მირზა გელოვანი


მირზა ( რევაზ) გელოვანი
    მირზა (რევაზ) გელოვანი დაიბადა თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში. იზრდებოდა თიანეთში. მას  კიდევ შვიდი დედმამიშვილი ჰყავდა. მომავალმა პოეტმა აქვე, თიანეთში დააამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და 19 წლის ასაკიდან ცხოვრობდა თბილისში, უნივერსიტეტშიც თავისუფალ მსმენელად დადიოდა .    
 მირზა ლექსების წერას ძალიან ადრე , 6 წლის ასაკიდან იწყებს . სამწერლობო ასპარეზზე 1935 წლიდან ჩნდება . მისი ლექსები ამავე წელს იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში. პოეტის პირველი ლექსი იყო ,,თეთრი მიწა“ , რომელიც რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში. მირზა მუშაობდა გამომცემლობა ,,ფედერაციასა“ და ,, საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში.
  აღნიშნული პერიოდიდან 4 წლის შემდეგ პოეტი წითელ არმიაში გაიწვიეს . მისი ლექსების დიდი ნაწილი საბრძოლო ფრონტზეა შექმნილი. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, მირზა გელოვანი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მდინარე დვინის გადალახვის დროს მოკლეს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა ბიჭის სხეული უპოვნიათ და სანიკის ძმათა სასაფლაოზე დაუკრძალავთ. მისი ლექსების კრებულები გამოიცა 1954 წლიდან.თავდაპირველად იყო კრებული ,,ლექსები“, შემდეგ ,,შავნაბადა“, ,,ფრონტული ლექსები“, ,,თეთრი მიწა“, ,,ცხრაკარა“, ,,უბის წიგნაკიდან“.
 რა თქმა უნდა , მძიმე ხვედრი ერგო ახალგაზრდა პოეტს . ეს სიმძიმე მის ლექსებში გამოვლინდა, რომლებიც უმეტესად სამშობლოსა და ქართველ ხალხს უძღვნა . ომის პერიოდში დაწერილი ლექსები სევდიანია . მათ მძიმე სულიერი ტკივილი გასდევთ , მაგრამ მირზას გამარჯვების იმედი არასდროს არ დაუკარგავს და ღირსეული მამულიშვილი ყოველთვის თავგანწირვით იბრძოდა. მის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ:
,, მჯერა , მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”                      
                                                                                             მ ი რ ზ ა 1941წელი
ბევრს წერდა პატრიოტულ თემებზე. განსაკუთრებით ყურადსაღებია მისი ფრონტული ლექსები. მაგალითად გავიხსენოთ მისი ლექსი ,,ძმათა საფლავთან“, რომელიც თარიღდება 1941 წლით :
,,როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას“
 
მძიმე და ემოციური ლექსია ,,შენ“:
 
,,შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.“ - პოეტი ომის თვითმხილველს მიმართავს . მას არ სცალია იმისათვის რომ შედრკეს , მოდუნდეს , გმირმა ვაჟკაცმა თავადვე უნდა სძლიოს სიკვდილს და გადარჩეს. ლექსი შიშის დათრგუნვისა და წინააღმდეგობის გაწევის იდეას ატარებს .
შედარებით უფრო ადრეული, ომამდე დაწერილი პატრიოტული ლექცია ,,ცხრაკარა“. ის 1938 წელს თიანეთში შეიქმნა. პოეტი იმ  ,,მდუმარე“ ციხის შესახებ გვიყვება , რომლის კედლებმაც ისტორიის უძველესი ელემენტები შემოგვინახეს . მდუმარე ციხე სევდიანია, არაფერს აღარ ამბობს , მხოლოდ ეულად დაყუდებულს ყოველდღე თითო ლოდი სცვივა და ,,მტკივნეულად“ ოხრავს . უჩვეულო არ არის , რომ ამ გარემოში , აჩრდილების გარემოცვაში ხვდება პოეტი თავის ბავშვობას :
,,დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი,
- როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.“
ომში წასვლამდე პოეტის უკანასკნელი ლექსი იყო ,,განშორება“:
,,მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.“ - პოეტი სევდიანი განწყობილებით ემშვიდობება სატრფოს და დაბრუნების , გამარჯვების იმედით მიდის .
უთუოდ ჩაქსოვილია წინაპრებისა და სამშობლოს სიყვარულის უდიდესი გრძნობა ლექსში ,,ფანდური“. პოეტი გვესაუბრება რუსთაველის , გურამიშვილის , ვაჟას ფანდურებზე და ამბობს : ,, ხომ იცით, ხალხის გულებია ეს ფანდურები. შევეხოთ ისე, ჭუჭყიანი ხელი არ იყოს;“ - ასეთი წმინდაა მისთვის წარსული. ამ და( არა მხოლოდ ამ ) ლექსს მთიულური ფოლკლორის მელოდიურობა , სილაღე და აზრიანობა ახასიათებს . ომის პერიოდამდე შექმნილ ლექსებში აშკარად გამოსჭვივის მთის მოტივი.
   პოეტ მირზა გელოვანს ძალიან უყვარდა ტრაგიკულად გარდაცვლილი , ეპოქის უკუღმართობას შეწირული ტიციან ტაბიძე. მირზამ მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნა , რომელთა შორის არის სონეტებიც . 1938 წელს დაწერა სონეტი ,,ტიციანს“. ტიციანის შემოქმედებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ლექსში ,,სადღეგრძელო“ მირზა წერს:
,,და ტიციანი რომ სვამდა ღვინოს,
სისხლივით ფერი ტუჩს შეაწება“ - ეს სიტყვები ტიციანის ცხოვრებისა და ბედისწერის ამსახველია . ,,სისხლივით ფერი“- თითქს სიკვდილია , ,,ღვინის სმა“- ბოჰემურ ცხოვრებაზე მიგვანიშნებს.
როგორც თამარ ბარბაქაძე აღნიშავს , ტიციანის მსგავსად მირზა გელოვანსაც ჰყვარებია თეთრი მიხაკის გულზე დაბნევა . თეთრი ფერი მას განსაკუთრებით იზიდავდა . ,,თეთრი მიწა“, ,,მარმარილო“ ამის დასტურია .
,, თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.“- ,,თოვლი“
ასევე , ,,ჩვენ განვშორდებით;
,,ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი“
  მირზა გელოვანმა თავისი შემოქმედებით საინტერესო კვალი დაამჩნია ქართულ პოეზიას. მის ლექსებში ემოციური და ნათელი მხატვრული სახეები გვხვდება . თავად პოეტი თავის პირველ ლექსებს ,,მზის კაცის“ ფსევდონიმით წერდა. მზე - სინათლისა და სითბოს  წყარო, ერთ-ერთი პოეტური სიმბოლოა. მოგვიანებით ,,მირზა“ არჩია და პოეტურ სამყაროშიც ამ სახელით დამკვიდრდა.   მირზა გელოვანის ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობებიც იყო. ჩვენამდე მოღწეულია ცნობა , რომ თავდაპირველად იგი ეტრფოდა პოეტ ალაზა ხაიაურის დას- სარას, მაგრამ მათი სიყვარული უთქმელი დარჩა , რადგან სარას უფროსი ძმები მირზასთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა მარიამ ცალუღელაშვილი, რომელსაც მირზამ ცოლობაც კი სთხოვა. მარიამის ხელი  მირზას ოჯახმა არ ითხოვა და ამიტომ, იგი სხვა კაცს მისთხოვდა. ეს რომ მირზამ გაიგო ლექსიც კი დაწერა,  სახელწოდებით ,,მწყემსის მუქარა“ :
,, ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ
სისხლს გავუშვებ ღვარადა“
ამ ისტორიას ეძღვნება ფსევდონიმ ,,მირზას“ გაჩენაც. ( შალვა სისაურის მოგონება)
პოეტის უკანასკნელი სიყვარული იყო თინა მაქსიმელიშვილი . სწორედ ამ ქალს უძღვნა გელოვანმა ცნობილი ლექსი ,,ნუ მწერ“:
,,ნუ მწერ რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს....“ - თინას ნაჩუქარ იებს მირზა გელოვანი ფრონტის ხაზზეც გულის ჯიბით დაატარებდა .
მირზას გარეგნულადაც ძალიან კარგად ახასიათებენ , ამიტომ გასაკვირიც არ არის , რომ მის ცხოვრებაში ხშირად ჩნდებოდნენ ქალბატონები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი