ქუდი
ქ უ დ ი მინდა ვაღიარო, რომ მაქვს ერთი განსაკუთრებული თვისება , რაც ჩემს არსებას დაბადებიდან ახასიათებს - ძალიან მიყვარს ფიქრი, განსაკუთრებით კი წარსულზე . ჩემი სევდიანი, აზრებში ჩაძირული თვალები , ხშირად უჭვრეტენ წარსულის დღეებს და მტკივნეულ თუ მხიარულ მოგონებებს ეალერსებიან. ამ მოგონებებში ხან კლასში მერხებს შორის დავრბივარ , ხან მერვე სართულის აივანიდან მეზობლად მცხოვრებ უცნობ ბავშვს ვესაუბრები , ხანაც დაუკითხავად მივიპარები ეზოში სათამაშოდ . მოგონებები მეტად ტკბილია , მაგრამ ზოგიერთი ტკბილ-მწარე . ჩემი ერთი ამბავი ასე დაიწყო: თორმეტი წლის ვიყავი , როდესაც თბილისში ნაქირავები სახლი დავცალეთ , სკოლა და კლასელები იძულებით მივატოვე და ძველი ცხოვრება ელვასავით გაქრა . ახლაც თვალწინ მიდგას როგორი ცივი, დაღლილი და უხმო იყო სახლი . ძალით გამთბარ ლოგინში ვიწექი გულაღმა, თითოეული წამი უფრო და უფრო გვაახლოვებდა განშორებასთან, საბოლოოდ კი დავშორდით... ამის შემდეგ იყო სოფელი , სადაც ჩემი ბავშვობის სრულიად განსხვავებული პერიოდი დაიწყო. ვერ ვიტყვი რომ იქ გატარებული წლები გასახსენებლად ცუდია , თუმცა მიჩვეულის გადაჩვევა ძალიან გამიჭირდა და მუდამდღე სევდიანობა დამჩემდა . სოფლის ბუნებამ არ მიუკადრისა, მიიღო ჩემი ფაქიზი, ბავშვური გული და შემიყვარა , როგორც მშობელმა დედამ , მაგრამ ქალაქის მონატრებასთან ვერაფერი გააწყო რა .... წლები გადიოდა. ალბათ იფიქრებთ რომ უდაგავზრდილიყავი, ყველაფერი გამეანალიზებინა, გარემოს შევგუებოდი და წარსულის ტრავმა დამევიწყებინა,მაგრამ არასდროს , არც ერთი წუთით არ დამვიწყებია ჩემი ძველი ცხოვრება, ძვირფასი მეგობრები და კლასელები. მათ სახელსა და გვარებს ფიქრებში ხშირად ვიმეორებდი , მათ სახეებს წარმოვიდგენდი და ვნატრობდი გაზრდილი წრიპას, აჩოსა და ხუჭუჭას ოდესმე კიდევ ერთხელ ხილვას. ხშირად იმასაც ვფიქრობდი, ნეტავ ისევ თუ ვახსოვარ , ნეტავ სადმე რომ შემხვდნენ , თუ მიცნობენ მეთქი.დრო გადიოდა , მაგრამ ჩემი ბავშვური სიყვარული და მონატრება , არასდროს გამქრალა. რა თქმა უნდა, გავიზარდე . ცხოვრებამ სრულიად სხვა , სიახლეებით სავსე კარი გამიღო . კიდევ ერთხელ მომიწია ჩემი საცხოვრებელი სახლის დატოვება და ისევ სევდით სავსე ქალაქში, თბილისში გადმობარგება . სტუდენტური წლები სრულიად განსხვავებული ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა . ჩამოვედი და იმედებით სავსე გუდაც ჩამოვიყოლე , რომელშიც მთელი ჩემი მომავალი მქონდა გამომწყვდეული . ცხოვრების რიტმი შეიცვლა , გავიცანი უამრავი ადამიანი და ბევრი მეგობარიც შევიძინე , თუმცა არცერთს არ აღმოაჩნდა ისეთი მძიმე ხელი, როგორიც ბავშვობის მეგობარს. დიახ ,გასაკვირია , მაგრამ ჩვენ შევხვდით. ერთ საღამოს უნივერსიტეტიდან დაღლილი ვბრუნდებოდი შინ . მეტროში უამრავი ადამიანი ირეოდა. ძლივს მოვნახე ჩემთვის განკუთვნილი ერთი პატარა კუთხე და ისე ავიტუზე , როგორც მშიერი და ნაცემი ძაღლი აეტუზება ქუჩის კუთხეს . ირგვლივ არავინ შემითვალიერებია , მხოლოდ საკუთარ ფიქრში ვიყავი გართული. მალე მატარებლის ვაგონიდან გამოვედი და სვლა განვაგრძე. მოულოდნელად კი მხარზე მძიმე ხელი შემეხო: - მარიამ , ეს შენ ხარ ? - დიახ , შენ ...შენ ლუკა ხარ ? ,- ვუყურებდიდაბნეული და გაოცებული ჩემ წინ გოლიათივით აღმართულ ბიჭს. - კი , მე ვარ , ლუკა. - შენ მე გახსოვარ? - შენს მწვანე ქუდს რა დამავიწყებდა ,- მიყურებს და იცინის. - მწვანე ქუდი ... ეგეც გახსოვს ? იცი როგორ მიყვარდა ეგ ქუდი? - მახსოვს , მახსოვს , მე შენ ძალიან კარგად მახსოვხარ - სხვებსაც ვახსოვარ? - იცი , ჩვენ სკოლა დავამთავრეთ. ვინც ბოლომდე დარჩა და არ გადავიდა, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს და კი, შენ ყველას ახსოვხარ ! ..., აღარ მახსოვს ამის შემდეგ რაზე ვისაუბრეთ და როგორ დავშორდით ერთმანეთს , მაგრამ ჩემს მეხსიერებას სამუდამოს ჩაებეჭდა მისი სიტყვები და მწვანე ქუდი , უბრალო, ხელით ნაქსოვი ქუდი , რომელმაც ბავშვობის მეგობრებს ჩემი თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ვიხსენებ ხოლმე მწვანე ქუდს და ბედნიერებით ვივსები. აი, ეს მოგონებაა ჩემთვის ტკბილ-მწარე . ტკბილი , რადგან ბავშვობას და მეგობრობას ეხება, მწარე - რადგან მწვანე ქუდი სამუდამოდ დავკარგე ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი