები - გამოსარჩევად, ან თუ გნებავთ ჩამოსათვლელად ისიც გეყოფათ, რაც შეარჩინა განგებამ ქალს შავი თავსაფრით. როგორ უნდა შეიხსნას კაბა იმ ნაკლებად ცნობილმა გოგომ, რომ ოცნებობს მერლინობაზე - ამ სიტყვის თქმამ და ბევრმა ყავამ დამაფიქრა. ამაზრზენია ქვეყანა და მით უფრო, ხალხი. ამაზრზენია - ზიზღი, ომი, ცოტა ფილტვებში ჩარჩენილი სიგარეტის კვამლიც, ამაზრზენია - ფიქრი ცუდზე და მოლოდინი ცუდზე არაფრის. მე არ ვაკნინებ არც ერთ პაოლოს, მით უფრო, ქალში ჩასახლებულს. მიყვარს, მაგრამს ვწერ, აზრდაკარგულად, აღარ ვაგრძელებ წინადადებას. ხანდახან ვბოდავ - არ მაქვს სათქმელი ობოლი ხალხისთვის. მიყვარს სიტყვა, რამეთუ, გრძნობა სხვებისათვის ქრება ოდესმე. ოთხშაბათობით მაქვს სურვილები, რამეთუ, კაცი სურვილის გარეშე დამემსგავსება კვირის დანარჩენ გაცრეცილ დღეებში. ტაძრის კართან მდგარ ხელგამოწვდილებს არასდროს ვუვლი გვერდს და თუ მაინც და მაინც, ქაღალდი დევს ჯიბეში და არც ერთი ხელოვნებაზე საჭირო რაღაც - უკან ვბრუნდები. რა აზრი აქვს მშიერ კუჭზე სულიერ საზრდოს, თუ სულიერი აღარ გქვია და ნახევრად “მარილზე გასულს” დამგვანებიხარ. თუმცა, მარილის შეკვრა ღირს იმდენი, რამდენამდეც ოცი თეთრი გაკლდება და არავინ მოგცემს. არ იდინო, ცრემლო, რომელ იდიოტს მოუნდება უმიზეზოდ დახარჯოს წვეთი, წვეთი - სისხლი, წვეთი - სინდისის. აი, აქ რომ მოსჩანს ქალაქი - ჭრელი კი არა, გაჭედილია ღრუბლებს შორის. არ მოდიან, არც მიდიან, არ გვეზიზღება, მაგრამ არ გვინდა აქ არც ერთი აბელის მკვლელი, არც ორფეოსი, არც საკუთარი თავი, რამეთუ… - სიტყვა გამიწყდა, ვიღაც იძახის. სამშაბათია - მწველი ისარის ზურგზე ხახუნით შევაღებ კარებს - მეც მინდოდა რითმის შეგრძნებით ვერლიბრისთვის მეთქვა - ის არის, მაგრამ წვიმაა, ძალიან დიდი წვეთებით მაწვიმს და სიცივეა - მოხუცმა ქალმა მაწვნის ქილა ხელისკანკალით შემომაჩეჩა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
სახელს იმსახურებს ისე.
თვალი ადევნეთ ამ ადამიანს, ბევრ საოცარ რამეს იხილავთ მისგან და არა მარტო მწერლობაში.