* * *
ველსა ჰასანისასა და სანახებსა ორი ძმა ჰყავს ობერონს და გალათეას, პირველს უცდის, როგორც გოდო გოდრის ქალებს. ჩალის ფასად აყიდინებ ძლიერ რამზესს ნეფერტიტის სიშიშვლეს და ანათემას არ გადამცემ. შენ, უხმო ჯვარი, მიჭდობილი ჩემს შიშველ მკერდს მაუზერივით, სუნთქვას არ მაცდი და თურმეობით ნათქვამ ტანკებსაც აღარ გახვევ თავს. უუფლებო ხელს ძირს ვხრი, ობერონ, მე - მშვიდი ლეში - ჭამას მთხოვენ დელფოსელები. მახრჩობდა ადრე, სხვა ორაკულის ტუჩით დაკოცნილ, თმით გამთბარ სახეს რომ ვუყურებდი. თრომბირებული სისხლის კოლტები ცვივა ჭაში და გალათეა, გთხოვ, მოილოცე წმინდა მიწა - დაყრილი ევას ორკვადრატიან ვარდების ბაღში. იქნებ მოიკლას წყურვილი ბავშვმა - ამოგლეჯილმა შენი მუცლიდან და ჩემი ზიზღიც გავაყოლო ქანაანელებს. სხეულს, ნატანჯს და მცირედ გაყინულს თაფლადაც აღარ ესევიან ჭიანჭველები - გადავიღალე, მასვენებს ღმერთი სანამ თავიდან გამახსენებს შენს ზიზღს და ქალაქს - კომალას მგზავრებს აჩრდილი დასდევს. ტყვიის ნასხლეტებს დავაგროვებ ჭიისგან დაჭმულ, ცვილიან თვალში. გეშინოდეს შენ ჩემი მზერის და ვერ მოკლული ნეირონების. ველსა ჰასანისასა და სანახებსა, ორ მკვდარ ძმას და გულდალეწილ ქალებს გლოვობს გალათეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი