ჩემი გალაკტიონი


ჩემი გალაკტიონი
( მეორე)
 
,,უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან“
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
 
     წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე , ჩემი შეხედულებები და შთაბეჭდილებები გალაკტიონ ტაბიძისადმი , ძირითადად,  ბავშვურ  ემოციებზე  იყო დამყარებული. ერთადერთი, რისი დანახვა და აღქმაც შემეძლო , პოეტის სევდიანი და ტკივილით სავსე შინაგანი სამყარო იყო , რომლის მიღმაც ძლიერი , მებრძოლი , შეუპოვარი და მწვერვალზე მდგომი პოეტი ვერ შევნიშნე. მარტოსულობა თითქოს განაჩენად მქონდა მიჩნეული , რეალურად კი უნდა მეფიქრა,  როგორი ძლიერები არიან ასეთი  ადამიანები. გალაკტიონის პოეზიაში მარტოობა და სევდა არა მხოლოდ პიროვნული განცდების გამოხატულებაა , არამედ მაძიებლური პროცესია , რომლის შედეგად აღნიშნული ემოციები  პოეტის ძლიერ ფსიქოლოგიას აყალიბებს  .  გალაკტიონის პოეზიაში არსებული ტკივილი ღრმა შინაარსის მატარებელია. ეს არის სულიერი თავგადასავალი, რომელიც აიძულებს ავტორსა და მკითხველს , საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩახედვას. სევდიანობა ხშირად შთაგონების წყაროდ იქცევა , რომელიც პოეტს შესანიშნავი სტრიქონების შექმნისკენ უბიძგებს . ამის გამო, იგი  ხდება უფრო მეტად მგრძნობიარე , რაც აძლიერებს უნარს , ღირსეულად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს .
 ჩემი  გალაკტიონის პოეზია იმ იშვიათ  გრძნობას მიტოვებს , რომელიც მახსენებს , რომ  სევდა და ტკივილი არ არის ცხოვრების სასჯელი. ჩვენს შიგნით არსებული თითოეული განცდა  პიროვნული ზრდის გარდა,  შემოქმედებითი ენერგიის წყაროდ შეგვიძლია  ვაქციოთ . ადამიანები არ უნდა გავექცეთ ჩვენს რეალობაში არსებულ რთულ სიტუაციებს და უნდა მივიღოთ ყველაფერი, რასაც ცხოვრება გვთავაზობს . სწორედ შინაგანი კონფლიქტია ჩვენივე თავის პოვნის ერთ-ერთი  საშუალება და მნიშვნელოვანია, სწორად გამოვიყენოთ ისინი და მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება  .  სევდა იყო გალაკტიონის უნიკალურობის მიზეზი.  ტკივილს ვერსად გაურბოდა და  ხვდებოდა , რომ თითქმის შეუძლებელია  ადამიანმა ვინმეს გაუყოს თავისი სულიერი ტვირთი. ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს პირად პრობლემებსა და სულიერ განცდებს , თუმცა სხვისთვის მათი ანალოგის გადაცემის ფაქტი ბუნებაში არ მოიპოვება . ხშირად ვიღებთ თანაგრძნობას ჩვენი ახლობელი ადამიანებისგან , მაგრამ მათ მხოლოდ სარკისებურ ანარეკლში შუძლიათ დაინახონ ჩვენი შინაგანი მე . ,,ვწუხვარ ერთადერთი ვარ“- წერდა პოეტი, რითაც კიდევ ერთხელ მიგვითითებდა თავის უნიკალურ შინაგან სამყაროზე. უნიკალურობა მისი უკვდავების ერთგვარი საწყისია.  
   ჩემი გალაკტიონი აღარ არის ბავშვი, თუმცა ნამდვილად  არის უკვდავი და გენიალური . პოეტს თავისი ცხოვრებისა და განვითარების გზა მარტივად არ გაუვლია. მისი ლექსები ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვრებს უახლოვდება, რაც გვახსენებს , რომ გრძნობები, ემოციები, იდეები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი  ფიზიკური არსებობა. პოეტი მუდმივად  იბრძოდა შეექმნა დიდებული ხელოვნების ნიმუში , რომელიც ისტორიულ და მარადიულ ფიგურად აქცევდა მას. მიუხედავად ფიზიკური სიკვდილისა, გალაკტიონი ცოცხალია , რადგან მისი ლექსები ამარცხებს ფიზიკურ სამყაროში არსებულ დროსა და სივრცეს .
   საბოლოო ჯამში, ჩემთვის გალაკტიონი არ არის მხოლოდ პოეტი . მისი სევდიანი, მაგრამ ამაღლებული სიტყვები ბავშვობიდან მახსოვს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაძლიერებს . თუ ადრე მისი პოეზიის სიდიადეს ბოლომდე ვერ ვხედავდი , დღეს ვიცი , რომ გალაკტიონ ტაბიძე არა მხოლოდ ,,პოეზიის მეფე“, არამედ ,,რაღაც სხვაც არის“ , რაც ჩემთვის  უდიდეს სულიერ სიმაღლეს განასახიერებს . ეს სიმაღლე , ვფიქრობ , ყველაზე კარგად გამოხატავს თავისუფლების არსს. ,,მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს“ - დიახ, ის ნამდვილად იყო და არის არა ჩვენებური , ინდივიდუალიზმითა და განსაკუთრებული ნიჭით  დაჯილდოებული სული, რომელმავ  ჩვეულებრივი ადამიანისთვის იდუმალი საკითხები  , პოეზიაში გააცოცხლა და   მარადიული ბრწყინვალება მიანიჭა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი