პენელოპე
კოსმოსური სიგიჟე. დახშულ ფილტვებში დაფენილი ღრუბლები. კითხვა „რას” დაწაფებული მოკვდავები, მზეზე გაცვლილი ქალღმერთი რა და შუმერული ეპოსების მოზეპირე სტუდენტები. * შენ გაიქცევი, გადაიქცევი შემოდგომის სიცივეში მოხეტიალე უმისამართო, ყვითელ ფოთლად. მიგატოვებს ყველა ხე და არ დაგტოვებს ის მეეზოვე გათოშილი ხელით, სახელად პენელოპე. * დაგავიწყდება ჩემი თმის და კანის გემო, გიერთგულებს ის მეეზოვე, ჟანგბადზე მეტს რომ ისუნთქავს ლექსებს გადაგდებული წიგნის ფურცლიდან… უყვარს პოეზია, ერთობა ბავშვების მიგდებული სათამაშოებით და ომგამოვლილი კაცის გრძნობებზე მჟავე სასმლით (რეკომენდებულით საშუალო ან უფრო დაბალი ფენისთვის). * შენ? გაიქცევი. (ძახილის ნიშნის წერა მეტად უხერხულია, თორემ ზუსტად იციან ბრმებმა, რომ ვერც მზეს და ვერც ანარეკლს ვეღარ ხედავენ)… * რეინკარნაცია. შენ დაიბადე ამჯერად მიწად, სიგარეტის ნამწვავებით გატანჯულად… ის მეეზოვე? - გარდაცვლილა! გრძნობა - დარდი - იმ კაცის ფოტო. ანდერძად - ვარდი, ბანალურად (როგორც საშუალო ან უფრო დაბალ ფენას შეშვენის). * ადამიანებად გაჩენილი კითხვები, ქარის ძახილზე მოსიარულე შუქნიშნები, ახალი მეეზოვე - თეთრი კაბით, პატარა მინიშნებით - თავიდან დაბადება. * - ოქტავ? (კარზე ზარი) პასუხი? - არ არის. ჩუმი დერეფანი. * ლარნაკი - ვარდი - ანდერძი - მეეზოვე - Was machst du heute, liebe Penelope?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი