საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან?
საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან? უსურვილო ოთხშაბათები. საათი - ზარი - ხმა - ქუჩა - დარაბები. სამფეხა სკამი და ურჩი პეგასები. გაწამებული თითები გაბმული გზებით უკავშირო ტელეფონზე უკუკავშირს უბრუნებენ ვის?! - ხრინწიანი ხმა, ხმა - მძევლად აყვანილი კუპიდონის. გადამალე ყველა ისარი! გადატეხეთ შუბები, გუბეებში გააქრეთ ანარეკლები. არა ნაკლები სინანული - მე? მე - ტირე - ბ(მ)ა: - გაკავშირებთ… *** არც ერთი ღამე მთვარის გარეშე, ჩაი - მარილივით გემოვნებით, ანგელოზები და დემონები - ნიცა, ნიცშე და შენობები. დარაბებს მიღმა - შემოდგომა, აქ დგომა აკრძალეს, გალობა - შეუძლია მხოლოდ მრევლს, აქტიურს, ცოტა თავსაფრიანს და რაც მთავარია - (ზე)ციურს. ზარი - ტელეფონი - კავშირი - ჟეტონები სამფეხიანი სკამი - ორმოცი - გადაუხდელი, კაქტუსი - დატეხილი, ურჯულო მეზობელი, ოცდაათდღიანი უწყლობები. * * * მძევალი კუპიდონი - ამძაღებული გრძნობები, უჩრდილო დერეფნები უწყლო უდაბნოები. არც ერთი სიტყვა და შეუსრულებელი მოთხოვნები - დატეხილი თითები, ორმოცდაათსიტყვიანი წერილები. მელოდეთ - გაკავშირებთ… დახვეულ სადენებზე ჩამომხრჩვალი ფრინველები. შენი ხმა - სმენა - მე ვგავარ ჩაძირულ გემს, რომ ვერ შველის ვერც ერთი ნემო, გაუდაბნოვდა გაუცხოება და მე დღემდე ვეძებ პასუხს რომ ვუყურებ გაფრენილ ჩიტებს ჩემი ფანჯრიდან - საით მიფრინავენ? როგორ კვდებიან?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
რა კარგია ^_^