#
ვერ ვწერ… ვეღარც ერთ დღეზე, სავსეზე ყელიდან ამოსაღები ღვარძლით. დამხრჩვალ სირინოზებს, ხმოვანებით უკვე განწირულთ უფრთო ღმერთისგან, უძღვენით წყევლა, დანაოჭებული ხელების ცაში აპყრობით. რომ უფრო მძაფრად, უფრო მწველად შეისმინონ თქვენი ვედრება. აგროვეთ ცრემლი დასამტვრევი გრაალებისთვის. შეიწირე ჩემი გოდება, ფრთებდალეწილო ანგელოზო, აღარავის შესაბრალისო ქარში თმებაწეწილი შეშლილის გარდა. ხელისკანკალით გამოწვდილ პურს რომ დააყრი ხარბად დარიშხანს და მოიშორებ „ზეციურად” გამოკვებილი სულის იმედად. მე არ მებრალება არც ერთი შვილი, გადარჩენილი პროკრუსტეს, მინოტავრს და ძილის ურჩხულს. მხოლოდ მშობელი უსუსურთა, რომელთა ბოლო დღეს ან ოთხშაბათს სიკვდილის შიშის ძლევა იქნება. არ გაწიროთ საბრალო სხეულები, დაელოდეთ წამებას ნელს და გემოვნებით რომანტიკულს. ყელში დაგროვილ ვერც ერთ ფურთხს ვერ აარიდებენ მაგდალინელს, ვერც ერთ ცდუნებას ვერ აპატიებს ევას ადამი. სამი კუდიანი გადაიქცევა ყურისწამღებ ხმად და ინატრებთ იმ სირინოზებს, რომ გაწირეთ სიმშვიდის ფასად. ტალახში ჩაფლული პირი საპნის ბუშტებად შიფრავს ენიგმას. მე ვერ გავაწნი სილას ლოყამოშვერილ გვამებს, ვერც მახვილს ჩავცემ დაცემული დემონის სულში. არც ერთი სიტყვა, მით უმეტეს, რაიმე მსგავსი სიყვარულისა ჩემს სულში არ ძევს. მე მეზიზღება ვერ დათრგუნული ეგოები, მცირედ ცოდვილი კლეოპატრა და საკუთარი უსუსურობა - ვერ მიღებული შეშლილის ლუკმა და ვერ ნთხეული სისხლი ყელიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
„სიამაყე მხოლოდ სიკეთის წინაშე იხრის ქედს“(მეფის მთელი მხედრიონი)